პაატა კოღუაშვილი:-"ათეული წლები არ სჭირდება, ქართული მიწა უცხოელების ხელში რომ აღმოჩნდეს!"

პაატა კოღუაშვილი:-"ათეული წლები არ სჭირდება, ქართული მიწა უცხოელების ხელში რომ აღმოჩნდეს!"

   რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული მორიტორიუმის გამო და როგორი საკანონმდებლო რეგულაციაა აუცილებელი, ექსპერტი აგრარულ საკითხებში პაატა კოღუაშვილი გვესაუბრება:

 _ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ უმოკლეს ვადაში არ მიიღო სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებაზე ახალი რეგულაცია, გამოუსწორებელი სამართლებრივი შედეგის წინაშე დავდგებით. სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე, კი საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის ემუქრება. 

ქართველი გლეხკაცის მიწიდან აყრის პოლიტიკას მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავარი იდეოლოგი კახა ბენდუქიძე ახორციელებდნენ. ეს იყო მათი მთავარი ამოცანა, ისინი ამბობდნენ, რომ სოფლის მეურნეობა არაკონკურენტუნარიანია, ამიტომ ფეხებზე დავიკიდოთ _ გლეხს თუ გადარჩენა უწერია, გადარჩება, თუ არა და დაიღუპოს, არაა ეს ჩვენი პრობლემაო. 

საკონსტიტუციო სასამართლომ, 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად სცნო კანონი, რომელიც უცხოელს უკრძალავდა, გამხდარიყო სასაოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე. 2013 წლის ივნისში კი ახლადარჩეულმა პარლამენტმა ჩათვალა, რომ 2014 წლის დეკემბრამდე მთავრობას 6 თვის ვადით უნდა უზრუნველეყო მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის მთლიანი სისტემის ორგანიზება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ახლადარჩეული პარლამენტი 2015 წლის პირველი იანვრისთვის ვერ მიიღებდა იგივე შინაარსის გადაწყვეტილებას, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. კანონმდებლობით მან უცხოელებზე სასოფლო–სამეურნეო მიწის გასხვისება დროებით შეაჩერა. 2014 წლის 24 ივნისს კი სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მის მიერ 2012 წლის გაუქმებული ნორმისა და პარლამენტის მიერ კვლავ მიღებული ახალი ნორმის შინაარსი იდენტური იყო. შესაბამისად, არსებითი განხილვების გარეშე ძალადაკარგულად გამოაცხადა მორიტორიუმი. 

 _ თუ მიწის გასხვისების მიზანი ორივე შემთხვევაში სხვადასხვა იყო, რატომ არ აღიარა ეს სასამართლომ, ვის აძლევდა ხელს მორიტორიუმის გამოცხადება?

 _ გასხვისების აკრძალვის მიზანი ორივე საქმეში ცალსახად სხვადასხვა იყო. თუ პირველ საქმეში კანონი უკრძალავდა უცხოელებს სასოფლო–სამეურნეო მიწის ფლობას, საქართველოს ეკონომიკურ–სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, მეორე სადავო ნორმის მიზანი ახალი საკანონმდებლო რეგულაციის შექმნა იყო, რომელიც მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ორგანიზებას უზრუნველყოფდა საქართველოს მთელ ტერტიტორიაზე. შესაბამისად, ბავშვიც კი მიხვდებოდა, რომ ამ ორ აკრძალვას სრულიად სხვადასხვა მიზანი და შინაარსი ჰქონდა. შეუძლებელია, სასამართლოს ვერ დაენახა ხანგრძლივობის განსხვავება, უცხოეთის მოქალაქის მიერ მიწის ფლობის სამუდამოდ აკრძალვასა და მის მხოლოდ დროებით შეჩერებას შორის. ეს იყო დროებითი მოვლენა, რომელიც 2014 წლის 31 დეკემბერს ძალას კარგავდა. მანამდე კი ხელისუფლებას უნდა მიეღო ცვლილებები სასოფლო–სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ კანონში, ანუ, დაეწესებინა თანამედროვეობის ჰარმონიზებული რეგულაციები უცხოელთათვის მიწის გასხვისების საქმეში, რაშიც განვითარებული ქვეყნების მდიდარი გამოცდილება უნდა გამოგვეყენებინა. 

სრული ზეწოლა განხორციელდა საკონსტიტუციო სასამართლოზე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ. მათ ეს აღაიარეს, ის ხალხი ისევ იქ მუშაობს, ამდენად, მათ ზუსტად იგივე გაიმეორეს, რაც, თავის დროზე სააკაშვილმა დაუკვეთა. 

 _ ბატონო პაატა, როგორი რეგულაციებია დაწესებული ევროპულ ქვეყნებში უცხოეთის მოქალაქეებზე?

 _ მაგალითად, ავსტრიის კანონმდებლობით, მიწა რომ იყიდო, ავსტრიაში მინიმუმ 10 წელი უნდა ცხოვრობდე, უნდა გქონდეს სასოფლო სამეურნეო განათლება, სოფლად ცხოვრების გამოცდილება და შესაბამისი კაპიტალი მიწაზე მუშაობისთვის, შენი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ავსტრიის სოციალურ–ეკონომიკურ– კულტურული განვითარების გეგმასთან. აბა, ჩადი და იყიდე ერთი კვადრატული მიწა შვედეთში, ნორვეგიაში, რუმინეთში, პოლონეთში, ამერიკაში...მთელი სანებართვო სისტემებია ამისთვის საჭირო. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ორჯერ მიიღო ამ საკითხზე გადაწყვეტილება, თვლიან, რომ მიწა განსაკუთრებული სოციალური ინტერესია გერმანიისთვის და ასე ადვილად ვერ მისცემენ უცხოეთის მოქალაქეს. ამას გვეუბნება ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლო, ამას გვეუბნება შვეიცარიის სასამართლო. აშშ–ში ისეთი მკაცრი რეგულირებაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი მდგომარეობით, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ პროცენტზე ნაკლებია უცხოელების ხელში. 

 _ თუ ასე გაგრძელდა, ათეული წლების შემდეგ რას მივიღებთ?

 _ არავითარი ათეული წლები არ სჭირდება იმას, რომ ქართული მიწის უდიდესი ნაწილი უცხოელების ხელში აღმოჩნდეს. საქართველოში სახნავი მიწების ფართობი სულ 800 ათასი ჰექტარია. სასწრაფოდაა შესამუშავებელი საქართველოს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის დაცვის პოლიტიკა, რომელიც ქართულ სოციალურ რეალობას და მდიდარ გამოცდილებას დაეყრდნობა: მისაღებია მიწათსარგებლობის ახალი რეალისტური კანონი, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში შესატანია რიგი ცვლილებები, სადაც თანამედროვეობასთან მორგებული იქნება უცხოელებზე სასოფლო–სამეურნეო მიწის გასხვისების რეგულაციები; საქართველოს მთავრობასთან უნდა შეიქმნას მიწის დაცვის ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის და იჯარით აღების ყოველ კონკრეტულ განცხადებას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჯერ–ჯერობით ჩვენ გავქვს საშუალება, შევარბილოთ დაშვებული შეცდომის შედეგი და ჩამოვაყალიბოთ საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც უცხოელთა მიერ მიწის საკუთრებაში შეძენას გარკვეული შეზღუდვებით დაარეგულირებს. 

 მიწა ნებისმიერ სახელმწიფოში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტადაა მიჩნეული და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში ამ ტიპის მიწის უცხოელებზე, მოქალაქეობის არმქონე პირებზე გასხვისება დაშვებულია მხოლოდ გარკვეული და კონკრეტული წინაპირობებით. 

უგუნური არავინ არის, უგუნურად საქართველო უნდათ, რომ აქციონ იმ თაღლითებს, რომლებიც ქართული კონსტიტუციის შინაარსის გაყალბების მეთოდით მიმართავენ პრინციპს _  ყველა თანაბარია!  _ ნურას უკაცრავად! ყველანი თანაბარი ვართ, ბევრ სხვა საკითხში, მაგრამ არა _ ქართულ მიწათან მიმართებაში. 

   დაბოლოს, მინდა, ქვეყანას მივულოცო ის ისტორიული ნაბიჯი, რასაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ჰქვია. ეს ფაქტი გვიხსნის გზას თანამედროვე ევროპული კეთილდღეობისაკენ და ხელმისაწვდომს გვიხდის დასავლურ კულტურულ ცივილიზებულ სიკეთეებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფეხი–ფეხზე უნდა გადავიდოთ და უკეთეს ცხოვრებას დაველოდოთ. კეთილდღეობის მისაღწევად თავდადებული შრომა, ხარისხიანი განათლება, ოფლის ღვრა და გონივრული პოლიტიკა გვჭირდება. 

ესაუბრა ნონა ქარქაშაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: