„ტოიოტა“, რომელსაც „ლიტერატურული საქართველო“-ს გამოცემა შეეწირა
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩემმა არცთუ ისე ახლო მეგობარმა ერთ-ერთ ცნობილ მილიონერს, რომელიც მაშინ პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკურ ბატალიებში იყო ჩართული, სთხოვა დაეფინანსებინა გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ გამოცემა. თან არწმუნებდნენ, რომ წივწივაძის ავტორიტეტი მასთან ასოცირებულ პარტიას წაადგებოდა.
შეხვედრას მეც ვესწრებოდი და რადგან ახლოს ვიყავი საგამომცემლო საქმიანობასთან, გაზეთის მთავარ რედაქტორთან, ბ-ნ თამაზ წივწივაძესთან შეხვედრა და დეტალებში გარკვევა დამევალა. მეც სიამოვნებით ვიკისრე ეს მისია, რადგან სტუდენტობიდან მოყოლებული მიყვარდა „ლიტერატურული საქართველო“ და ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდებოდი გაზეთის გამოსვლას!
წივწივაძესთან შეხვედრა შედგა. ვთხოვე წარმოედგინა ხარჯთაღრიცხვა, რაც დაკავშირებული იყო გაზეთის განახლებასთან - ერთჯერადი და ყოველთვიური ხარჯები. დავიშოკე, როცა მთავარი მოთხოვნა „ტოიოტას“ ფირმის ახალთახალი მანქანის შეძენა იყო, რომელიც დაახლოებით 70 ათასი ლარი გვიჯდებოდა, არც სხვა ხარჯები იყო მაინცდამაინც „ქამრის მოჭერის“ პრინციპით დათვლილი. სხვა დანარჩენზე არ დავწვრილმანდები!..
ბატონი თამაზი კი დავაიმედე, მაგრამ წინასწარ ვიცოდი, რომ „ლიტერატურული საქართველო“ იმ ფულიანი კაცის წყალობით დღის სინათლეს ვერ იხილავდა, რადგან, ის ასე იოლად არ „იწველებოდა“.
სამწუხაროდ, ასე შეეწირა მაშინ ახალთ-ახალ „ტოიოტას“ „ლიტერატურული საქართველო“.
მართალია, მოგვიანებით გაზეთის გამოცემა განახლდა, მაგრამ ის ნამდვილად „ის“ არ არის, რაც უნდა იყოს - მისგან მხოლოდ სახელწოდება დარჩა, რის გამოც გაზეთი უკვე გემოვნებიანი მკითხველის გულებამდე ვერ მიდის.
მე მაინცდამაინც არ მიყვარს სკანდალური თემების სამზეოზე გამოტანა, მითუმეტეს, ძალიან ვერიდები ადამიანებთან დაპირისპირებას, მაგრამ ეს ყველაფერი იმ ყრილობის გამოძახილია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მწერლობა, როგორც ფენომენი, საფრთხეშია!
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სწორედ თამაზ წივწივაძე გახლავთ იმ შემოქმედებითი კავშირის („მწერალთა აკადემია“) ხელმძღვანელი, სადაც საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირიდან პროტესტის ნიშნად წამოსული მწერლები გაერთიანდნენ.
თუ ობიექტურად განვსჯით, მწერალთა აკადემიამ უმოკლეს დროში უკვე ამოწურა თავისი ფუნქციები (დღითიდღე მატულობს აკადემიის ხელმძღვანელობის მიმართ უკმაყოფილოთა რიცხვი), ხოლო კავშირიდან პროტესტის ნიშნად გამოქცეულებმა ხელიდან გაუშვეს შანსი - გაემრთელებინათ ჩატეხილი ხიდი და ისევ გაერთიანებულიყვნენ. ამით მე აქცენტი არა იმდენად კავშირის სარგებლიანობაზე გადამაქვს, რამდენადაც მწერალთა ერთად ყოფნის აუცილებლობაზე.
თუმცა, აშკარაა - გათითოკაცების და ერთმანეთის დაჭმის (თუ დაღრღნის) ბაცილამ ეტყობა აქაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი.
P.S. დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ჩემს სტატიას „თვითჩარეცხილები, ანუ აურზაური მწერალთა სალხინეთში“. ტენდენციურობაში ვერავინ დამადანაშაულებს, რადგან კეისარს კეისრისა ნამდვილად მიეზღო, მაგრამ, ერთ რამეში ვეთანხმები მწერალთა აკადემიის წარმომადგენლებს: მწერალთა კავშირის მესვეურებმა ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში სააკაშვილის რეჟიმის ზეწოლითა და, როგორც ამბობენ, მათივე ხელშეწყობით გაანიავეს მწერალთა ქონება (ყოველ შემთხვევაში რეალობა ასეთია).
ამასთან, კიდევ უფრო უსიცოცხლო გახადეს მწერალთა კავშირის, როგორც შემოქმედებითი გაერთიანების საქმიანობა, რომელსაც ორგანიზაციის გახლეჩა მოჰყვა. თუმცა, მიმაჩნია, რომ გაქცევა გამოსავალი არასდროს არ არის _ შიგნიდან უნდა იბრძოლო და „ორგანიზმი“ სარეველებისაგან უნდა გაწმინდო.
მეორეც, გააჩნია ვის მიყვები, ვის ირჩევ წინამძღოლად, რომ ვაის გავეყარე, უის შევეყარე-ს პოზიციაში არ აღმოჩნდე და სანანებელი არ გაგიხდეს...
რამდენადაც ვიცი, არც მწერალთა ახალდაფუძნებული აკადემია აღმოჩნდა მონოლითური გაერთიანება.
ვეთანხმები პოეტ ლია რუსიაშვილს, რომ ლიტერატორთა ახალი შემოქმედებითი გაერთიანებაა საჭირო, მაგრამ „ახალი სისხლით“ და ახალი სახეებით!
ზაურ ნაჭყებია