დავით ჭელიძე: ,,დავით ნარმანია უდავოდ კარგი მენეჯერია და ის თბილისს სჭირდება!”
,,ივერიონს“ ესაუბრა თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონიდან, ,,ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭელიძე
-ბატონო დავით, რამდენიმე დღეც და წინასაარჩევნო მარათონი დასრულდება.თქვენი აზრით, როგორი იქნება 15 ივნისის წინასაარჩევნო შედეგები. დამაჯერებლად გაიმარჯვებს თუ არა ,,ქართული ოცნება“?
-რა თქმა უნდა, ,,ქართულ ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებლად გამარჯვებს.
შეიძლება ეს არ იყოს ისევე აქტიური არჩევნები ამომრჩევლების მხრიდან, როგორც 2012 წლის არჩევნები იყო, მაგრამ ამომრჩევლის უმეტესობა ,,ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას.
-თქვენ ნაძალადევის რაიონში საკრებულოს წევრობის კანდიდატად ,,ქართული ოცნებიდან“ იყრით კენჭს. ვინ არის თქვენი რეალური კონკურენტი, გაქვთ თუ არა გამარჯვების იმედი და რა არის თქვენი გზავნილი ამომრჩევლისადმი, რითაც მან უნდა გამოგარჩიოთ?
-გამარჯვების იმედი ნამდვილად მაქვს!
რაც შეხება ჩემს კონკურენტს ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ , მას შანსი აქვს, სხვა კანდიდატებთან შედარებით, მეტი ხმა დააგროვოს. ამაში კი მას პარტიული და მატერიალური რესურსი ეხმარება.
ჩემს პიროვნებაზე არ გავამახვილებ ყურადღებას და კოალიციის სახელით ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც 2012 წლის არჩევნებში წარმატებით გაიმარჯვა. მას შემდეგ ბევრი რამ ქვეყნის სასიკეთოდ შეიცვალა და საქმე ბოლომდეა მისაყვანი. თბილისსა თუ რეგიონებში ჩვენ აუცილებლად შევცვლით გარემოს ხალხისთვის სასიკეთოდ.
-როგორ ფიქრობთ, ,,ქართული ოცნება“ უმრავლესობით მოვა საკრებულოში თუ მრავალპარტიულ საკრებულოს ვიხილავთ?
-ჩვენ შევძლებთ საკრებულოში უმრავლესობით შევიდეთ. ეს საეჭვო ნამდვილად არ არის, რადგან ოპოზიცია ძალიან სუსტია.
-დავით ნარმანია პირველივე ტურში გაიმარჯვებს თუ მეორე ტურის დანიშვნა გახდება საჭირო?
-დავით ნარმანია პირველივე ტურში გაიმარჯვებს და მეორე ტური სავარაუდო არც არის. მიუხედავად იმისა, რომ ბარიერმა აიწია 50%-მდე, მეორე ტური არ დაინიშნება.
-თქვენ, როგორც საკრებულოს წევრობის კანდიდატს, გეკითხებით, რა განსაკუთრებული ნიშან-თვისებით გამოირჩევა დავით ნარმანია და რატომ უნდა მისცეს მას ხმა ამომრჩეველმა?
-მე მაქვს პატივი მას პირადად ვიცნობდე. ის არის ერთგული, შინაგანად წესიერი, პატიოსანი, განათლებული და თავის საქმეზე უზადოდ შეყვარებული პიროვნება.
-ამომრჩეველმა მას ხმა უნდა მისცეს როგორც ბიძინა ივანიშვილის ფავორიტს თუ როგორც წარმატებულ მენეჯერს?
-დავით ნარმანია უდავოდ კარგი მენეჯერია და მან ეს მინისტრობისას დაამტკიცა. თავისი მერობის პერიოდში ის შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებას.
ესაუბრა ია ჯღარკავა