რას მოიტანს 16 ივნისი?
წინასაარჩევნო მარათონი დასასრულს უახლოვდება. რას უნდა ველოდეთ 16 ივნისს? იქნება თუ არა შედეგებით კმაყოფილი ოპოზიცია? და თუ არ იქნება, გავლენ კი ქუჩაში? რა შედეგს მოიტანს ქვეყნისთვის საპროტესტო აქციები?
"მერაბ კოსტავას საზოგადოების" ლიდერი ვაჟა ადამია აცხადებს, რომ საპროტესტო მუხტის ქუჩაში გატანა ოკუპანტ რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა.
-"დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოსურნე პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ადგილობრივი არჩევნების ნებისმიერი მიუღებელი შედეგებით დასრულების შემთხვევაშიც კი, ხელს არ აძლევთ საპროტესტო მუხტის ქუჩაში გატანა, ვინაიდან, ეს იქნებოდა ოკუპანტ რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა. ვითარების დესტაბილიზება და ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისთვის გადაულახავი წინაღობის შექმნა, საქართველოში ასე გააქტიურებულ, ყველასათვის ცნობილ პრორუსულ პარტიებს აძლევთ ხელს. მერაბ კოსტავას საზოგადოება, ჩვეულებრივ, პირველთა შორის იქნება!"
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" რუსთავის მერობის კანდიდატი ალექსანდრე ბერიძე კი მიიჩნევს, რომ ქუჩაში გასვლა არ იქნება საჭირო.
-"ადგილობრივი არჩევნებია და არ იქნება საჭირო ქუჩაში გასვლა, ვინც გაიმარჯვებს ადგილებზე იმათზე დაიწყებენ შემდგომ ზეწოლებს და გადაბირებებს, ეს არჩევნები რეალურად არაფერს არ წყვეტს შიდასაკითხებისთვის, ეს არის გარე ძალის მექანიზმი რუსეთის შემოსვლის შემთხვევაში რა რეაგირებას მოახდენს აშშ და ევროკავშირი, მათ სჭირდებათ ბევრ ნაწილად დაშლილი მმართველობა, ალბათ რუსეთი ამის საპასუხოდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიერთებას გამოაცხადებს ანუ საქართველოს დანაწილების სანაცვლოდ რუსეთი თავის წილს წაიღებს. თურქეთი აჭარაში გააქტიურდბა, სომხეთი- სამცხეში და აზერბაიჯანი-ირანი კი ქვემო ქართლში.
-გამოსავალი?
-აქ ერთი გამოსავალია-ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხელისულების ცვლილება. ის ხალხი, ვინც დავალებულია უცხო ძალასთან, უნდა ჩამოცილდნენ მმართველობას!
"ნაციონალური მოძრაობის" ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგა ონიანი კი აცხადებს, რომ ოპოზიციის ქუჩაში გასვლას არა შედეგები, არამედ ის გაყალბება გამოიწვევს, რასაც ხელისუფლება ამზადებს.
-"შედეგი იქნება ადექვატური იმისა რასაც ,,აკეთებს" ხელისუფლება. ხალხი დაღლილია ამ ხელისუფლების უუნარობით და მათი მხრიდან სპექტაკლების დადგმით. რაც შეეხება ქუჩაში გამოსვლას, ჩვენ ვხედავთ რომ ქუჩაში დღესაც დგას ხელისუფლება და აპროტესტებს ნაციონალური მოძრაობის არსებობას, ნაცვლად იმისა რომ საქმე აკეთონ და გაჭირვებულ ხალხს ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ ყოველდღიური ყოფა. ოპოზიციის ქუჩაში გამოსვლა შეიძლება გამოიწვიოს არა არჩევნების შედეგმა არამედ იმ უპრეცედენტო გაყალბებამ, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით ხელისუფლება გეგმავს".
"სახალხო პარტიის" ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე კი კითხვაზე-რას უნდა ველოდოთ 16 ივნისს, პასუხობს:
-"კარგს არაფერს ველოდები- სწორედ ამიტომ ვართ ჩართული, ამ ერთი შეხედვით ჩვენთვის უპრესპექტივო არჩევნებში, რომ მინიმუმ სტრუქტურირებულ ორგანიზმად გამოვიდეთ აქედან, რათა სექტემბერ-ოქტომბერში მზად ვიყოთ ყველანაირი მოსალოდნელი საფრთხეებისთვის. საჭიროა, ხალხი კარგად დაფიქრდეს. კარგად დაფიქრდით და სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე გააკეთეთ არჩევანი... ან რჩებით ისევ იმ ბოლშევიკურ პოლიტიკურ სისტემაში ან გადადგამთ პირველ ნაბიჯებს ამ სისტემის რეალურად დასანგრევად... არჩევანიც თქვენია და არადანიც... და პასუხისმგებლობაც თქვენზეა და არა იმათზე, ვისაც (სხვადასხვა მოტივაციით) მისცემთ საშუალებას ისევ იპარპაშონ ძველ დრომოჭმულ და გამომპალ კლანური სისტემის ფარგლებში, სადაც მშვენივრად გრძნობენ თავს და არანაირად არ აწყობთ არსებული მოცემულობის შეცვლა..."
"თვითმმართველობა ხალხს" ქუთაისის მერობის კანდიდატს ხათუნა მაჭავარიანს ქუჩაში გასვლა და საპროტესტო აქციების დაწყება გონივრულად არ მიაჩნია.
-"მე არ მგონია გონივრული ქუჩაში გასვლა, თანაც ვფიქრობ, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და ისედაც არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოს არჩევნების დღეს კიდევ უფრო არ დაამძიმებს".
"საქართველოს გზის" რუსთავის მერობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე კი გაყალბებაზე საუბრობს და არც ქუჩაში გასვლას გამორიცხავს.
-"ყველა რეგიონში რთული სიტუაციაა, მაგრამ ყველაზე მძიმე მდგომარეობა რუსთავშია. "ქართული ოცნება" ემზადება არჩევნების ტოტალურად გასაყალბებლად. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც ამ ხელისუფლების ოპოზიციად თვლის თავს, რომ გავერთიანდეთ მათ წინააღმდეგ. გაყალბებას და "კარუსელის დატრიალებას" ID ბარათების საშუალებით აპირებენ. მოდიან ადამიანები ჩვენთან და გვეუბნებიან, რომ მათ მისამართებზე სამი ადამიანის ნაცვლად, ხუთი-ექვსი და მეტი ადამიანია ჩაწერილი. 15 ივნისის არჩევნების შემდეგ, თუკი მათი კანდიდატი გაიმარჯვებს, არ დავუშვებთ ამ უსამართლობას და ქუჩაში აქციებს დავიწყებთ!"
არც "ლეიბორისტების" თბილისის მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე აპირებს "გულ-ხელდაკრეფილი" ჯდომას.
-"მე ძალიან ბევრი მომხრე მყავს და ბევრი ხმებიც მექნება, მაგრამ თუ ეს გააყალბეს, მე არა ვარ ის ქალი ერთი ცრემლი ჩამოვაგდო, ხელი ჩავიქნიო, წავიდე სახლში და დავჯდე, არა, ბატონო, მე პროტესტს გამოვაცხადებ და თუ ბატონი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არ დაუშვებს სხვა პარტიის გამარჯვებას, არც ჩვენ დავუშვებთ გაყალბებას".