რატომ უნდა ჩამოვკიდოთ ირინა სარიშვილს „გულთმისნის“ ორდენი?!
როცა ქართული საზოგადოება ეიფორიაში იყო და ივანიშვილის გაპოლიტიკოსების გამო ხბოს აღტაცებას ვერ მალავდა, არჩევნებამდე სამი თვით ადრე ირინა სარიშვილმა „ივერონის“ პრეს-კლუბში მისთვის დამახასიათებელი დამაჯერებელი ტონით განაცხადა:
„არა აქვს მნიშვნელობა რა შედეგებით დამთავრდება ეს არჩევნები - „ნაცები“ იქნებიან პირველ ადგილზე თუ „ქოცები“... ორივე ერთი და იგივე ძალაა, სხვადასხვა გვარ-სახელით და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მაინც მიუღებელი იქნება, რადგან ხელისუფლებაში არ მოვა ძალა, რიომელსაც ჩვენ ველოდებით. ასე რომ, არჩევნები რომ დამთავრდება, ერთსაც უნდა მოვცხოთ და მეორესაც“.
ეიგორიაში მყოფი საზოგადოებისთვის, რომელმაც ბიძინა ივანიშვილში ლამის მესია (მხსნელი ) დაინახა, სარიშვილის განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა და მედიაში თუ პირად საუბრებში შეურაცხყოფილი ეპითეტებით შეამკეს იგი.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგ-ზოგიერთებს ყური ისევ აქვთ დახშობილი და თვალებზე ლიბრი აქვთ გადაკრული, ხანმოკლე პერიოდმაც დაადასტურა ირინა სარიშვილის განცხადების ჭეშმარიტება _ „ნაცები“ და „ქოცები“ სიამის ტყუპები რომ არიან, ამას მტკიცება უკვე არ სჭირდება. ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ (ფიქრის დრო არც არის, უნდა ვიმოქმედოთ!), როგორ გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან ისე, რომ ისევ ყალბი დაპირებების და ასევე ყალბი იდეოლოგიის (ზოგი პატრიოტობს, ზოგი ეროვნულ ფასეულობებს არის ამოფარებული) მსხვერპლი არ გავხდეთ!
თუ ბიბლიური მოსეს მაგალითზე ვიტყვით, ჯერ კიდევ ორ ათეულ წელზე მეტი გვაქვს გასავლელი, „აღთქმულ ქვეყანაში“ რომ ვიცხოვროთ!..
XXI საუკუნე ფარისევლების მომძლავრების საუკუნეა - ცრუ იდეოლოგების და ცრუ პატრიოტების საუკუნე. თუ ობიექტურად შევაფასებთ, საქართველოს არც ცრუ იდეოლოგები აკლია და არც ცრუ პატრიოტები. ამის გათვალისწინებით, პოლიტიკურ ორბიტაზე (სიტყვა „პოლიტიკა“ ძალიან უარყოფით ასოციაცის იწვევს ჩემში ამ ცრუ და უზნეო პოლიტიკოსების შემხედვარეს) ახალი ადამიანები უნდა გამოჩნდნენ, რომლებიც მახინჯი იდეოლოგებით არ არიან გაბრუებულნი და არც ვიწრო პარტიული ინტერესებისადმი. ბრმა მორჩილების გამოცდილება გააჩნიათ!
მე არ ვცემ პატივს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ წარმონაქმნებს (პარტია იქნება ეს თუ მოპარტიო ელემებტი), რადგან, მიმაჩნია, რომ მათი მისწრაფებები მოწყვეტილია ეროვნულ ფასეულობებს და მათ აზროვნებას სახელმწიფოს ინტერესებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომის ნიშანწყალიც არ ეტყობა.
სწორედ ამიტომ ვწერდი ჩემს ერთ-ერთ სტატიაში „დროა პოლიტიკური პარტიები მოვხვეტოთ და ნაგავში მოვისროლოთ“-მეთქი.
მართალია, ყველა თავისებურად ჭრის და კერავს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და მას ანგარიში უნდა გავუწიოთ _ გამოსაშვები სისხლი უნდა გამოვუშვათ (რაც შეიძლება მალე), ერთხელაც ხეირიანად დავიხუვლოთ და გზასაცდენილ ერს უფალი გზასაც გამოგვიჩენს.
ვიღაცები შემოდგომაზე ქუჩის აქციებს და რევოლუციას აანონსებენ. ჩვენ უნდა დავასწროთ _ ავჯანყდეთ ბოროტებაზე, თუნდაც დაუნდობელი ბრძოლა გახდეს საჭირო. სხვანაირად როგორც ერი ვერ გადავრჩებით!
და ბოლოს: თუ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია პოლიტიკურ პროგნოზისტობაზე, პირველ ადგილზე ირინა სარიშვილს დავაყენებდი და მას „გულთმისნის“ ორდენით დავაჯილდოვებდი. მან პირდაპირ გვითხრა როგორ იკვრებოდა გორდიას კვანძი, მაგრამ ვინ დაუჯერა... ახლა ამ კვანძის გახსნა რთულია, მაგრამ შესაძლებელი.
მჯერა ქართული სული მალე გამოიღვიძებს და ერთიანად იხუვლებს!
ზაურ ნაჭყებია