ლევან ჩაჩუა: მოლოდინი, რომ დღეს დაიძინებს ქართველი ერი და ხვალ პარიზში გაიღვიძებს, ძალიან გადაჭარბებულია.
ევროპასთან ასოცირებაზე ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური პარტია „ქართული პოლიტიკის“ ლიდერი ლევან ჩაჩუა აფასებს:
_ არავინ იცის, რა შეიძლება მოყვეს ამ ხელშეკრულებას და რას უნდა ველოდოთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. მკვეთრი გადახრები, რაც ისტორიულად ყოველთვის ტერიტორიების დაკარგვით სრულდებოდა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც აქტუალურია, მოლოდინი, რომ დღეს დაიძინებს ქართველი ერი და ხვალ პარიზში გაიღვიძებს _ ძალიან გადაჭარბებული.
თავად ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა სულაც არ ითვალისწინებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.
მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ არც კი იცის რას ზეიმობს. ხალხს ჰგონია, რომ ევროპაში შევედით, ევროპული სახლის წევრი გავხდით, მაგრამ ასე არ არის, ასეთივე შეთანხმებები აქვს ევროკავშირს მაკედონიათან, ალბანეთთან, მონტენეგროსთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, ტუნისთან, ისრაელთან, აფრიკულ ქვეყნებთანაც კი.
იმედი მინდა ვიქონიოთ, რომ ამ ხელშეკრულებას პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი თუ არ ექნება, ის მაინც მოხდება, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხი ამაღლდება, მცირე და საშუალო საწარმოები ამოქმედდება და უახლესი ტექნოლოგიით აღიჭურვება, ქართული სამამულო პროდუქცია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა, რის საფუძველზეც, უცხოურ საქონელს ჩვენს ბაზარზე ხარისხიანი ქართული პროდუქცია ჩაანაცვლებს. მაგრამ, განა საქართველოს მილიარდერებით დაკომპლექტებულ ხელისუფლებას ეს აქამდე არ შეეძლო?
_ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა, სავარაუდოდ, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანას და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას გაართულებს...
_ როგორც გუშინ თედო ჯაფარიძემ განაცხადა და მოსალოდნელიცაა, ჩვენ არ ველით ისეთ რეაქციას რუსეთიდან, როგორიც უკრაინასთან მიმართებაში იყო, მაგრამ შესაძლოა, რუსეთმა გააძვიროს, ან შეამციროს პროდუქციის შეტანა ბაზარზე. ჩვენი წარმოება კი ვერანაირად ვერ ჯდება ევროპულ სტანდარტებში და გამორიცხულია, რომ ქართულმა პროდუქციამ ევროპული ბაზარი დაიპყროს.
რაც შეეხება აფხაზებს და ოსებს, ისინი მკვეთრად გამოხატული კავკასიური ტრადიციის მქონე ერებია ოჯახთან და სიწმინდესთან მიმართებაში, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ და არასდროს მოისურვებენ ერთობას იმ საზოგადოებასთან, სადაც „ნაც-ქოცურმა“ მთავრობამ მამათმავლობისა და უკუღმართი ცხოვრების წესი დააკანონა. „ქართული ოცნება“ საქართველოს ისტორიაში უკვე ჩაიწერა, როგორც მამათმავლობის დამკანონებელი პარტია!
_ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის, ბატონო ლევან?!
_ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი კი არა, ძალიან მაღალი ტრიბუნიდან ნათქვამია, სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან ნათქვამი სიტყვებია, რომ _ არ დააკანონოთ სოდომ-გომორის ცოდვა, საქართველოს ყველაზე მაღალი იერარქის, პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომელიც ყურად არავინ იღო.
ჩრდილო კორეის მსგავსად, ერთი კაცი არ გამოჩნდა საქართველოს პარლამენტში, რომელიც ხმას ამოიღებდა ამ გარყვნილების დაკანონების წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ „ნაც-ქოცურმა“ ერთობამ შეთქმულების ხასიათი შეიძინა თავიანთი კულტურის და ტრადიციების წინააღმდეგ.
ძალიან დიდი რისკფაქტორები გველოდება და სასწრაფოდ და აუცილებლად მიმაჩნია რუსეთთან დიალოგის გამართვა.
მე არა ვარ პრორუსი პოლიტიკოსი, მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ქართველი _ არც ევროპელი, არც რუსი და არც თურქი! მაგრამ გარწმუნებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების გარეშე, პიარაქციებით ხალხის მოტყუება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.
ესაუბრა ნონა ქარქაშაძე