რა შუაშია ლევან ვასაძე ტელეკომპანია "იმედთან"?!

რა შუაშია ლევან ვასაძე ტელეკომპანია "იმედთან"?!

ამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "იმედს" ლევან ვასაძის სახით ახალი პატრონი ეყოლება.

მავანი ვასაძის ამ გადაწყვეტილებას მის ბოლოდროინდელ გააქტიურებას უკავშირებს (მხედველობაშია მიმართვა პარლამენტისა და მთავრობისადმი და საკმაოდ სკანდალური ტელეინტერვიუები) და მიიჩნევენ, რომ იგი სერიოზული ნახტომისთვის ემზადება!

ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა არჩევნების დღესვე გავრცელებულმა ინფორმაციამ "იმედის" მენეჯმენტის გადადგომის თუ გადაყენების თაობაზე.

მართალია, ეს ინფორმაცია ტელეკომპანიის მესვეურებმა არ დაადასტურეს და მას მორიგი ჭორი უწოდეს, მაგრამ დღევანდელმა მიმართვამ "იმედის" თანამშრომლებისადმი კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება.

გთავაზობთ ტელეკომპანია "იმედის" მენეჯმენტისა და საინფორმაციო საბჭოს მიმართვას თანამშრომლებისადმი, რომელიც "პირველმა რადიომ" ექსკლუზიურად გაავრცელა

"ძვირფასო მეგობრებო! ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ტელეკომპანიის თანმიმდევრული რეფორმირება მოწვეული სპეციალისტების მეშვეობით, როგორც ახალი ამბების სამსახურის, ასევე მთელი ტელეკომპანიის ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფად. ეს თქვენ მოგცემთ საშუალებას, პროფესიულად უფრო "გაიზარდოთ", ტელეკომპანიას კი მისცემს საშუალებას, გავიდეს მუშაობის და მაუწყებლობის ახალ ეტაპზე.


დავიწყოთ ახალი ამბებით: მოგეხსენებათ, ახალი ამბების რეფორმირების პირველი ეტაპი - ინფორმაციის მოგროვების და პრობლემების დიაგნოსტირების ეტაპი - 2013 წლის შემოდგომაზე განხორციელდა. 2014 წლის ზაფხულში განხორციელდება რეფორმირების შემდეგი, დაგეგმილი ფაზა. უახლოესი რამდენიმე თვის რეფორმის უმთავრესი მიზანია, შევინარჩუნოთ გუნდის აწყობილი მუშაობა, მოგცეთ საშუალება, გაიაროთ ახალი ტრენინგები, აითვისოთ ახალი უნარ-ჩვევები, შეისწავლოთ ახალ ტექნიკასთან მუშაობა და გლობალურად - შევქმნათ ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა ტელევიზიის, რადიოსა და ვებ-რესურსებისთვის.


რეფორმის მეშვეობით ასევე აუცილებელია სატელევიზიო მასალის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტების დონეზე გასვლა.


იმის გამო, რომ ამოცანა ამბიციურია, ჩვენ გადავწყვიტეთ, შევთავაზოთ საინფორმაციო დეპარტამენტის დირექტორს, ბაია ცანავას, გახდეს ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, პატარკაციშვილების ოჯახის წევრებთან ერთან. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და "იმედის" ცოდნა მოგვცემს საშუალებას, გავხადოთ ჩვენი საქმიანობა უფრო პროდუქტიული; საბჭო უკეთ იქნება ინფორმირებული, ბაია ცანავას მასში ყოფნა კი საშუალებას მისცემს საბჭოს წევრებს, უკეთ დაინახონ და აღიქვან ტელეკომპანიის პრობლემები, სირთულეები და საჭიროებები.


ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბაია ცანავას ხელმძღვანელობით და თქვენი გუნდის შრომის შედეგად, "იმედი" ინარჩუნებს მაღალ ნდობის რეიტინგს და ინფორმაციის მიწოდების დაბალანსებულ ხასიათს. ჩვენ ვამაყობთ თქვენი საქმიანობით.


ყველანაირი სპეკულაციების გამოსარიცხად, გვინდა ასევე დავადასტუროთ, რომ წლის დასაწყისში დამტკიცებული ბიუჯეტი, ასევე ტექნიკის ეტაპობრივი განახლება განხორციელდება დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.


ჩვენ დიდ იმედს ვამყარებთ თქვენს ურთიერთგაგებაზე, თანამშრომლობასა და რეფორმის პროცესში კონცენტრაციაზე, რათა ვეცადოთ და ჩამოვაყალიბოთ ახალი საინფორმაციო პლატფორმა და ახალი ტიპის ტელევიზია", - ნათქვამია მიმართვაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: