ირმა ნადირაშვილი კახა კალაძეს-"იცნობთ თუ არა კანონიერ ქურდ "რემენას" და რა კავშირი გაქვთ მასთან?"
უმცირესობის წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი უკრაინულ პრესაში გამოქვეყნებულ ქართველი კანონიერი ქუდრის დაკავების ინფორმაციას გამოეხმაურა და ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა.
-"უკრაინულმა პრესამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 5 დღის წინ უკრაინაში დააკავეს ქართველი კანონიერი ქურდი, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი რომან ბარბაქაძე, მეტსახელად "რემენა". დაკავების დროს მან უკრაინელ სამართალდამცავებს წარუდგინა ყირზეთის მოქალაქის, რამინა ალხაზოვის პასპორტი. დაკავების შესახებ უკრაინის მილიციამ აცნობა საქართველოს საკონსულოს და კიევის შევჩენკოს რაიონის საიმიგრაციო სამსახურმა ის გამოადეპორტა დროებითი მოწმობით.
ჩვენ დამატებით მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომელსაც გაგაცნობთ: მისი ავიაბილეთის ნომერი იყო 566-2401199315; რეისის ნომერი Pშ 517; თვითმფრინავი გამოფრინდა ბორისპოლის ტერმინალიდან 21 ივნისს 19:35 საათზე.
თბილისში მოვლენები ასე განვითარდა: რომან ბარბაქაძეს აეროპორტში ელოდებოდა კრიმინალური პოლიცია, რომ გაეტარებინა კანონით გათვალსიწინებული ზომები და დაეკავებინა, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი. თვითმფრინავის დაჯდომის მომენტში აეროპორტში გამოჩნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები. მათ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ასრულებდნენ ვიცე-პრემიერ კახი კალაძის დავალებას: კერძოდ, მათი თქმით, "რემენა" იყო არა კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი.
შსს გენერალურმა ინსპექციამ ძებნილი პირი თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნა და რომან ბარბაზაძე ისე გაიყვანა აეროპორტიდან, რომ მის მიერ საზღვრის კვეთაც კი არ ფიქსირდება.
შეკითხვით მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს-როდესაც ისინი ორიენტირებულნი არიან ყველა ღონისძიების და ჩატარებული ოპერაციის მაქსიმალურ გაშუქებაზე, რატომ არ მიაწოდეს საზოგადოებას ინფორმაცია კანიერი ქურდის დეპორტაციის თაობაზე?
-შეკითხვით მივმართავთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს-იმყოფება თუ არა აღნიშნული პიროვნება სასჯელაღსრულების რომელიმე დაწესებულებაში?
ჩვენი ინფორმაციით, "რემენა" დაკავებული არაა და სასამართლოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე არ უმსჯელია თხოვნით მივმართავთ სახალხო დამცველს, გამოიყენოს თავისი დისკრეცია 24-სათიანი მონიტორინგის შესახებ და გაავრცელოს ინფორმაცია ამ ადამიანის ადგილსამყოფელის შესახებ.
შეკითხვით მივმართავთ ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს-იცნობს თუ არა კანონიერ ქურდ "რემენას" და რა კავშირი აქვს მასთან?"