სოხუმის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

სოხუმის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

   დათო საყვარელიძემ რადიოპიესა "ნავიგატორი" სცენაზე გააცოცხლა.

   26, 27 და 28 ივნისს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტურ სცენაზე სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სპეკტაკლ "ნავიგატორის" პრემიერას წარმოადგენს. 

   ლაშა ბუღაძის პიესა " ნავიგატორი" 2011 წლის "BBC"-სა და ბრიტანეთის საბჭოს თაოსნობით გამართულ რადიოპიესების კონკურსში გამარჯვებულია და ამავე წლის ბოლოს დაიდგა "BBC"-ს რადიოში და მასში ბრიტანელმა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა. ამონარიდები "BBC"-სა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ წლის საუკეთესო რადიოპიესების კონკურსის ჟიურის შეფასებებიდან:

   "ესაა ორიგინალურად მოყოლილი, თითოეული ადამიანისთვის ახლობელი ამბავი. ჟიური მოხიბლა რეალობისა და აბსურდის ზღვარზე მყოფმა სიუჟეტმა, ადამიანის მარტოობის ტრაგიკომიკურმა აღწერამ და პერსონაჟების კარგად გამოკვეთილმა ხასიათებმა".

   "პიესა ძალიან ავთენტური, ამავე დროს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრისთვის ახლობელი და გასაგებია... პერსონაჟების ხასიათი შესანიშნავად იგრძნობა, პიესა ნამდვილად რადიოსთვისაა შექმნილი". პიესამ მიიღო "საბა" 2012 წელს.

   " ნავიგატორი" - ეს არის ფანტასტიკა ადამიანზე, რომელსაც გარკვეული კომპლექსები აქვს. პიესის მთავარი გმირი მამაკაცია, რომელიც ჩაკეტილია და სხვებთან კომუნიკაცია უჭირს.  თუმცა, ერთი შემთხვევა ცხოვრებას მთლიანად შეუცვლის... სამსახური მას ისეთ მანქანას მისცემს, სადაც ნავიგაციის სისტემაა დამონტაჟებული, ნავიგატორს ქალის ხმა აქვს. თავიდან ის ფორმალურ რჩევებს იძლევა, შემდეგ მათი დიალოგი ჩვეულებრივ ტექნიკურ კონტაქტს ცდება და იქამდე მიდის, რომ მათ შორის გრძნობა ჩნდება...

   "ამ სპექტაკლით, სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმზღვანელის რანგში, პირველად წარვდგები მაყურებლის წინაშე. ამიტომ ორმაგად ვნერვიულობ. ძალიან მინდა, რომ მოხვიდეთ და დაესწროთ! თქვენი მოსვლით მხარს დაუჭიროთ ჩემს საყვარელ თეატრს და დარწმუნებული ვარ ისიამოვნებთ სპექტაკლით" - განაცხადა ჩვენთან საუბრისას რეჟისორმა დავით საყვარელიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: