ირაკლი ღარიბაშვილი BP Group- ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი BP Group- ის აღმასრულებელ დირექტორს რობერტ დადლის შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი გაზსადენის – შაჰდენიზის პროექტს.
„ჩვენ პრემიერ-მინისტრს მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია შაჰდენიზის პროექტის მიმდინარეობის შესახებ. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პროექტი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით გაზს მიაწვდის თურქეთს, საბერძნეთს, ალბანეთს. მე დღეს დავათვალიერე გაზსადენის მშენებლობა. ეს პროექტი უახლოეს მომავალში საქართველოს 2 ათასამდე სამუშაო ადგილს მოუტანს. საქართველოში უკანასკნელად 2000 წელს ვიყავი და დღეს პრემიერ-მინისტრს გავაცანი ჩემი შთაბეჭდილებები იმ უდიდესი პროგრესის შესახებ, რომელიც სახეზეა“, - აღნიშნა რობერტ დადლიმ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ BP Group – ის რეგიონალური პრეზიდენტი გორდონ ბირრელი, ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ქუქი, BP Group – ის საქართველოს ხელმძღვანელი კრისტოფერ შლუეტერი, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი.