რატომ უპირისპიდებიან კოლეგები რიტა წაქაძეს ანუ აურზაური ქუთაისში
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. საქმე ეხება ბიბლიოთეკაში დაცული ეროვნული საგანძურის ფაქტს. პერიოდული განყოფილების უფროსის მაია მიქაბერიძის თქმით, 2009 წელს ბიბლიოთეკაში იშვიათი გამოცემების განყოფილება შეიქმნა, რომელსაც სათავეში ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე რიტა წაქაძე ედგა. მაია მიქაბერიძე რიტა წაქაძეს განყოფილებაში იშვიათი გამოცემების შენახვის პირობების არარსებობის გამო ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური პერიოდული გამოცემათა დიდი ნაწილის დაზიანებისთვის ადანაშაულებს.
რიტა წაქაძე მიქაბერიძის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. როგორც "ქუთაისი თუდეის" წაქაძემ განუცხადა, მის მიმართ განზრახ მიმიდნარეოს საქმის შეკერვა, მაია მიქაბერიძეს და კიდევ ერთ–ერთ ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს ნინო ძოწენიძეს სურს, რომ მან მალე დატოვოს სამსახური.
ჩვენ საქმეში უფრო კარგად გარკვევისთვის აღნიშნულ ფაქტზე ვესაუბრეთ რიტა წაქაძეს.
-ქალბატონო რიტა, რატომ გადანაშაულებენ პერიოდული გამოცემათა დიდი ნაწილის დაზიანებისთვის და რას უპასუხებდით მათ?
–ისინი მადანაშაულებენ, თითქოს ჩემი დაუდევარი გადაწყვეტილების შედეგად, ბიბლიოთეკაში დაიხა ეროვნული საგანძური. საქმე ეხება პერიოდულ გამოცემას, რომელიც ინახებოდა იშვიათი გამოცემების განყოფილებაში. ამას ამბობს ერთი ჯგუფი, ეს არის დირექტორის მოადგილე ნინო ძოწენიძე, პერიოდიკის განყოფილების გამგე მაია მიქაბერიძე და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი, დები გვენეტაძეები და დალი სულაკაური. მინდა გაგაცნოთ 2008 წელს გაზეთ"პოსტკრიპტუმში" დაბეჭდილი მასალა, სადაც მე თვითონ ვამბობ, სასურველი არის, რომ დროულად მოხდეს ბიბლიოთეკაში იშვიათი ფონდის შექმნა, რადგან ზოგიერთი გამოცემა ისეა დაზიანებული, მიუხედავად დიდი მცდელობისა ალბათ აღდგენა ბოლომდე ვერ მოხერხდება. სწორედ, რომ 2009 წელს შეიქმნა ეს ფონდი და აქ გადმოიტანეს ყველა ის უნიკალური წიგნი, რომელთაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა აღდგენითი სამუშაოები. მე ამაზე 2008 წელს ვსაუბრობდი, ახლა 2014 წელია, თუ არ იყო დახეული, რატომ ვიტყოდი ამას? რესტავრაციის განყოფილება მაშინ დავაფუძნეთ, როცა ბიბლიოთეკის დირექტორად მერაბ გვაზავა დაინიშნა. რაღაც ელემენტარული თანხის საშუალება გაჩნდა, დავაფუძნეთ ეს რესტავრაციის განყოფილება და შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ იშვიათები დაგვეფუძნებინა, იმიტომ რომ წიგნები მთლიანად იყო გაბნეული. ცალკე იშვიათი განყოფილება არ იყო, არ არსებობდა ჩამონათვალი, თუ რამდენ წიგნს ფლობდა ბიბლიოთეკა. რესტავრატორები თბილისში გადავამზადეთ, სწავლობდნენ წლების განმავლობაში. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ კარგი სპეციალისტები იზრდებიან, მაგრამ ჯერ არ არის ეს ადამიანები იმ დონეზე რომ იშვიათ გამოცემებს შეეხონ. ამიტომ მუშაობდა ჩვეულებრივ ფონდზე, მოგვიანებით კი დავიწყეთ ნაწილი წიგნების რესტავრაცია, მაგრამ პერიოდულ გამოცემებს არ შევხებივართ, მხოლოდ წიგნებით დავიწყეთ, იმიტომ, რომ ცოტა ფართი სჭირდება. ესენი გვედავებიან, რომ იშვიათებში პერიოდული გამოცემა და წიგნები დაუდევრად გადაიტანესო, არანაირი დაუდევარი გადატანა არ ყოფილა. აქაურობა გარემონტდა, საუკეთესო რკინის თაროები შევარჩიეთ, ჩვეულებრივად ჩამონათვალი გაკეთდა. ისინი გადმოვიტანეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბიბლიოთეკის საცავი განყოფილებიდან 140 ცალი უნიკალური რუსული წიგნი იყო დაკარგული, მაგრამ როდის დაიკარგა არ ვიცით, რადგანაც მე გარკვეული წლები ბიბლიოთეკაში არ ვმუშაობდი. მე მაშინ დავბრუნდი სამსახურში, როდესაც აქ მერაბ გვაზავა მოვიდა.
–სამართალდამცავებს თუ მიმართეთ?
–რა თქმა უნდა, მაშინვე პოლიციაში განვაცხადეთ. პოლიციის მოთხოვნით გაკეთდა ჩამონათვალი და საცავის თანამშრომლები მთლიანად გათავისუფლდა. დღესაც არ ვიცით რა მოხდა.
–დავუბრუნდეთ მთავარ თემას, თქვენი საუბრიდან გამომდინარე რეალურად დანაშაული არ იკვეთება.
–აპელირებას აკეთებენ, აქტი არასრულად იყო გაკეთებულიო. საქმე იმაში გახლავთ, რომ საბიბლიოთეკო წესის თანახმად აქტი უნდა შეადგინოს იმ განყოფილებამ, საიდანაც გადის ფონდი. ანუ, ეს უნდა გაეკეთებინა ქალბატონ მაიას. მართლა ვერ გავიგე და ვსვამ ასეთ კითხვას, თუ ჩვენ ჟურნალ გაზეთებს დაუდევრად ვექცეოდით, წიგნები რატომ არ არის დახეული? შევჭამეთ ეს პერიოდული გამოცემები. რაც გამოიტანეს პერიოდული განყოფილებიდან და შეიტანეს, აგერ არის ჩამონათვალი. გარდა ამისა, 2006 წელს მაია მიქაბერიძე გაზეთ "პოსტსკრიპტუმში" წერს, თან ახლავს ფოტოები. თავად ინტერვიუში საუბრობს, ორ საუკუნოვან უნიკალურ პრესას ჭია ჭამს, რესტავრაციას საჭიროებს, უფრო ბოლოდროინდელი პრესა კი ყდის გარეშე იხევა და ნადგურდება, მერე კიდევ უწერია, ჩვენ ამ პერიოდიკის დარბაზით ვამაყობთ. 2009 წელს ჩვენ რა ვუქენით, შევჭამეთ და გავანადგურეთ? 25 წელი ბიბლიოთეკაში ვმუშაობ, ერთი ხელის მოსმით გავანადგურებდი უნიკალურ გამოცემებს? ძალიან სისულელეა, რასაც მედავებიან. კიდევ ერთი ბრალდება ჰქონდათ, ერთმაეთზე გეწყოთ სამი ეგზემპლარიო, თქვენ ხედავთ დარბაზში როგორ ეწყო, ოცდაათი ერთეული როგორ არის შეკუჭული. რამდენიმე გამოცემაა, რომელზედაც თავისდროზე, მეც ვამბობ რომ ესენი იყო ძალიან გაფუჭებული, სიძველის გამო, თან მაია მიქაბერიძე აცხადებს, თუ დახეული იყო, რატომ გადაიტანეს იშვიათ გამოცემებშიო, მერე რა, დახეული რომ იყო! ვეფხის ტყაოსნის დედანი დახეული, რომ ნახოს ვინმემ, გადააგდებს?
–რას უკავშირებთ თანამშრომელთა ბრალდებას?
–ყველაფერს ვუკავშირებ ჩემს მიმართ პირად ანგარიშსწორებას, ჩემი გაშვება უნდათ სამსახურიდან. პირდაპირ ითხოვენ დირექტორისგან, რომ რიტა წაქაძე გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან. ეს არის პირდაპირი დარტყმა რიტა წაქაძეზე. –როგორც ვიცით ქალბატონი ნინო ძოწენიძე ბიბლიოთეკაში ახალი მოსულია, ის მანამდე არ იცნობდა, თუ რა მდგომარეობაში იყო უნიკალური პერიოდული გამოცემა? –ქალბატონი ნინო ჩვენთან 2013 წელს მოვიდა. მოსვლიდან განაცხადა, არის პატრიოტი და განადგურებულ პერიოდულ გამოცემას, რომ ხედავს გული უსკდება. რა იცის ქალაბატონმა ნინომ, 2009 წელს ჟურნალ გაზეთები რა მდგომარეობაში იყო. მას ხომ არ უნახავს, ახლა რაზე უსკდება გული? ნინო ძოწენიძეზე ნაკლები პატრიოტი თუ ვარ, შემარცხვინა საერთოდ უფალმა. ძოწენიძეს ნამდვილად აქვს დამთავრებული საბიბლიოთეკო ფაკულტეტი, მეც არანაკლებ განათლებული ვარ, პროფესიით ისტორიკოსი გახლავარ. როგორც კი დავამთავრე უნივერსიტეტი მოვედი ბიბლიოთეკაში, მოვკიდე ხელი ამ საქმის შესწავლას.
2004 წლიდან დღემდე 10 პროექტი მაქვს განხორციელებული და 15 ივნისიდან ამერიკის შეერთებული შტატების პროექტი უნდა დავიწყო, მერე ლიტვის და პოლონეთის. ამდენს ვშრომობ, ამ ქალაქში ყველა მიცნობს. ვინც მე მიცნობს, ჟურნალ გაზეთები დავხიე მაგას ასი წეილი არ დაიჯერებს. კიდევ ერთხელ გეტყვით, ეს არის პირდაპირი შეტევა ჩემს პიროვნებაზე, მათ უბრალოდ რა უნდა დამაბრალონ, შრომის მეტი არაფერი მიკეთებია. იპოვეს ეს, რადგან დაზიანებულია, ესეიგი რიტამ გააფუჭა. ეს დაზიანებული იყო ჩემამდეც, ამის დასტური აგერ არის, დაბეჭდილია ადგილობრივ გაზეთში.
–როგორც ვიცით, აღნიშნული ფაქტის შესახებ პროკურატურას მიმართეთ?
-ბრალმდებლები არ წავიდნენ პროკურატურაში, ამიტომ ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, ასეთი თხოვნით, რომ შესწავლილი იყო ეს საქმე და თუ კი ჩვენი დანაშაული გამოიკვეთებოდა, აუცილებლად პასუხს ვაგებდით. პროკურატურამ გვითხრა, რომ არანაირი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
დავით ცხვარაძე