შენი უნახავი ღმერთმა არ გამწიროს, სოხუმო!

შენი უნახავი ღმერთმა არ გამწიროს, სოხუმო!

   არასამთავრობო ორგანიზაციის "გზა აფხაზეთისკენ" განცხადების შემდეგ, რედაქციაში აფხაზეთიდან დევნილი პოეტი ქალბატონის, როზა ყრუაშვილის წერილი შემოვიდა. პოეტი აფხაზეთის მონატრებას ლექსში ასახავს და  გულიდან ამოსულ ემოციების მკითხველს უზიარებს. მან ლექსის მკითხველისთვის მიწოდება ყოველგვარი კომენტარის გარეშე გვთხოვა, რადგან როგორც ტავად განაცხადა-"სიტყვები ზედმეტია, მთავარი გულია".

   ჩემო აფხაზეთო

ჩემო აფხაზეთო, როგორ მენატრები,

შენი დავიწყება განა შემიძლია?!

სულ შენზე ვილოცებ, სანამ ცოცხალი ვარ,

სანამ ფეხზე ვდგევარ და სული მიდგია.

ჩემო ტკივილო და ჩემო სანატრელო,

მინდა რომ გიმღერო, მინდა შენზე ვწერო,

მე შენზე ფიქრებში ვაღამებ, ვათენებ,

ჩემო ლამაზო და ჩემო მშვენიერო!

მე იქ გავიზარდე, იქ განვლე ბავშვობა,

იქ ჩემი სახლია, მშობლების საფლავი,

რისთვის გადაგთელეს? რატომ დაგარბიეს?

შენი შესადარი მხარე სხვა სად არის?

შენ, ჩემო სოხუმო, ლამაზო, ლურჯთვალა,

როგორ დაგიმტკიცო ჩემი ერთგულება?

მე შენებრ ლამაზი, შენებრ მშვენიერი

ქალაქი ამ ქვეყნად არსად მეგულება!

ჩემო შავო ზღვაო, ლურჯად მოკამკამევ,

როგორ მენატრება შენი სანაპირო,

იმაზე ვოცნებობ, იმაზე ვლოცულობ

შენი უნახავი ღმერთმა არ გამწიროს.

თუნდაც ერთხელ მაინც ფეხი დავაბიჯო

შენს მიწას, შენს ზღვაში ფეხებს დავისველებ,

მერე არ ვინანებ, თუნდაც იქვე მოვკვდე

და წავალ იმ ქვეყნად, მშვიდად განვისვენებ".

   მკითხველს შევახსენებთ, რომ ხვალ, 8 ივნისს ენგურის ხიდთან, არასამთავრობო ორგანიზაცია "გზა აფხაზეთისკენ" გამართავს ბრიფინგს, თემა: აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა. ბრიფინგი-აქცია ენგურის ხიდთან 14:00 საათზე დაიწყება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: