ირაკლი ღარიბაშვილი:-"დღეს საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"დღეს საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს"

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის წინასაარჩევნო მომართვას ავრცელებს და იმედს გამოთქვამს, რომ დღეს საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს. 

   "15 ივნისს, ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარება იქნება კიდევ ერთი ტესტი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით უნდა ჩააბაროს. 

სწორედ ამიტომ, ეს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველას - ხელისუფლებასაც და ხალხსაც.

   ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ  დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მისი მტკიცე და ურყევი ნებაა. ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ აბსოლუტურად თავისუფალი კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად. საარჩევნო ადმინისტრაციამ და მისმა თანამშრომლებმა ყოველგვარი ჩარევის გარეშე უნდა განახორციელონ თავისი საქმიანობა. ხელისუფლება არ ჩარეულა და არც ჩაერევა მათ საქმიანობაში. დღეს თითოეულ ამომრჩეველს აქვს სამართლიან და მშვიდ გარემოში, საკუთარი სინდისის კარნახით თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, ყველას შეუძლია ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს. მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენ დავიცავთ თითოეული ამომრჩევლის ხმას! 

   მინდა, მოვუწოდო სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ წესრიგი ყველგან, რათა არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში. დაუყოვნებლივ აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაცია და სამართალდარღვევა, რომელმაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს არჩევნების პროცესს. 

მოვუწოდებ უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ მხარდამჭერებს, არ დაუშვან ძალადობა, არ დაუშვან ისეთი ქმედება, რომელმაც შეიძლება იმიჯი შეულახოს ჩვენს ქვეყანას.

   მოვუწოდებ ამომრჩეველს, მოვიდეს და ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს. თვითმმართველობის ახალი კოდექსით ადგილობრივი ხელისუფლების არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. 

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩავატარებთ მაღალი სტანდარტების არჩევნებს, რომლის შედეგების სამართლიანობაშიც ეჭვი არავის შეეპარება. ამ არჩევნების წარმატებით ჩატარებით ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს დემოკრატიული განვითარების გზაზე", - ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: