სახალხო პარტია:-"ოცნების" განცხადება ანტისახელმწიფოებრივი და პოლიტიკურად საშიში ნაბიჯია"
სახალხო პარტიას მიაჩნია, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება, სადაც ის ურჩევს საკუთარ კანდიდატს მოხსნას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა ეთნიკურად აზერბაიჯანელი 2 ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ არის ანტისახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საშიში ნაბიჯი. აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც მხოლოდ ანტიდემოკრატიული ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი (გავიხსენოთ როგორ დაუთმო სააკაშვილმა საპარლამენტო სამი მანდატი 2010 წლის შუალედურ არჩევნები თავის ფსევდოოპოზიციას).
-"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირების პირდაპირი სტიმულირება და იმის აღიარებაა, რომ საქართველოში არსებობს ეთნიკური ანკლავები, სადაც ხელისუფალი საკუთარი შეხედულების მიხედვით არეგულირებს პოლიტიკურ პროცესებს. გაუგებარი და შემაშფოთებელია მოტივაცია _"თავიდან იქნეს აცილებული დამატებით სიტუაციის ესკალაცია" რის ესკალაციაზე საუბრობს ოცნება, რა იმალება ამ ფრაზის მიღმა?! ასევე, გაუგებარი და კომიკურია რატომ მხოლოდ 2 აზერბაიჯანელის ან რომელი 2 აზერბაიჯანელის სასარგებლოდ, როცა სხვა არაქართველი და ქართველი კანდიდატებიც არიან.
"ნაციონალური მოძრაობისგან" დაშანტაჟებული ან მეტიც, მასთან გარიგებაში მოქმედი სახელისუფლებო გუნდი ამ ქმედებით საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოებრიობის შემადგენელ ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა ქვეყნის ერთიანობა და მოქალაქის უფლება იყოს არჩეული და აირჩიოს. ასევე ამ ქმედებით ხელისუფლება აღიარებს, რომ ის მართლაც ძალადობდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების კანდიდატებზე, რათა მათ მოეხსნათ საკუთარი კანდიდატურები არჩევნებიდან.
აღსანიშნავია "ქართული ოცნების" თვითაღიარება _" ჩვენ ვარღვევთ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც, როგორც წესი, მარნეულში ხელისუფლება ამომრჩეველს თავს ახვევდა საკუთარ კანდიდატს და ყოველთვის იმარჯვებდა სახელისუფლებო კანდიდატი". სხვა რაიონებში არსებული იგივე, როგორც თვითონ ამბობენ, "მანკიერი პრაქტიკა" სანამდე უნდა გაგრძელდეს?!
ყოველგვარ ზღვარს სცილდება ამ ქმედების ახსნა "ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლების" მოტივით. თუ იცი, რომ ასეთი ქმედებით პოლიტიკური კულტურის ამაღლება შეიძლება სხვა რაიონების მიმართაც გამოიყენეთ და ქვეყანა პოლიტიკურ ოაზისად გახადეთ!
სირცხვილია! ეს ევროკავშირისკენ გზა არ არის, მსგავსი მხოლოდ ევრაზიურ კავშირში შეიძლება მოხდეს და იქაც უფრო "სერიოზული არგუმენტებით".(სტილი დაცულია)
სახალხო პარტია