ნინო ბურჯანაძე: -"8 საათზე არ გამოაქვეყნოთ ეგზითპოლების შედეგები, რადგან ეს საერთაშორისო სტანდარტის დარღვევაა"
კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამომრჩეველს მოუწოდებს, არავითარი ყურადღება არ მიაქციოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს გამოქვეყნებულ ეგზითპოლების შედეგებს:
-"მე მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩეველს, აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე და სამივე ბიულეტენში შემოხაზონ ნომერი 3. მაქვს ინფორმაცია, რომ ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, კვლავ იგეგმება ე.წ ეგზითპოლების გამოქვეყნება. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ შოკირებული იყო ეუთოს გენერალური მდივანი, როდესაც მე მას მივაწოდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საღამოს 8 საათზე, საარჩევნო უბნების დაკეტვიდან 5 წუთის შემდეგ გამოცხადდა ეგზითპოლების შედეგები. ეს არ ხდება არც ერთ ქვეყანაში, რადგან ეგზითპოლები ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს ამომრჩევლისა და უბნებზე მომუშავე ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
მინდა ყველა ჩვენს მომხრეს ვუთხრა: არავითარი ყურადღება არ მიაქციოთ მანიპულირებულ ეგზითპოლებს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას დაწერს, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ დათვლით თქვენ იმ ხმებს, რომელსაც ჩვენ ამომრჩეველი მოგვცემს.
ასევე მინდა ტელევიზიებს მოგიწოდოთ, რომ 8 საათზე არ გამოაქვეყნოთ ეგზითპოლების შედეგები, რადგან ეს არის საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა. რაც შეეხება რეჟიმს, რომელშიც ვიმუშავებთ არჩევნების დღეს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ჟურნალისტი, ვისაც სურვილი ექნება, მოვიწვიო ჩვენს შტაბში სადაც გახსნილი იქნება პრეს-კლუბი ისევე, როგორც ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, შევეცდებით მაქსიმალურად კომფორტული იყოს სამუშაო პირობები და ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გააკეთონ რეპორტაჟები ჩვენი შტაბიდან 24 საათის განმავლობაში."