დავით ლორთქიფანიძე:-"ფაქტი, რომ ციხეში მყოფი ადამიანი ამარცხებს სახელისუფლებო კანდიდატებსაც კი, ეს სისუსტეზე მიანიშნებს"

დავით ლორთქიფანიძე:-"ფაქტი, რომ ციხეში მყოფი ადამიანი ამარცხებს სახელისუფლებო კანდიდატებსაც კი, ეს სისუსტეზე მიანიშნებს"

   -"ხონში მეორე ტურში გავიდა ადამიანი, რომელიც ციხეში ზის. ეს არის "ნაცმოძრაობის" კანდიდატი, ყოფილი გამგებელი ჯიბუხაია. ამ ადამიანის მიმართ სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, მას აქვს გამარჯვების შანსი და სასამართლო იძულებული გახდება გაათავისუფლოს. კი, ბატონო, კანონი ასეთია და ყველა უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ციხეში მყოფი ადამიანი ამარცხებს სახელისუფლებო კანდიდატებსაც კი, ეს შენს სისუსტეზე მიანიშნებს და არა მის სიძლიერეზე. მე არ ვარ ჩასაფრებული, თუ არ დავსხედით, თუ არ გავაანალიზეთ რა მოხდა, წინ წაწევა გაგვიჭირდება. საქართველოში არჩევნები დღეს არც დაწყებულა და არც დამთავრებულა, ჩვენ მოვდივართ 2012 წლის არჩევნებიდან და ამ მინდორზე იმდენი ნაღმია დარჩენილი, ზოგ ადგილში ჩვენ ავფეთქდით. თუ ახლა ნაღმებს არ მოვიშორებთ, მოვა კიდევ საპარტლამენტო არჩევნები და უფრო ბევრ ადგილზე ავფეთქდებით. სოსო ჯაჭვლიანი ამათ ძალიან გაანაწყენეს ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. კაცს მოუგონეს, უბნებზე მთვრალი დადიხარო და ცნობაც კი ააღებინეს, რომ მთვრალი არ იყო. სოსოს ეგონა, თუ მაშინ გაჩუმდებოდა, ადგილობრივ არჩევნებში სიტუაცია შეიცვლებოდა. მე ვარ, სოსო ჯაჭვლიანია თუ სხვები არიან, ამ ყველაფერზე პასუხები გვინდა. იქნებ ჩვენ დავაშავეთ რამე? კი ბატონო, საკრებულოებში, მათ შორის თბილისშიც, ჩვენი კანდიდატები გავიდნენ, გავიმარჯვეთ, მაგრამ არის საკითხები, რაც არ იმალება. ბევრი ისეთი გავიდა, ვისაც მე ახალი სახელი მოვუგონე და ახლა უნდა დავაპატენტო – მაგათ ჰქვიათ "ნაცოცები". იცოცეს "ნაცებიდან", გადმოცოცდნენ "ოცნებაში", ახლა მანდატები ჩაიდეს ჯიბეში და არიან "ჩვენიანები", 41 ნომერი უწერიათ. უკაცრავად, ეგენი ჩემიანები ვერასოდეს იქნებიან. ჩემიანები არიან ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დარჩნენ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს არაფერს ნიშნავს, ძალიან ცდება. რამდენიმე დღის წინ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, საკრებულოში ისევ ის ხალხი შემოვიდა, ვისაც უსაშველო პრემიები აქვს არებული, მაგ პრემიებს ცხვირიდან ძმრად ვადენო. თუ ალეკო ამას გააკეთებს, საზოგადოებას ძალიან მოეწონება. ამიტომ ვამბობ, პრემიერ-მინისტრს გვერდში უნდა ჰყავდეს დაფიქრებული და სერიოზული ადამიანები. მარჯვენა ხელმა უნდა იცოდეს, რას აკეთებს მარცხენა ხელი. ირაკლი ახალგაზრდა კაცია და მინდა, რომ წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყოს, მაგრამ თუ მას იმის საშუალებას არ მისცემენ, დეპუტატებს დაელაპარაკოს, მაშინ არაფერი გამოვა. როდესაც მეუბნებიან, თქვენი ხედვა წარმოგვიდგინეთ, რეკომენდაციები მოგვიტანეთო, ამ ყველაფერს რომ გააკეთებ და არაფერს გაითვალისწინებენ, როგორ უნდა მოიქცე? იცი რა გააკეთა ზოგიერთმა "ნაციონალმა", რომელიც "ოცნებაში" გადმობარგდნენ 2012 წლის შემდეგ? შემოვიდნენ ჩვენთან, თავი გადაირჩინეს და ამ არჩევნებში ბურჯანაძის პარტიიდან იყარეს კენჭი. ეს არ არის განსახილველი საკითხი? თუ რომელიმე დეპუტატს რამე არ მოსწონს, ამისთვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა – ის უნდა წავიდეს. ბოდიში რაა... ჩვენ პარლამენტში არ მივსულვართ რევერანსებისთვის და რაღაცეების მოსაწონებლად, ჩვენ მივედით ქვეყნის ასაშენებლად. მე ხაზგასმით ვამბობ: კოალიციიდან ის ხალხი კი არ უნდა წავიდეს, ვისაც გული სტკივა და პრობლემებზე ლაპარაკობს, არამედ ის ხალხი უნდა წავიდეს, ვინც ამას ხელს უშლის!"-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე "ალიასთან" საუბარში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: