ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა
-მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიზნესი იყოს მაქსიმალურად თავისუფალი-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნისას.
გურჯაანის გადამამუშავებელი საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში შეიქმნა.
მთავრობის მეთაურს საწარმოს შესახებ ინფორმაცია, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნოზაძემ მიაწოდა. მისი განმარტებით, კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600 000 დოლარის ოდენობის 3%-იანი კრედიტი მიიღო.
საწარმო მოსავალს გლეხებისგან ჩაიბარებს, ხოლო, დახარისხების შემდეგ ექსპორტზე გაიტანს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გურჯაანში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა წარმატებული და შედეგიანია.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოსთვის სტრატეგიული საკითხია.
„ეტაპობრივად იქმნება პირობები, რომ გლეხს შეეძლოს საკუთარი მოსავლის რეალიზაცია და ამ შემოსავლით ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა.ადგილობრივი გლეხებისთვის ეს არის მოსავლის გასაღების ხელსაყრელი შესაძლებლობა.ხელისუფლებამ მიაღწია რუსეთის ბაზრის გახსნას ქართული პროდუქციისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ფერმერებს მოსავლის გაყიდვის საშუალება ჰქონდეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის ხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,ქართული ხილის კომპანიას“ ეკუთვნის, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიას შეძენილი აქვს ხილის დამხარისხებელი იტალიური დანადგარები. ორ ჰექტარ ფართობზე გაშენებული საწარმო ორი ნაწილისაგან შედგება, რომელთაგან ერთში ხილის დამუშავება, გასუფთავება და დაფასოება ხდება, ხოლო მეორე 400-ტონიანი სამაცივრე მეურნეობაა. საწარმო ზაფხულის და შემოდგომის სეზონზე დააფასოებს და გაყიდის ვაშლს, ატამსა და ვაშლატამას. პროდუქტი რუსეთის, უკრაინის ბაზრებზე გავა.
საწარმოში 50-მდე ადამიანი დასაქმდება. სამომავლოდ კომპანია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს.