თამარ ჩხეიძე: ეს ხელშეკრულება გონივრული პოლიტიკის გატარების გარეშე, არავითარ გარანტიას არ იძლევა
ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს აფასებს „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე:
_ ასოცირების ხელშკრულების გაფორმება ევროპასთან დადებითი და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რომელზეც ხელისუფლება იძულებით მიდის, რადგან ეს უკვე დასავლეთს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. ამჯერად, ვერც რუსეთმა შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ მუდმივად აგრძელებს ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკას ჩვენს ტერიტორიებზე. სამწუხაროდ, ვიდრე რუსეთი საკმარისად არ დასუსტდება, როგორც იმპერია, დიდი სიფრთხილე და გონიერებაა საჭირო, რაც, ჩვენი ხელისუფლებისაგან ნაკლებად მოსალოდნელია. დიდი საფრთხე გვემუქრება რუსეთის მხრიდან, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთს და ცხინვალს საბოლოოდ დავკარგავთ, თუმცა, თავისთავად, ეს ხელშეკრულება გონივრული პოლიტიკის გატარების გარეშე, არავითარ გარანტიას არ იძლევა.
რა დრო დასჭირდება ჩვენს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, დამოკიდებულია როგორც საქართველოს ხელისუფლებაზე, ასევე გლობალურ პოლიტიკაზე, რომელმაც უნდა გამოკვეთოს უახლოეს პერიოდში ძალა ვისკენ გადაიხრება _ რუსეთისკენ თუ დემოკრატიული სამყაროსკენ.
_ ცოტა ხნის წინ მამუკა არეშიძეს მოღალატე უწოდეთ, ამ ფაქტს ხომ არ გაგვიმარტავდით?
_ ეს იმდენად მარტივი საკითხია, განმარტებაც არ არის საჭირო. ყველა ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ დამოუკიდებლად უნდა ვცნოთ ჩვენი მიწა,_ სახელმწიფო მოღალატეა. ტერიტორიების დამოუკიდებლად ცნობა მის რუსეთისთვის გადაცემას ნიშნავს, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, განსხვავება თითქმის არაფერია ამაში. მას შემდეგ, რაც ეს წინადადება წამოაყენა, კარგა ხანს გაჩუმებული იყო, რადგან ვერ მიიღო ის რეაქცია, რასაც მოელოდა, მაგრამ გუშინ საჯარო ბიბლიოთეკაში „არასამთავრობოები“ შეკრიბა და კვლავ ამ საკითხის განხილვა წამოიწყო. არეშიძე არის მეხუთე კოლონის წარმომადგენელი, რომელიც პუტინის დავალებებს ასრულებს, _ სხვა მოტივაცია მის საქციელს არა აქვს!
ესაუბრა ნონა ქარქაშაძე