ირაკლი ღლონტი:-"დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სახეზე გვაქვს არაეფექტური ადმინისტრირება და ქართული ეკონომიკის ვარდნა"

ირაკლი ღლონტი:-"დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სახეზე გვაქვს არაეფექტური ადმინისტრირება და ქართული ეკონომიკის ვარდნა"

   შინაგან საქმეთა სამინისტროს, 112-ის დანერგილ ახალ სერვისს, რომლის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ევაკუირება მოხდება "რეფორმატორების" ლიდერი, ირაკლი ღლონტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ინოვაციით  ქვეყანაში, ამ ბიზნესით დაკავებული 100-მდე სამეწარმეო სუბიექტისათვის  არაჯანსაღი, არაკონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნება. მისივე თქმით ქართული ეკონომიკა ვარდნას განიცდის და უამრავი ადამიანი სიდუხჭირის პირას დგას.

   -"ჩვენ 20-მდე კომპანიას დავუკავშირდით და ვკითხეთ გაიარა თუ არა კონსულტაციები ხელისუფლებამ მათთან, შეექმნებათ თუ არა პრობლემები მათ ბიზნესს, ყველამ ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევაზე.  თვლიან, რომ გაუჭირდებათ არათანაბარ პირობებში უკვე სახელმწიფო სამსახურთან კონკურენცია. მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით 50-მდე კომპანია თუ ინდივიდუალური მეწარმე ფუნქციონირებს, სადაც დასაქმებული არიან ადამიანები, გარდა ამისა,  რეგიონებში ადამიანებმა საცხოვრებელი სახლებიც კი იპოთეკით დატვირთეს, შეიძინეს ევაკუატორის მანქანა და ამით არჩენდნენ ოჯახებს, ხელისუფლებამ, დღეს,  მათ საფრთხე შეუქმნა. სამწუხაროდ, ბიზნესთან მიმართებაში გრძელდება წინა ხელისუფლების მიერ დანერგილი მახინჯი ტენდენცია. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე დაცვის კომპანიებს პრობლემები შეუქმნა ხელისუფლებამ და არ მისცა მათ განვითარების საშუალება, როცა შეიქმნა დაცვის პოლიცია, როგორც სახელისუფლებო მექანიზმებს ამოფარებული მონოპოლისტი ,,სახაზინო საწარმო'', სადაც ხელისუფლების უმაღლესი პირები დაკმაყოფილებული არიან მაღალი ხელფასებითა და პრემიებით, ხოლო დაცვის პოლიციელებს უხდიან მათხოვრულ ხელფასს, ისიც ხშირ შემთხვევაში არასრულად.

  ქვეყანა  ეკონომიკური პოლიტიკის უმძიმესი რისკებისა და გამოწვევების წინაშე დგას. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სახეზე გვაქვს არაეფექტური ადმინისტრირება, რის შედეგადაც ქართული ეკონომიკა განიცდის ვარდნას. ტოტალური უმუშევრობის პირობებში ხდება უცხოელი ინვესტორების მასიური გადინება, უამრავი ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილს, კარგავს სახლს, კარგავს იმედს და დაკარგა ოცნება. ქართული ეკონომიკა დაფუძნებული უნდა იყოს კონკურენციაზე, ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკაზე და თავისუფალ მეწარმეობაზე".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: