რწმენა ურწმუნოთა

რწმენა ურწმუნოთა

     ეს წერილი სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა მამა პეტრე კვარაცხელიამ ექსკლუზიურად ,,ივერიონს“ გამოუგზავნა. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მას უცვლელად ვთავაზობთ მკითხველს.                                                             


 ხშირად ვფიქრობ, ამ ცადაზიდული ტაძრებიდან თუნდაც ერთი ლოდი რომ ჩამოვარდეს, მის ქვეშ მოყოლილი სული ზიარებამდე ვერ მიიტანს.

არ ვარ იმაში დარწმუნებული, საუკუნოვან თაღებს მხოლოდ ბოძები რომ ამაგრებს. ალბათ სულ მცირე, ან იქნებ ყველაზე დიდი - რწმენა შველის. რწმენა აბსოლუტური და იმაზე მყარი, ვიდრე არტემიდეს ტაძარი ეფესოში, ან სოლომონის უძველესი გალავანი იერუსალიმის შემოგარენში.

 რომ არა ეს ნანატრი და ყველაფერზე აღმატებული რწმენა - მე პირადად დიდი ხნის გარდაცვლილი ან, როგორც მინიმუმ, ლოგინს მიჯაჭვული ვიქნებოდი... ( თქვენ ჯვარი გწერიათ. ვისაც ამის სჯერა).

 ბავშვობიდან მიყვარდა ტაძრები და ციხეები... ეს არ იყო მხოლოდ ღვთისმოსაობით გამოწვეული - მავსებდა სიძველეთა იდუმალი სურნელი და ნახევრად ჩამოშლილი ხავსმოკიდებული კედლები...

ამას გარდა, ვთვლიდი, რომ ყველაზე მეტად საკურთხევლის ახლოს იპოვიდი ღმერთს და მასთან ყველაზე გულწრფელად ისაუბრებდი, რეგლამენტისა და ხელოვნული შიშების გარეშე.

 რაც დრო გადის, მეტად ვრწმუნდები, რომ არ ვცდებოდი და, ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, იმდენს ვესაუბრები იესოს, ალბათ შევაწუხე კიდეც, მაგრამ სხვას ვის მივმართო, როცა ისედაც უამრავი საქმე და საზრუნავი აქვთ...

 ჩვენი პირველი დიალოგი დაიწყო იმით, რომ, ეს ამდენი ძვირფასი ხატების და ტაძრების ფონზე, რატომაა ერი მათხოვრად ქცეული?! მრევლთა სიმრავლის მიუხედავად, ტაძრები რატომ არის ცარიელი?! რატომ არ ვუფრთხილდებით ძველს და რა საჭიროა ახლის, თითქმის ერთი ქალაქის ხელა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, ისეთ გაუბედურებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა?!

 ადამიანებს რატომ აქვთ ერთმანეთის და არა ღვთის შიში?! რატომ იქცა რელიგია მონობის უღლად და არა თავისუფლების სიმბოლოდ?! რატომ იქცევიან სახარების საპირისპიროდ?! რატომ?! რატომ?! რატომ?!

 გულზე შესაწირი ყუთი გვიქანავებს, ახალი კონსტრუქციების და ძვირფასი თვლების შესაძენად, რომ ხატები და ლუსკუმები მოვრთოთ, ოღონდ თუ ვინმემ დაგვასწრო და ჩვენზე უკეთ მორთო საეკლესიო ნივთი, მზად ვართ თვალები დავთხაროთ, რომელსაც, სამწუხაროდ ვერ გამოვიყენებთ, თორემ ამ ქვეყანაში ბევრი ივლიდა თვალებდათხრილი.

თუმცა უამისობაც არ იქნება, რადგან ხატებთან მუხლზე დამხობილები, მხურვალედ ვლოცულობთ, სიწმინდეებს ვეთაყვანებით და ღვთის ყველაზე ზუსტ ხატებას, ანუ ერთმანეთს, საღვთო ომს ვუცხადებთ მაშინ, როდესაც ლიტანიობით ბროწეულივით გადასკდა ტერფები...

 ყველაფერმა გარეგნული სახე მიიღო და სასჯელად გვექცა რწმენა ურწმუნოთა... საკუთარ ოჯახის წევრს შიმშილისთვის გავწირავთ და უკანასკნელ ხურდას სენაკის მორთულობას შევწირავთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც დაინახავს და შეგვაქებს. სიკეთის კეთებას თავისებური ნიჭი უნდა, რომელიც არ ან თითქმის არ გვაქვს. ძალიან ბევრი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი  უწამლობით და ულუკმაპურობით გარდაიცვალა. მათი გადარჩენა კი მიუვალ მთაში, ტაძრის მშენებლობაზე უფრო ღირებული იქნებოდა.

ან რა საჭიროა ამდენი მშენებლობა, თუ მომსვლელი არ იქნა და დარჩა ცარიელი. ერთი  ყველასთვის სათაყვანო ქართველი გამახსენდა, რომელსაც ერისგან დაფასება არასდროს ღირსებია. ამქვეყნიდან გულნატკენი წავიდა და სიკვდილამდე ბევრჯერ უგემია სიკვდილი. სამაგიეროდ თავისუფლად შეგვიძლია თანხები, ენერგია, მონდომება არ დავიშუროთ და უცხოეთიდან ჩვენი ეგიდით ( ესეც ექსკლუზივობისთვის) პოეტები, მწერლები, მსახიობები მოვიწვიოთ და ისე დავხვდეთ, რომ თავადაც გაუკვირდეს, ეს ვინ ვყოფილვარო...

არ ვარ არავის მოწვევის წინააღმდეგი, მაგრამ ჩვენიც შევინარჩუნოთ და ვანუგეშოთ... გულმოკლულად წასულს არ ვახსენებ, მაგრამ მისი სიტყვებით მიხვდებით -,,სიცოცხლე სევდა არის"...

ვაშენოთ ტაძრებიც, ოღონდ ერთმანეთიც არ დავანგრიოთ... მეც ტაძარი ვარ, შენც, ისიც... იქნებ ჩვენც გვაწვიმს, მივხედოთ ერთმანეთს, სანამ რესტავრირება შეიძლება, და ამით ყველაზე დიდ ტაძარს ავაშენებთ...

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: