ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის, თბილისში ერთი პირი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული მერაბ მ. თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მერაბ მ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, „არმინიუსი“-ს ტიპის არარეგისტრირებული რევოლვერი 8 საბრძოლო ვაზნით, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „სტეჩკინი“-ს სისტემის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 78 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.