ლია რუსიაშვილი: ,,ძნელი სათქმელია, ვინ დგას დღევანდელი კანდიდატების უკან - კაკებე, ცეერუ თუ ეროვნული ძალა!"

ლია რუსიაშვილი: ,,ძნელი სათქმელია, ვინ დგას დღევანდელი კანდიდატების უკან - კაკებე, ცეერუ თუ ეროვნული ძალა!"

,,ივერიონს" ესაუბრა პოეტი ლია რუსიაშვილი.

-ქალბატონო ლია, წინასაარჩევნო პერიოდია, რატომ არ გააქტიურდა ქალთა საზოგადოება და არ დაასახელა თავისი კანდიდატურები მერობისა და საკრებულოს წევრობის პოსტებზე?

-სხვების ნაცვლად ვერ გიპასუხებთ, რატომ არ გააქტიურდნენ და არ დაასახელეს კანდიდატურები. ჩვენს შემთხვევაში ( ვგულისხმობ ორგანიზაცია "ოჯახს", რომლის დამფუძნებლებიც ვართ ასმათ მაჭავარიანი, ხათუნა საგინაშვილი, მარიამ დემეტრაძე და მე), ამ საკითხს გარკვეულწილად ხელი შეუშალა ასმათის ავადმყოფობამ. მან ორი მძიმე ოპერაცია გადაიტანა და, მადლობა ღმერთს, ახლა გამოჯანმრთელების პერიოდი აქვს. ორგანიზაცია მალე იტყვის თავის სიტყვას. წინასწარ არ ღირს ბაქიბუქი-- ნათქვამია, საქმემან შენმან გამოგაჩინოსო...

 -თქვენი აზრით, რამდენად თანაბარია  წინასაარჩევნო გარემო და რა შეიცვლება  ქვეყანაში მისი დასრულების შემდეგ?

-ამაზე მხოლოდ ის შემიძლია გიპასუხოთ, რომ არსებობს ასეთი გამოთქმა--"აისბერგის მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს ზემოთ, ხოლო, რა სიდიდისაა სინამდვილეში, ამაზე წარმოდგენა ძნელია..." ჩემთვის ეს კანდიდატებიც ასევე მოჩანან ამ გადასახედიდან, ანუ--ყველა მშვენიერ დაპირებებს გვთავაზობს, ხოლო,რეალურად, ვინ დგას მათ უკან, კაკებე, ცეერუ თუ ეროვნული ძალა--ძნელი სათქმელია...

 რაც მთავარია, თავად საარჩევნო გარემოა ორსახოვანი იანუსივით--თითქოსდა, ყველაფერი წესით და რიგით მიდის, მაგრამ რა მოხდება ბოლოს, გაურკვეველია. ვეჭვობ, რომ ყველა ადგილი, როგორც ყოველთვის, უკვე წინასწარ არის გადანაწილებული და, შესაბამისად, ეს საარჩევნო გარემო მხოლოდ ფონად სჭირდებათ.. 

ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ამის ეჭვს მიჩენს თუნდაც ის ფაქტი, რომ ზვიად გამსახურდიასეული ლეგიტიმაციური მთავრობისგან ხელისუფლების გადაბარების პროცედურაზე არავინ ფიქრობს; არადა, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, რათა მსოფლიოს და, უპირველესად, უფლის თვალში, კანონიერი ხელისუფლება გერქვას. 

უსამართლობის გზაზე სიარულმა თუ რა შედეგი მოუტანა წინა ორ ხელისუფლებას, ვფიქრობ, ჭკუის სასწავლი უნდა იყოს. შესაბამისად, სანამ ეს არ განხორციელდება, ქვეყანაში რაიმე პოზიტიური ცვლილებების იმედი ნაკლებად მაქვს.

-თბილისის მერის თბილისელობასთან დაკავშირებით იმავე აზრზე რჩებით, რომ ის უდავოდ თბილისელი უნდა იყოს?

-მე მგონია, ასეთი მიდგომა რეგიონებისადმი უფრო გამართლებულია. მაგალითად, მცხეთელმა კაცმა უკეთ იცის, რა სჭირდება მის ქალაქს, ვიდრე უშგულიდან ჩასულმა. სიტყვამ მოიტანა და როგორც ყვარლელს, შემთავაზეს ყვარლის გამგებლის კანდიდატად მონაწილეობა ამ არჩევნებში. თუ დავთანხმდებოდი და, ვთქვათ, გავიმარჯვებდი, ჩემზე უკეთ ჩემს მშობლიურ ქალაქზე მართლა ვერავინ იზრუნებდა. რადგან  ეს რაღაც სხვა გრძნობაა--დავარქვათ ფესვების სიყვარული ... თბილისი კი შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე ყველასია. მეტიც, ცნება თბილისელი, ვაღიაროთ, რომ რახანია, გასულ საუკუნეს ჩაბარდა. ვინაა დღეს თბილისელი? ოცი წლის წინ ჩამოსახლებული ოჯახი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან? ან სხვადასხვა სახელმწიფოდან? ამ სტატუსს მაინცდამაინც თბილისში დაბადების მოწმობა თუ მიანიჭებს ვინმეს , მაშინ არაა გამორიცხული, რომ მალე მერად აფრიკელებმა წარადგინონ კანდიდატურა. –

-თქვენ, როგორც მრავალშვილიანი დედა, როგორ შეაფასებთ ანტიდისკრიმინაციულ კანონს. რა შედეგს მოიტანს ის ქვეყანაში  და როგორ წაადგება საქართველოს ევროპასთან ურთიერთობისას?

-ეს კანონი, ვშიშობ, რომ ბუმერანგივით დაუბრუნდებათ მის ავტორებს. როგორ ფიქრობთ, თამარ მეფემ თავისი ადამიანური ძალებით და, გნებავთ, გენიალური პოლიტიკური გათვლებით. მიაღწია საქართველოს საკვირველ ძლიერებას? შეხედეთ, რას ბრძანებს:-- "ჰოი, წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებული ხართ მოძღვრად ჩვენდა და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანაგაც მისა სიტყვის მიცემა სულთათვის ჩვენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისა. ნუ თუალახუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათვის თქუენ სიტყვითა, ხოლო მე საქმით, თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით, თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღვივნეთ: თქუენ, ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე, ვითარცა ებგური". ანუ, მეფემ იცოდა ის შეურყეველი ჭეშმარიტება, რაც უფალმა დაუტოვა კაცობრიობას გადარჩენის გეზად:--"თუ ჩემი კანონის მიხედვით იცხოვრებთ, დაგიცავთ მტრისაგან, ხოლო თუ კანონს დამირღვევთ, შვილებსაც მტრად გიქცევთ..." ამიტომ მიენდო ეკლესიას და უფლის წყალობამაც არ დააყოვნა-ქართველები წარმოუდგენლად უთანასწორო ომებში იმარჯვებდნენ! 

ფაქტია, რომ ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ-- საქართველოს საზღვრებს შიგნით სიმშვიდე ქრისტეს მცნებების აღსრულებაზე იყო დამოკიდებული. დღეს კი უფლისმოძულენი ამკვიდრებენ იმ რწმენას, რომ თურმე, დროა, "ბნელეთიდან" გამოვიდეთ და "სხვა ღირებულებები" მოვიძიოთ... მათ მიმდევრებს, რატომღაც, ავიწყდებათ ის, რომ ქრისტეღმერთს არ შეუცვლია თავისი მცნებები და რომ საღმრთო კანონი ზუსტად იგივე დარჩა ყველასთვის, რაც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და იარსებებს უფლის მეორედ მოსვლამდე. 

იქნებ ახლა მაინც გავიაზროთ,რომ ხსნა მხოლოდ ქრისტეში და მისი მცნებებისა და კანონების საქმით აღსრულებაშია? შესაბამისად, ევროპის გულისმოგებაზე მეტად აჯობებს უფლის გულისმოგებაზე ვიფიქროთ და ეს კანონი დროზე გავაუქმოთ, თორემ სანამ ევროპიდან საჩუქრად გამოგზავნილი დიბა-ატლასები აქ ჩამოაღწევს, მანამ დარიალის მთები თავზე წამოგვემხობა. 

-განიხილება მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხი. რა შედეგს მოუტანს ქვეყანას მისი ლეგალიზაცია და იქნება თუ არა ეს ეფექტური იარაღი მის აღმოსაფხველად?

-ლეგალიზაციამ  როგორ უნდა აღმოფხვრას ნარკოტიკებზე დამოკიდებულება?! პირიქით, ხელს შეუწყობს ნარკომანიას სიყმაწვილიდანვე.

-როგორ შეაფასებთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ,,ჭორებს" წმინდა სიონოდის მიერ ილია მეორის პენსიაზე გაშვების შესახებ. და,საერთოდ, უნდა დაისაჯონ თუ არა ასეთი ინფორმაციებით ,,მოვაჭრეები"? გაქვთ თუ არა ცნობა წმინდა სინოდის მიერ 3 ივნისს მოწვეული კრების დეტალებზე. რამდენად დროული იყო იქ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნის მომავლისათვის?

-კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს, ვეჭვობ, რომ რაღაც მზადდებოდა და ჩაიშალა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს აზრი არა აქვს. ჩვენთან ეკლესიისადმი დაპირისპირება დასავლეთიდან შემოსული კომუნიზმით დაიწყო და სავარაუდოა, რომ როგორც მაშინ დაიმორჩილა ხელისუფლებამ საპატრიარქო, ისეთივე მისწრაფებები წამოვიდეს წინა პლანზე...

-მოგეხსენებათ, აფხაზეთში რთული ვითარებაა. იქიდან ქართველების აყრაც იგეგმება. რას უნდა ველოდეთ ამ პროცესებიდან და რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ გართულების თავიდან ასაცილებლად?

-სახელმწიფომ წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოს. განა ასე ძნელია მწარე გამოცდილებიდან დასკვნის გამოტანა? რატომ ვაცემინებთ თავს წამდაუწუმ ჩაპლინის გმირივით? განა როდის დაგვიცვა რუსეთისგან დასავლეთმა? იქნებ მაშინ, როცა აფხაზეთი წაგვართვეს? ან-- როცა ცხინვალი ჩამოგვაჭრეს? ან--აგვაწიოკეს? ეგებ მივხვდეთ რამენაირად, რომ არც დაგვიცავს! 

 ასე გადის დრო და არ გვინდა დავიჯეროთ,  რომ მშვენივრად და შეხმატკბილებით თანაარსებობენ რუსეთი და დასავლეთი! რომ ორივე--ერთი და იგივე ბატონია სინამდვილეში და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ორი უარესიდან ნაკლები ავირჩიოთ... "ქართველს ბატონის გამოცვლა თავისუფლება ეგონაო" -ამ ანდაზისა  არ იყოს, ევროპასთან ჩახუტება როგორ გგონიათ, თავისუფლების ბაირაღს აგვაფრიალებინებს? შეხედეთ, რა შეთანხმება მიდის ხელშეკრულებაში:-- --"საქართველო იღებს ვალდებულებას, "დაუახლოვოს" საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას და უარს ამბობს, ევროკავშირის კანონმდებლობის გათვალისწინების გარეშე რაიმე სახის ცვლილებები შეიტანოს თავის ჰორიზონტალურ და სექტორალურ კანონმდებლობაში... " ამიტომ, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ უკვე გაიცვითა საქართველო გოლფის ბურთის როლში, რომელსაევროპა, ამერიკა და რუსეთი რახანია, დაუღლელად ათამაშებენ.

-ამბობენ, რომ აჭარაში ,,დიდი თურქობა" დაიწყო. რას ნიშნავს ეს?

-ეს ნიშნავს უფლის დაპირების ამოქმედებას, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე--""თუ ჩემი კანონის მიხედვით იცხოვრებთ, დაგიცავთ მტრისაგან, ხოლო თუ კანონს დამირღვევთ, შვილებსაც მტრად გიქცევთ..."

-თქვენი აზრით, რა ვითარებაა საქართველოს განათლებისა და კულტურის სფეროში. ექცევა თუ არა  სათანადო ყურადღება ქართულ მწერლობას თუ ის მარტო იბრძვის თავის გადასარჩენად?

 -კულტურაშიც მე ვხედავ მხოლოდ ღირებულებების ნგრევას და დანერგვას ფსევდოღირებულებებისა.... დღეს, სამწუხაროდ, უმეტესად იქმნება ისეთი პროდუქცია, როგორ შეკვეთასაც იღებენ  უცხოელი დამფინანსებლებისგან. შესაბამისად, ხარისხზე ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა, აქა-იქ არსებობს, ალბათ, ოაზისები, მაგრამ ძირითადი სურათი ასეთი გახლავთ. რაც შეეხება მაღალ პოეზიას და მწერლობას, ორივე, მართლაც, სრულიად მარტო იბრძვის თავის გადასარჩენად, რადგან, სამწუხაროდ, სახელმწიფოს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო არ აინტერესებს. რაც შეეხება განათლების სამინისტროს, მსგავსი სისტემა, რომელიც მოზარდის ტვინის გადაწვისკენ იყოს მიმართული უამრავი ინფორმაციის გამოტენით-ალბათ კომუნისტების დროსაც არ არსებობდა. 

მარტივად შეგეკითხებით, რატომ უნდა ათენებდეს ჩემი აბიტურიენტი შვილი ფიზიკის, მათემატიკის და ქიმიის ამოცანების ამოხსნაში, როდესაც ფილოლოგიურზე აბარებს? ხომ შესაძლებელია, რომ მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასები გაიყოს ორად--ტექნიკურ და ჰუმანიტარულ ჯგუფებად და რომელ მოსწავლესაც მათემატიკური მონაცემები აქვს და ტექნიკური ფაკულტეტი აინტერესებს, გაძლიერებით ასწავლონ ტექნიკური საგნები და მაინცდამაინც ფსიქოლოგიური ესეს დაწერა არ აიძულონ, ხოლო, პირიქით, ვისაც ჰუმანიტარული მონაცემები აქვს, დატვირთონ იმ საგნებში, რომლებიც არჩეულ ფაკულტეტზე დასჭირდება და ამის ნაცვლად თავზარდამცემი ამოცანების ამოხსნაზე არ აჭყლეტინონ ტვინი?

 ასე ძნელია ამ საკითხის მოგვარება? რას ვიღებთ შედეგად? უაზროდ გადაღლილ და გამოფიტულ თაობას დ,ა შესაბამისად, დაბალი დონის სპეციალისტებს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამას შეგნებულად და მიზანმიმართულად აკეთებენ... არცთუ იშვიათად მესმის აღშფოთებული მშობლებისგან, რომ აქციას გამართავენ სწავლების ასეთი აბსურდული სისტემის საწინააღმდეგოდ და ვატყობ, ხალხს მართლაც გახდიან იძულებულს სამინისტროსთან მივიდეს კარის ასაჭედად.

 

                                            ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: