ვაჟა ბერიძე: ,,დღეს ენერგეტიკაში არსებობს კერძო ინტერესების მაფიური მეთოდებით რეალიზების საფრთხე.!“
,,ივერიონს“ ესაუბრა ექსპერტი ვაჟა ბერიძე
- ბატონო ვაჟა, თქვენ მეტად საგანგაშო ფეისბუქსტატუსი გამოაქვეყნეთ, სადაც საუბრობთ კინტრიშჰესის მშენებლობასა და მის დამანგრეველ შედეგებზე. იქნებ დააზუსტოთ, რას გულისხმობთ ამაში და რა საშიშროება ემუქრება შავი ზღვიდან ქობულეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიას?
- რახან ,,ივერონი“ ჩემი ფეისბუქის სტატუსით დაინტერესდა, დავაზუსტებ, რომ კინტრიშჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არანაირ დამანგრეველ შედეგებზე მე არ ვსაუბრობ. საერთოდაც, მივეკუთვნები იმათ რიცხვს, ვინც ,,ხუდონჰესის“ აშენების მომხრეა, აგრეთვე, ჩვენი ჰიდრორესურსების პოტენციალის უფრო სრულყოფილად ათვისებას უჭერს მხარს. უბრალოდ, ჩვენ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.
როცა დევდორაკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ჰესი შენდება, უნდა დავფიქრდეთ, სეისმური და სხვა კომპონენტების გამო, ხოლო, როცა მილიარდ ორას მილიონიან ინვესტიციაზეა საუბარი, ხუდონის შემთხვევაში, აქ სერიოზული მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ ინვესტორთან, რათა ეს მშენებლობა უფრო დიდი გლობალური პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმაროს, როგორიცაა სვანეთის დაცლა მოსახლეობისგან, ხოლო ახალი ხაიში შესაძლოა იმის თვალსაჩინო მაგალითი გახდეს, როგორი უნდა იყოს ქართული სოფელი 21–ე საუკუნეში.
მე არც ,,კინტრიშჰესის“ აშენების წინააღმდეგი ვარ, თუმცა, ვფიქრობ, საზოგადოება უფრო კარგად უნდა იყოს ინფორმირებული იმ ზიანით, რაც კინტრიშის ნაკრძალს და კინტრიშის შავ ზღვასთან შესართავის მიდამოებს შეიძლება მიადგეს. ამას რომ ვამბობ, მხედველობაში მაქვს ის ნეგატიური შედეგები, რაც შავი ზღვის აჭარის სანაპიროს მოუტანა თურქეთში დერინერის კაშხალის მშენებლობამ ჭოროხზე და მოუტანს 5 ჰესისგან შემდგარი კასკადი აჭარისწყალზე.
აქ აშკარად იქმნება სანაპიროს წარეცხვის საფრთხე და ამას თავიდან ვერ აგვაცილებს მდინარეების მიმდებარე ტერიტორიებიდან ზღვაში ქვა–ღორღის ჩაყრა. აქ საჭიროა ძვირადღირებული კლდის დამტვრევა და ქვა–ღორღის ნაცვლად მისი ჩაყრა ზღვაში, რაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა და წელიწადში, რამდენადაც მე ექსპერტებისგან გამიგია, მხოლოდ აჭარის სანაპიროს გასამაგრებლად, ერთ მილიარდ დოლარს მოითხოვს. ამიტომ ჰიდრორესურსების ათვისებისას საზოგადოებამ ღიად უნდა იმსჯელოს და იფიქროს პროცესის ამ ასპექტებზე.
- თქვენი აზრით, რამდენად გააზრებულად შენდება ჰესები საქართველოში . ეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს თუ ვიღაცის კერძო ინტერესებიდან.ვისი კერძო ინტერესები იკვეთება ამ კონკრეტულ შემთხვევაში და რასთან გვაქვს საქმე?
– ჰიდრორესურსების ათვისება, ჩემი ზრით, სახელწიფო ინტერესია, ხოლო ცალკეული ჰესების მშენებლობაში, ბუნებრივია, მავანთა კერძო ინტერესებიც დევს.
მე ვიცი, ვისი რა ინტერესი დევს ცალკეულ შემთხვევებში, მაგრამ კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საჯაროდ ვერ ვიმსჯელებ.
- რა აუცილებლობითაა ნაკარნახევი ახალი ჰესების მშენებლობა საქართველოში მაშინ, როცა ახალაშენებული და ასაშენებელი ჰესები ეკოლოგიურ კატასტროფას უქადის საქართველოს?
– ახალი ჰესების მშენებლობა, ჩემი აზრით, აუცილებელია. აუცილებელია აგრეთვე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შედეგების მინიმიზებაც.
- შევარდნაძის დროიდანმოყოლებული, ყოველთვის ,,სათანადო სიმაღლეზე" იდგა ენერგეტიკის მაფია საქართველოში. დღესაც ამას ხომ არ ეწირება სახელმწიფო ინტერესები?
– მართლაც, შევარდნაძის დროს ენერგომაფია უძლიერესი იყო, მას ჰყავდა კონკრეტული სახეებიც. დღეს, ჩემი აზრით, ასეთი მაფია არ არსებობს, მაგრამ არსებობს კერძო ინტერესების მაფიური მეთოდებით რეალიზების საფრთხე. ამიტომ ქართული საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს.
- რა ხეირი ექნება ამ ჰესებიდან საქართველოს?
– საქართველო გახდება უფრო ენერგოდამოუკიდებელი, ქვეყანაში ინვესტიციების შიმშილის პერიოდში განხორციელდება სოლიდური ინვესტიციები, განხორციელდება ელექტროენერგიის ექსპორტი. დადებითიც ბევრი ახლავს ამ პროცესს და უარყოფითიც.
ესაუბრა ია ჯღარკავა