ბაროზუმ იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ბაროზომ იმედი გამოთქვა, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება.
-"ეს მართლაც ძალიან საინტერესო დროა საქართველოსთვის და დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების განხორციელება საშუალებას მოგვცემს, მოხდეს საქართველოს საზოგადოებისა და ეკონომიკის ტრანსფორმირება. ჩვენ ამას ვახორციელებთ არა მარტო გრანტების თვალსაზრისით, ასევე სესხების საშუალებით. ევროპის ბანკის ვიცე–პრეზიდენტთან გვქონდა საუბარი, ასევე რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან. მათ შეიმუშავეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა ფინანსური დახმარებისა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ანუ, თქვენ მიიღებთ ყველა ამ სარგებელს და შეაღწევთ მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე. 500 მილიონზე მეტი მომხმარებელია ევროკავშირში და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა თქვენი კომპანიებისთვის, შევიდნენ ამ ბაზარზე და შეიტანონ მაღალი ხარისხის პროდუქტი, მაგალითად, ღვინო, რამეთუ მე ვიცი, რომ საქართველო მართლაც ცნობილია თავისი ღვინოებით და სხვა პროდუქტებით. ეს იქნება კარგი არა მარტო კომპანიებისთვის, არამედ რიგითი მოქალაქეებისთვისაც, რადგან რაც უფრო წარმატებულია კომპანია, მით მეტი ადამიანის დასაქმება შეუძლია. ეს არ არის ხელშეკრულება დიპლომატებისა და პოლიტიკოსებისთვის. ეს არის შეთანხმება ადამიანებისთვის. ჩვენი ამოცანა არის სტაბილური, აყვავებული საქართველო, თქვენ ხართ ჩვენი მეზობელი, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ თქვენი მომავალი და ეს არის ევროპული გზა",- აღნიშნა ბაროზუმ.