ამირან ბუთურიშვილი: „იქნებ ცოცხები მოგენატრათ, იქნებ აბოდებთ მიშა სააკაშვილზეც!“
„ივერიონს“ ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა, ამირან ბუთურიშვილმა საგანგებო სტატია გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ამას ელოდება საქართველო? ეს არის დემოკრატია ქართული აქცენტით? იქნებ მართლა აირჩიოთ ნაცმოძრაობა, იქნებ ნიკა მელია გესიზმრებათ თბილისის მერად, იქნებ ცოცხები მოენატრათ, იქნებ გაბოდებთ მიშა სააკაშვილზე? იქნებ დაგაბნიათ ქართულმა ოცნებამ?..
რა დროს ოცნებაა, როცა რეალობაა უფსკრულის პირას დგომა? 10 დღე გვაშორებს არჩევნებს და ქართველთა ნაწილს ვერ გაუგია, რა შეიძლება მოყვეს მათ გაუაზრებელ არჩევანს.
პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა გამოსვლამ დამარწმუნა, რომ არც მას აქვს გააზრებული ქართველი ხალხის გაუაზრებელი არჩევანის შედეგი- ჩვენ ოცნების დრო არ გვაქვს, დროა დავბრუნდეთ რეალობაში და ყველა ხერხით, ყველა გზით ამოვძირკვოთ ცხოვრებიდან„ ნაციონალური მოძრაობა“.
რა დროს დემოკრატობანას თამაშია, როცა ისინი, ნაციონალები - მტარვალები და ქვეყნის დამაქცევრები - ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებენ?! შემზარა იმის გაგებამ, რომ, თურმე მოსამართლეთა ერთი ნაწილი, რომლებიც ნაციონალი ბანდიტების მიმართ სამართლის დადგენას "ცდილობენ", ამავე პარტიის თუ მოძრაობის წევრები ყოფილან.
საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა ყოფილა დედამიწაზე. მაშ, რაღას გვიკიჟინებენ ჩვენზე ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნები? რას მოგვიწოდებენ და საით მიგვაქანებენ? რატომაა ნატოს კარი ღია ჩვენთვის ამდენი ხანია და რატომ ვერ შევდივართ ამ ღია კარში? რა, თვალები არ გვაქვს? ვერ ვხედავთ, რომ კარი ღიაა? ყველას უფლებებს ჩვენთან უნდა ვიცავდეთ? ყველა რჯულის არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენში უნდა არსებობდეს? ასეთმა ტოლერანტობამ ხომ არ მოგვიყვანა დღევანდელ რეალობამდე?
10 დღე არ არის დიდი დრო. 10 დღე გვაშორებს უფსკრულს. დაფიქრდით! დაივიწყეთ სამუდამოდ„“ ნაციონალური მოძრაობა“! დღეს ვიღაცები ვიღაცების დავალებით თუ რჩევით, ცდილობენ ამ მოძრაობა-უძრაობის გადარჩენას და პოლიტიკაში შენარჩუნებას. ყველაფერი ქართველ ამომრჩეველზეა დამოკიდებული.
ყურადღებით ქართველებო! ნუ დავღუპავთ საქართველოს და ნუ წავართმევთ ჩვენს ერთადერთ სამშობლოს მომავალს! რა დროს ოცნებაა, როცა რეალობა საშინელებაა და ისევ ნაცმოძრაობა გვემუქრება ხელისუფლებაში დაბრუნებით! და როცა დღევანდელი ხელისუფლება მათ ამის დიდ საშუალებას სთავაზობს მსოფლიოს დასანახად დემოკრატობანას თამაშით!
გახსოვდეთ ქართველებო - "- რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი! - ხმლით შემოვარდნილა ერეკლე ბატონი…" მაპატიეთ, თუ რამე ისე ვერ ვთქვი, როგორც ამას ქართული პოლიტიკა და ქართული დემოკრატია ითხოვს...“