პატრიარქი მერებს და პრეზიდენტებს არ გვინიშნავს, მაგრამ, ყველას გულში იხუტებს!
საინფორმაციო პორტალმა „For.ge“-მ გუშინ ნიკა ასლანიძის სტატია გამოაქვეყნა სათაურით „ჩემთვის შენ უკვე მერი ხარ დავით, უფალი გფარავდეს“.
სტატიაში საუბარია, რომ გუშინ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ბარისახოს სტუმრა და ფესტივალ „ქართული სულის“ დახურვას დაესწრო.
როგორც ავტორი წერს, ფესტივალის დახურვას ასევე ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II-ც, რომელსაც დავით ნარმანია შეხვდა. მისმა უწმინდესობამ თბილისის მერობის კანდიდატს ჯვარი აჩუქა თურმე და სათაურში გამოტანილი სიტყვებით მიმართა: „ჩემთვის შენ უკვე მერი ხარ დავით, უფალი გფარავდეს“.
არა აქვს მნიშვნელობა ეს დავით ნარმანიას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, თუ უნებლიე დამთხვევა. უფრო არსებითია ის კომენტარები, რომელიც აღნიშნულ სტატიას ახლავს თან და რომლებსაც არაკეთილმოსურნეობის ბეჭედი აზის!
კერძოდ, კომენტატორები იხსენებენ, თუ როგორ ლოცავდა მისი უწმინდესობა ედუარდ (გიორგი) შევარდნაძეს და ანალოგიურად როგორ უსვამდა თავზე ხელს ჯაბა იოსელიანს - ანუ, იგი ყველა წინა ხელისუფლებას, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონოდა ჩადენილი, ქრისტესმიერი სიყვარულით ექცეოდა, რომელიც თურმე პატრიარქის მხრიდან შეცდომა ყოფილა!
ნათქვამია, ყოველ ერს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც იმსახურებსო. სამწუხაროდ, ხშირად თავს ვიტყუებთ იმით, რომ მავანი და მავანი ჩვენი არჩევანი არ ყოფილა - ვიღაცებმა თავს მოგვახვიეს, შეცდომაში შეგვიყვანეს და ა.შ.
არადა, უფალი ჩვენი უნიათობის, „მაინც არაფერი შეიცვლება“ - განწყობის გამო სწორედ ისეთ ხელისუფლებას გვიგზავნის, როგორსაც ვიმსახურებთ. ეს ყველაზე უკეთესად უწყის პატრიარქმა და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ხელისუფალი - ეს შევარდნაძე იქნება, სააკაშვილი თუ ივანიშვილი, სწორედ იმ დროს მოგვივლინა უფალმა, როცა ამის აუცილებლობა არსებობდა.
სასწაული რომ მოხდეს და „ნაციონალებიც“ რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ერის სულიერი მწყემსმთავარი ვალდებულია ისინიც აღიაროს, როგორც ხელისუფალი და მათთან ითანამშრომლოს.
აქედან გამომდინარე, სრულიად უადგილო და სასაცილოა „For.ge“-ს კომენტატორების ქილიკი, რომ თითქოს პატრიარქმა დავით ნარმანიაზე ხელის გადასმით და ქრისტესმიერი სიყვარულის გამოხატვით რაღაც დაარღვია, ან თავისი ჟესტით მისი პიროვნება ვინმეს თავს მოახვია!..
დროა გამოვიდეთ ბნელეთიდან: პატრიარქი მერებს და პრეზიდენტებს არ გვინიშნავს, მაგრამ ყველას გულში იხუტებს - მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რითი სუნთქავს, ან რა დანაშაული აქვს ჩადენილი!