მერაბ ქვარაია: ,,ქართული ოცნება“ ზუგდიდში დამაჯერებლად გაიმარჯვებს!“

მერაბ ქვარაია: ,,ქართული ოცნება“ ზუგდიდში დამაჯერებლად გაიმარჯვებს!“

 ,,ივერიონს“  ესაუბრა ზუგდიდის საკრებულოს წევრობის კანდიდატი მერაბ ქვარაია.

-ბატონო მერაბ, როგორი წინასაარჩევნო გარემოა ზუგდიდში  და, ზოგადად, სამეგრელოს რეგიონში?

-საკმაოდ მშვიდი გარემოა, პატარ-პატარა ინციდენტებს თუ არ ჩავთვლით, რაც ახლავს ხოლმე არჩევნებს.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა ადამიანს მიეცეს თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება.

 ეს არჩევნები  2012 წლის არჩევნებისგან რადიკალურად განსხვავებულია იმით, რომ მაქსიმალურად გამიჯნულია ძალოვანი უწყებების ჩარევისგან და  არ დაფიქსირებულა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები.

-როგორია ხალხის განწყობა და ,,ქართული ოცნება“ მოახერხებს პირველ ტურში გამარჯვებას?

-,,ქართული ოცნება“ არა მხოლოდ გაიმარჯვებს, არამედ ეს იქნება დიდი უპირატესობით  გამარჯვება!..

-,,ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ მას სამეგრელოში გამარჯვება გარანტირებული აქვს. რა შანსი აქვს სამეგრელოს რეგიონში ბურჯანაძის ალიანსს და, ზოგადად, არასაპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრს?

-მე არ მინდა რაღაც განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო ოპონენტ პოლიტიკურ სუბიექტებზე, მათ შესაძლებლობებსა თუ შანსებზე.  ,,ქართული ოცნება“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებლად  გაიმარჯვებს!

-ვინ არის თქვენი  რეალური კონკურენტი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე?

-ამ ეტაპისათვის ვიბრძვი საკრებულოს წევრობისთვის. ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე ამ საპასუხისმგებლო პოსტზე, ახლა ისე მნიშვნელოვანი აღარაა, როგორც ის, თუ როგორ შევასრულოთ ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა. საკრებულოს თავმჯდომარე, მერწმუნეთ, ღირსეული იქნება.

-რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ზუგდიდლებისადმი  და, ზოგადად,  რა უფრო სჭირდება დღეს სამეგრელოს?

-პირადად ჩემი და ჩემი მეგობრების გზავნილი ასეთია: სამეგრელოს, ისტორიულ კოლხეთს, დავუბრუნოთ ის ფუნქცია და ადგილი, რომელიც მას ყოველთვის ეკავა ქართველთა ცხოვრებაში. ზუგდიდი უნდა გახდეს ცენტრი და აღმშენებლობის ბიძგის მიმცემი დანარჩენი საქართველოსათვის.  სამეგრელოს უდიდესი  ფუნქცია ეკისრება ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საქმეში. ჩვენი გამარჯვება კი ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება!  

 

ესაუბრა ია ჯღარკავა 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: