საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ნებისმიერ კითხვას გასცემს პასუხს
"ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მიზანმიმართულად ცდილობს დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას"
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა პოლიტიკური ქულების მოპოვების მიზნით, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას მიზანმიმართულად ცდილობს.
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მიზანმიმართულად ცდილობს დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას მთავრობისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის შესახებ და ამგვარად ცდილობს პოლიტიკური ქულების მოპოვებას. დღეს, როდესაც საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს სამინისტროს საქმიანობას, განსხვავებით წინა წლებისაგან, როდესაც სამინისტროს საქმიანობა ბურუსით იყო მოცული, ჩვენი ნებისმიერი საქმიანობა გამჭვირვალეა და არ ვმალავთ არც წარმატებებს და არც იმ პრობლემებს, რომლებთანაც გვიწევს გამკლავება. 2012 წლის არჩევნების შემდეგ სამინისტრომ მენეჯმენტის თანამედროვე პრინციპებით წარსულს ჩააბარა სახელისუფლებო ძალადობა, როგორც მართვის ფორმა. საბიუჯეტო რესურსების ათვისება არამიზნობრივად და მხოლოდ მაღალჩინოსნების პირადი შეხედულებისამებრ შეიცვალა საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული პროექტებით. საგულისხმოა, რომ 2012 წლის დეკემბრიდან არ არსებობს კომპანიების ან კერძო პირების საკუთრების ხელყოფის არც ერთი ფაქტი; სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობა გაუჩნდა უკლებლივ ყველა მეწარმე სუბიექტს, რაც წარსულში მხოლოდ ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაახლოებულ პირებსა და კომპანიებს შეეძლოთ. წარმოდგენილ გრაფიკზე ჩანს, რომ 2013-2014 წლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინვესტიციო აქტივობა პერმანენტულად და მაღალი ტემპებით იზრდება. ამ პერიოდში განხორციელებული სამუშაოების მოცულობა აღემატება ყველა წინა წელს, 2011-ის გარდა.
აღნიშნულ სპეკულაციებზე პასუხის გასაცემად და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე საზოგადოების უფრო სრულყოფილი ინფორმირების მიზნით (მათ შორის 2011 წლის მაჩვენებლის შესახებ), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პარასკევს, 6 ივნისს, ყველა მედიასაშუალებისთვის გამართავს პრესკონფერენციას, სადაც ნებისმიერ კითხვას გაეცემა პასუხი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.