კადრს მიღმა დანახული მეორე მხარე

კადრს მიღმა დანახული მეორე მხარე

  კადრს მიღმა

  ადამიანი, რომელსაც საზოგადოება სულ სხვა კუთხით იცნობს, ადამიანი, რომელიც ტელეეკრანებიდან და გაზეთებიდან სხვადასხვა პრობლემებზე გვესაუბრება, ადამიანი, რომლისგანაც სიტუაციის ანალიზს და მოვლენების შეფასებას ელიან. სწორედ ასე იცნობს საზოგადოების დიდი ნაწილი ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრს, ანალიტიკოს დემურ გიორხელიძეს და მხოლოდ ახლობლებმა და მეგობრებმა იციან მისი მეორე მხარე-პოეზიის და პროზის სიყვარული...და არა მარტო სიყვარული...ის თავადაც წერს...

   "ივერიონი" დღეს მის ერთ ნოველას და ლექსებს გთავაზობთ, რომლებიც კარგად დაგანახებთ თუ როგორ იმალება ამ მკაცრი გამომეტყველების და მუდამ მომთხოვნი ტონის მიღმა იუმორი და ფაქიზი სული...დაინახავთ "მბორგავ სულში აცეკვებულ სევდას". 

 

"ბიძინიჩი" (ნოველა)

   მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან, ერთი გამორჩეული კოლორიტის მქონე კაცი შემორჩა ჩემს მეხსიერებას, რომელიც თავის თავში ატარებდა პირწავარდნილი ქუთაისელის საუკეთესო თვისებებს: ერთი მხრივ, კაცი დარბაისელი, უაღრესად თავაზიანი, იმერული პეწით გამორჩეული, სავსე იუმორით, მეორე მხრივ, სრული პარია, "ბაღის კიდეზე" (ქალაქის ყველაზე ცნობილი "ბირჟა") ცხოვრების უმოწყალოდ მფლანგველი და ქუთაისელთათვის ამ ღირსშესანიშნავ ადგილზე ნაცნობ-მეგობრებთან გაუთავებელი საჯარო დისკუსიებისა და განხილვების მონაწილე. 

... მას ყველა მამის სახელით იცნობდა — "ბიძინიჩი".

   ბიძინიჩი მეტად საპატიო და საპასუხისმგებლო საქმით იყო დაკავებული — სავაჭრო ქსელში არსებულ დარღვევბს ებრძოდა, — სტანდარტების განყოფილებაში მუშაობდა, რომელსაც ჩემი თანაქალაქელები, რატომღაც ზომა-წონის განყოფილებად მოიხსენიებდნენ. იმ დროში ეს ყველაზე "პროდუქტიული" და სარფიანი საქმიანობა იყო. ბიძინიჩი, ერთი მხრივ, მშრომელთა (ახლა იტყოდნენ "მომხმარებელთა") ინტერესების სადარაჯოზე იდგა, მეორე მხრივ, საკუთარ ინტერესებსაც არ ივიწყებდა და, — ბოლოს და ბოლოს, კაცნი ვართ! — დამრღვევის გონიერ საქციელსაც ხომ სჭირდებოდა დაფასება?!

   იმ დროის ქუთაისში, ვაჭრობის სფეროში, ძირითადად ებრაელები იყვნენ დასაქმებული. ქუთაისში ხომ ქართველ ებრაელთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემი უხსოვარი დროიდან სახლობდა. მათ ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ორასიოდე მეტრის მოშორებით, დიდი უბანი — შაუმიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული. გაგანია სოციალიზმის მშენებელ ქვეყანაში კაპიტალიზმი და საბაზრო ეკონომიკა იმ უბანში რომ ჰყვაოდა, ისე უნდა! შაუმიანის ქუჩა, მისი ყოველი ჩიხი, ეზო და სახლი ჭეშმარიტი საბაზრო ეკონომიკის ოაზისი და "ჩიტის რძე" რომ "ჩიტის რძეა", მისი უპრობლემოდ შოვნის (ქუთაისში და, საერთოდ, იმერეთში უყვართ ეს სიტყვა!) ადგილი იყო. 

   საბჭოთა მილიციის სპეციალური ხმაურიანი რეიდები, ქალაქის პარტიული თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მრისხანე გადაწყვეტილებები, მიმართული არალეგალური ვაჭრობისა და კერძომესაკუთრული (რა შესანიშნავი სიტყვაა!) ტენდენციების წინააღმდეგ, წმინდა ფასადურ ხასიათს ატარებდა და ებრაულ თემსა და ქალაქის საბჭოთა ხელისუფლებას შორის ფარული "თამაშის წესების" განუყოფელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა: მრისხანე პარტიული ხელისუფლება ქმნიდა იმიტაციას წესრიგისა და საბჭოთა იდეალების დაცვისა, ხოლო საქმიანი ებრაელები გაგებით ეკიდებოდნენ ხელისუფლების "თავდადებულ" ძალისხმევას სოციალიზმის ნათელი მომავლის მშენებლობისათვის და მრისხანების ამ რეციდივების პერიოდში, დროებით, ქუჩიდან ეზოებში გადაინაცვლებდნენ... 

ორი-სამი დღის შემდეგ, ცხოვრება ჩვეულებრივ კალაპოტს უბრუნდებოდა. 

   მოკლედ, საბჭოთა ხელისუფლებისა და ებრაელთა თემის კატა-თაგვობანას თამაში ქუთაისში დიდ თავშესაქცევ რამედ იყო ქცეული და საკმარისად კარგად ახალისებდა ჩემი თანაქალაქელების ერთფეროვან და ოდნავ მოსაწყენ ცხოვრებას. მაგრამ ყველაზე უცნაური მაინც ის იყო, რომ პერიოდული ბრძოლები ბურჟუაზიული გამოვლინებების წინააღმდეგ ოდნავადაც ვერ აფერხებდა ქუთაისელთა სწრაფვას შაუმიანის ქუჩისაკენ: გადაუდებელი საჭიროებით შეწუხებული ადამიანები იქ პოულობდნენ ყველაფერს, რისი წარმოდგენაც კი შეიძლებოდა — უცხოური წარმოების უნიკალური წამლებიდან დაწყებული, რომლის იმპორტიც საბჭოთა ხელისუფლებას არასოდეს განუხორციელებია, მოდური ტანსაცმლითა და ძვირფასეულობით დამთავრებული. 

   ამას ხელს უწყობდა ებრაელთა იშვიათი უნარი ადამიანებთან კონტაქტის დამყარებისა, გამორჩეული სპეციფიური იუმორი, განუმეორებელი ქცევის მანერა, ადამიანის ფსიქოლოგიის უნაკლოდ ცოდნა და მუდმივი მზადყოფნა გაეწიათ ნებისმიერი სამსახური გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ. 

ეს მათ ნამდვილად დიდოსტატურად გამოსდიოდათ! თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არაებრაელი უახლოესი ნაცნობ-მეგობრებისა და მეზობლების მიმართ ისინი ხელგაშლილი მხარდამჭერები და ჭირ-ვარამის დიდი გამზიარებლენი იყვნენ. 

   საუკუნეების განმავლობაში დევნილობაში მყოფ ხალხს იშვიათი თავდაჭერილობისა და კონსპირაციული საქმიანობის უნარი გააჩნდათ. მათი ნდობა შეიძლებოდა! 

კანონისა და უკანონობის საზღვარზე მოქმედ ებრაელებს, შესანიშნავად ჰქონდათ გამომუშავებული საკუთარი "სუსტი ადგილების" დაცვის უნარი და იშვიათი სიზუსტითა და ოპერატიულობით იგერიებდნენ საბჭოთა სისტემას დროებით თავშეფარებული "დარმაედი" ქუთაისელების შემოსევებს...ეს შეტევები მკაცრი რეგულარულობით ხასიათდებოდა, ხოლო ქალაქის ხელისუფლების გაავების პერიოდში რეგულარულობა ირღვეოდა და მაშინ ებრაელ ვაჭართა დაწიოკება ქაოსურ ხასიათს იღებდა. სწორედ ასეთი გაავებისა და სიმკაცრის განსაკუთრებულ პერიოდში, ბიძინიჩი და მისი მეგობარი,არანაკლები კოლორიტულობით გამორჩეული გივი (გივია) მესხი, სიფხიზლის სანიმუშო სეანსებს აწყობდნენ და უღრუბლო და ნათელი მომავლის მშენებლობის საქმეში არსებული ნაკლოვანებების გამოსწორებას ებრაელი ვაჭრებიდან იწყებდნენ. აქცენტი გასაგებია — ებრაელებს არ უყვარდათ რაიმეს გახმაურება, მით უფრო საბჭოთა ოფიციალურ სტრუქტურებში, განსაკუთრებით მილიციაში. ამდენად, მეგობრებს ზურგიდან საფრთხე არ ემუქრებოდათ. 

   მორიგი ასეთი სეანსის დროს, ერთ მოვჭრე ებრაელს მაღაზიაში (თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ეს დღევანდელი მარკეტებია) მეგობრებმა აღურიცხავი საქონელი — როგორც მაშინ ამბობდნენ, "უფაქტურო საქონელი" &მდასჰ აღმოუჩინეს და, ცხადია, დარღვევის ფაქტზე აქტის შედგენას შეუდგნენ. 

   წარმოიდგინეთ სცენა: მაგიდასთან საქმიანად და მკაცრი სახით მიმჯდარი, აქტის წერაში გართული ბიძინიჩი, რომელიც უშეცდომოდ გრძნობს მისი თვალთახედვის არიდან დროებით გამქრალი ებრაელის შინაგან მდგომარეობას და მის უკან ფეხის წვერებზე შემდგარი, მომრგვალებული კონტურების მქონე, ქანქარასავირ აქეთ-იქეთ მოქანავე საშუალო სიმაღლის ებრაელი, რომელიც ცდილობს თვალი მოჰკრას დაწერილს და დროულად თავიდან აიცილოს მოვლენათა არასასურველი განვითარება გონივრული შეთავაზებით.

   ვაი, უბედურებას!

ებრაელმა დაინახა, რომ ბიძინიჩმა აუღელვებლად და მშვიდად "გამოიყვანა" მომაკვდინებელი ფრაზა: "... ისინკა რ.-ს მაღაზიაში აღმოაჩნდა უფაქტურო საქონელი..."  ...გონიერი ებრაელის რეაქცია მომენტალური იყო: 

 "რა იყო, ბიძინიჩ, აუშვი კალამი?".

  რა საოცარია "კალმის აშვება"! მე ვგრძნობ ამას, თქვენ ეს იცით! 

 ... მეორე დღეს მეგობრები ისევ ესტუმრნენ ისინკა რ.-ს. 

 ასეთი რამ იშვიათად ხდებოდა! 

 ებრაელი მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან ჰქონდა საქმე, მაგრამ წარბი არ შეიხარა, არაფერი შეიმჩნია.

 "ბიძინიჩს და გივიას დავენაცვლე, რამ შეგაწუხათ, კარგად ხომ ხართ?" — ისე მოიკითხა ისინკა რ.-მ მეგობრები, როგორც დიდი ხნის უნახავ, ხელის გასამართად  მოსულ კეთილ მეზობელს მოიკითხავს კაცი.

 "სიგნალი მივიღეთ, მშრომელები ჩივიან: "ისინკა რ. ზომაში გვატყუებს; ნაყიდი ქსოვილის ნაჭრები სახლში რომ მიგვაქვს, ყოველთვის ნაკლები გამოდის, ვერაფერს ვუხერხენთ" — ბიძინიჩი შეუვალი იყო.

 "კაი დედის ნაშობი იქნება მაგ სიგნალის მომტანი, ისე შენ გაიხარე, ჩემო ბიძინიჩ" — დალოცა ებრაელმა.

 დაუპატიჟებელი სტუმრების შემოსვლიდან მთელი საუბრის მანძილზე, ებრაელი სავარძლიდან არ წამომდგარა, ხელიდან კრიალოსანი არ გაუშვია. მისი გონება საოცარი სისწრაფით მუშაობდა. იგი ყურადღბით აკვირდებოდა მომხვდურებს და ცდილობდა გამოეცნო, თუ რას უმზადებდნენ ისინი ამჯერად. ებრაელის სიმშვიდე შეუვალი იყო: გუშინ მეგობრების წინაშე ვალმოხდილი, სრულად მოწესრიგებული საბუთებით, საფრთხეს ვერსაიდან გრძნობდა. მისი პოზა, საუბრის ტონი, ინტონაციები აშკარად მიუთითებდა, რომ იგი დღეს მეგობრებზე რევანშის აღებას აპირებდა და წინასწარ ნებივრობდა განცხრომის მორევში. მას იმდენად კარგად ჰყავდა მეგობრები შესწავლილი, რომ დარწმუნებული იყო, — ამჯერად მათ უსაზღვრო ფანტაზიასაც კი არ შეეძლო მისი დაზარალება.

  ებრაელის იმედები მართლდებოდა! 

 თითქმის ერთსაათიანი მცდელობების მიუხედავად, მეგობრებმა ხელმოსაკიდი ვერაფერი იპოვეს. მაგრამ ეს ნახევარი უბედურება იყო! მათ ყველაზე მეტად ისინკა რ.-ს გაბრწყინებული და დამცინავი სახე აგიჟებდა. სხვა არანაკლები საფრთხეც არსებობდა. თუ მეგობრები ამ "დამცირებას" გადაიტანდნენ და აქედან ხელცარიელი გავიდოდნენ, დანარჩენი დასწრებაზე იყო: ხვალ მეგობრებიდან ერთ-ერთი მეორეზე ისეთ ამბავს გაავრცელებდა, ერთი კვირა "ბირჟაზე" სხვა სალაღობო არაფერი იქნებოდა.

 "ბიჭებს შემოვევლე, ხომ არაფერში მოგეხმაროთ?" — თავს არ ზოგავდა ებრაელი.

"არა ისინკა, ნუ შეწუხდები, ჩვენ თვითონ მივხედავთ საქმეს" — სიმწრისაგან ძლივს გამოცრიდა ხან ერთი და ხან მეორე. და აი, ამ უხიფათო სიტუაციაში, ებრაელს აშკარად უმტყუნა სიფხიზლემ! მისი ერის ისტორიული გამოცდილება მას ძილშიც ფხიზლად ყოფნას აიძულებდა; მან კი, წინასწარი სიამოვნებისგან გონებადაბინდულმა, ვერ შენიშნა გივია მესხის ოდნავ შეუმჩნეველი მკვეთრი მოძრაობა. არადა, ეს აუცილებელი იყო!

 "ისინკა, იქნებ, ის "თოფი" ჩამოიღო და გაშალო" — მოულოდნელად მიმართა ბიძინიჩმა ებრაელს. "თოფი", მოგეხსენებად, ქსოვილის დიდი დახვეული შეკვრაა. 

"ბიძინიჩს დავენაცვლე, ამ შუა ზაფხულში საპალტოვე შალის ყიდვას აპირებ?" — გალაღებული ებრაელის იუმორს ფრთები ჰქონდა გაშლილი... 

 ებრაელმა ჩამოიღო ქსოვილის ნაჭერი, ხელის დაუდევარი მოძრაობით დახლზე გაშალა და უცებ, იქედან ... იატაკზე მაკაროვის ტიპის რევოლვერი გადმოვარდა! ებრაელს მოულოდნელობისაგან სახე გაუშეშდა და ისე გაფითრდა, მეგობრებმა ერთი ფიქრი ისიც კი იფიქრეს, ამის უკან მობრუნება გაძნელდებაო...

ასეთ დაუნდობელ და მზაკვრულ ნაბიჯს ისინკა რ. ნამდვილად არ მოელოდა, — ამის წარმოდგენა მის შესაძლებლობეს აღემატებოდა! ამ საქმეს შეიძლება ისეთი მსვლელობა მისცემოდა, ებრაელის წლობით ნაშრონ-ნაჯაფი წყალს წაეღო, თვითონ და შორეულ ცივ ადგილებში ამოეყო თავი.

 "ვაიმე, ბიძინიჩ! ფაბრიკაა შემცდარი!" — განწირული ხმით წამოიძახა მან და მუდარის თვალები მიაპყრო მეგობრებს. მეგობრები კანონის სადარაჯოზე იდგნენ, ახლა კარტის მთელი დასტა მათ ხელში იყო და მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, რით "გადაერჩინათ" მსხვერპლი. 

 ებრაელს ნელ-ნელა გონება უბრუნდებოდა. იგი მიხვდა, რომ მეგობრებმა ბოროტად და დაუნდობლად გააცურეს. როცა მის გონებამდე ისიც დავიდა, რომ მომხვდურები სხვა ნაბიჯის გადამდგმელი არ იყვნენ, — უბრალოდ, ბუნება არ აძლევდა სხვა ნაბიჯის გადაგმის უფლებას, — დამშვიდდა, სული მოითქვა და მეგობრებს მიმართა: "ბიძინიჩ, დაგენაცვლე! რა დაჯდება ეს ამბავი?"

  მეგობრებმა თავმდაბლად მჭიდში არსებულ თითო ტყვიაზე 100 მანეთი მოითხოვეს. ერთი საათის თავდადებული შრომისთვის ასეთი ანაზღაურება ნამდვილად მეფური საზღაური იყო. ებრაელი უკვე სრულ ფორმაში იყო: გადასატანი გადაიტანა, ასაწონი აწონა, გასასწორებელი გაასწორა და ის სასიამოვნო განცდა დაეუფლა, სტიქიური უბედურების შემდეგ ცოცხლად დარჩენილ ადამიანს რომ ეუფლება. იგი ისევ სავარძელში იჯდა, ხელში კრიალოსანს ათამაშებდა და მაღაზიიდან გამავალ მეგობრებს არანაკლები ირონიით გასცქეროდა, ვიდრე ეს მათი მოსვლისას იყო. მის თვალებში, მისი ერის და ყველა სხვა ერის სარწმუნოებების მიერ დაგმობილი ყველა ეშმაკი ერთად კიაფობდა.

 "ბიძინიჩ! გივია!" — შესძახა უცებ მან ისეთი ხმით, რომ მეგობრებმა გველნაკბენივით ერთდროულად უკან მოიხედეს და გაირინდნენ.

 "მეორეჯერ რომ მოხვალთ, "ავტამატ კალაშნიკოვა"-ს წამოიღებ არ დაგავიწყდეთ!" — ისინკა რ. ნეტარების მორევში განცხრომას იყო მიცემული.

 

 

 

სევდა

***

    "ო, უფალო!

     გაიღე მადლი ცხონებისა სულისა ჩემისა განწირულისა

     და მომეც შეგრძნება ნათელისა შენისა ზეციურისა!"

                                               

 

                                          მბორგავ სულში შეუმჩნევლად,

                                          სევდა იწყებს თამაშებს.

                                          მისი მძლავრი საცეცები,

                                          იპყრობს ნებას, გრძნობას ვნებს.

                                          ჩემი განცდა ბლაგვდება და

                                          ნებისყოფა მტოვებს მე.

                                          "რაღაც ხდება!.. რაღაც ხდება!.." _

                                          ეს ხმა უკვე მტანჯავს მე. 

                                          მინდა გგრძნობდე, გხედავდე და

                                          ნათელს მივყვე შენგან მდენს.  

                                          მაგრამ გრძნობა უგრძნობია,

                                          სინათლეში ხედავს ბნელს. 

 

                                          გაურკვევლობის გრძნობას არა აქვს

                                          მოქმედებისთვის ნების იმპულსი.

                                          გაურკვევლობა სევდის დედაა,

                                          უნუგეშო და საფრთხის შემცველი.

                                          როდესაც გინდა სევდას დაუდგა

                                          გარდაცვალების დიდი სანთელი,

                                          იგი მიღიმის და ამომძახის:

                                          "შენ ხომ უჩემოდ ხარ დაუცველი".

                                          მაშინ შენ გრძნობ რომ ტალღა ძლიერი,

                                          ვითარც ცუნამი, ფაფარაშლილი,

                                          მოგდევს, მოგძახის და გემუქრება, ¬_¬

                                          "ვერსად წამიხვალ, ხარ მხოლოდ ჩემი!

                                           ვერსად წამიხვალ, არსად გაგიშვებ,

                                          შენ ვერასოდეს იხილავ ნათელს!" 

                                          მაშინ...

                                          იყუჩე, ლაგამი მოსდე,

                                          შენი ნებიდან გაქცეულ ფიქრებს,

                                          ანდა, მორჩილად დანებდი ბედს და 

                                          სევდის ტუსაღად დარჩი ბოლომდე.

                                               

                                          რადგან ახლოა საშიში ზღვარი,

                                          რადგან ძნელია შავ ფიქრს მისდიო,

                                          ძალას უხმობ და ნება უდრეკი,

                                          გაიძულებს რომ სევდა დასძლიო.

                                          სევდა არ იშლის, სევდა აღარ თმობს,

                                          მის მიერ ნატკეპნ მშვიდ ადგილს ჩემში,

                                          იგი მიღიმის და ამომძახის:

                                          "მე კიდევ მოვალ, მე შენთანა ვარ,

                                          შენ ხომ უჩემოდ ხარ დაუცველი."

 

 

  მინდა შენთან ვიყო 

  ახლოს

  ***

   მინდა შენთან ვიყო ახლოს,

   მინდა გრგძნობდე ახლოს, ახლოს,

   მინდა ხელი შეგახო და 

   გავინაბო, გავისუსო.

   მინდა გულისხმა მესმოდეს,

   მინდა გიგრძნო სულით ახლოს,

   მინდა გულში აგინთო და

   სულში ცეცხლი მოგიკიდო.

   მინდა გრძნობდე სასწაულს და

   შენი სახე გრძნობით მენთოს. 

   მინდა გულში ჩაგიკრა და

   უსაშველოდ მოგეფერო.

   მერე ავდგე და მარადის

   ბინა შენთან დავინავო.

   მარადიულ განცდას ველტვი 

   შენ ხარ მისი გრძნობის წყარო,

   შენ კი ვეღარ გაგიგია,

   რისთვის მინდა შენთან ახლოს.

   მინდა შენთან ვიყო ახლოს,

   მინდა გგრძნობდე ახლოს, ახლოს,

   მინდა ხელი შეგახო და 

   გავინაბო, გავისუსო.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: