ამას ქვია, ,,ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური რადარებიდან გაქრობა და მოუსავლეთში გამგზავრება?!

ამას ქვია, ,,ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური რადარებიდან გაქრობა და მოუსავლეთში გამგზავრება?!

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და სხვა ლიდერები ,,ნაციონალურ მოძრაობას'' პოლიტიკური რადარებიდან გაქრობას და მოუსავლეთში გამგზავრებას უწინასწარმეტყველებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა დადასტურებული ფაქტები ხელისუფლებისა და ,,ნაცმოძრაობის" ცალკეული ლიდერების საეჭვო თანამშრომლობაზე, საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც სჯეროდა, რომ არჩევნებში ყოფილი მმართველი პარტია სასტიკად დამარცხდებოდა",- წერს 28 ივნისის გაზეთ ,,კვირის ქრონიკაში" ლევან ჯავახიშვილი (სტატიის სათაურია, - ,,ხმები ,,ნაციონალური მოძრაობის" გარდაცვალების შესახებ, გადაჭარბებული არ ყოფილა'') და სტატისტიკას იშველიებს, - მართალია ,,ნაცმოძმა" პროპორციულ არჩევნებში 22 % აიღო, მაგრამ მაჟორიტარული არჩევნები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პირწმინდად წააგოო... ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ხელისუფლებასთან თანაცხოვრების რეჟიმში მყოფი პარტია ასეთ კატასტროფაში მოყვებოდაო და ავადსახსენებელ კოაბიტაციას, ,,ქართული ოცნების'' ტაქტიკურ ფანდს უწოდებს, ,,ნაცების" ლიდერის მოსადუნებლად (?!) და მერე მათ სრულად გასანადგურებლად. სტატია კი ასეთი ფრაზით მთავრდება,- ,,ნაციონალებო", ეგ 22% ყველამ სათითაოდ ამოისვირინგეთ, გულზე, რომ არსად დაგეკარგოთ!

შენ პირს შაქარი კოლეგა და, ნეტავ მალე დადგებოდეს ის დღე, როცა ,,უნიათო ოცნება" (მე არ ვკადრებ, ნაცები მოიხსენიებენ ასე) ყველა ნაცს, ნაღდსა თუ პორტირებულს, ერთად ამოისვირინგებს ერთ ადგილას, თვითონაც დაისვენებს და ჩვენც დაგვასვენებს.

ხელისუფლებისა და ,,ნაცმოძის" ცალკეული ლიდერების საეჭვო გარიგების ფაქტები გურჯაანის რაიონშიც დაფიქსირდა. ამ გარიგებებმა ხალხი ისე დააბნია, ,,ქართული ოცნების" სახელით მოთამაშე ნაცკანდიდატებისთვის ხმა მიეცათ თუ არა, აღარ იცოდნენ. საქმეში ჩაუხედავებმა 41 შემოხაზეს ხელაღებით, უფრო ინტელექტუალებმა კი თავში ხელი შემოირტყეს, რას გვიშვრება ეს,,ოცნება", მეცოცხეებს ხმა როგორ უნდა მივცეთო?!

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ღვინიაშვილის და მისი ფავორიტის, უფრო სწორად, ხელისბიჭის, ემზარ ჯიქურაშვილის საარჩევნო პოლიტიკურმა ტანდემმა, ტელევიზიებთან ერთად, საინფორმაციო სააგენტოებისა და არასამთავრობოების ყურადღებაც მიიპყრო. შევარდნაძის ხელისუფლების დროს ჯიქურშვილი გურჯაანის პროკურატურის გამომძიებლად მუშაობდა და პროკურორ ჩივიაშვილთან ერთად, არაერთი შავი საქმე აქვს შეკერილი. შემდეგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებში ჩადგა და ღვინიაშვილის ხელისბიჭად და თანამოაზრედ გადაიქცა. მოგვიანებით, ნაციონალებმა, ერთ-ერთ რაიონში, მანდატურების სამსახურის უფროსად დანიშნეს. ეს მედროვე და პოლიტიკურად უმწიფარი ადამიანი გიორგი ღვინიაშვილმა ,,ოცნებაში'' გადმოაპორტირა. მისივე დამსახურებით ჯიქურაშვილი ერთი წლის წინ გურჯაანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის მშობლიურ სოფელ კაჭრეთში დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა ,,ქართულა ოცნებამ".

ჯიქურაშვილმა დრო არ დაკარგა და არჩევნებამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე, მიუხედავად მორატორიუმისა, კაჭრეთის საკრებულოში ,,საკადრო წმენდა" ჩაატარა და განთავისუფლებულების ადგილზე თავისი ნათესავ-მეგობრები მიიყვანა. სამსახურიდან დაუმსახურებლად გაგდებულმა, ,,ქართული ოცნების'' წევრმა გულიკო ნადაშვილმა ჯიქურაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.


,,გაოცნებებულმა" ჯიქურაშვილმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ამომრჩევლების მოსყიდვით, ,,ნაციონალებთან" შეძენილი ხრიკებისა და ,,ოცნების'' წყალობით სოფლის დეპუტატობას გამოკრა ხელი, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს ადგილი მისთვის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეობისკენ მიმავალი ტრამპლინია!

სამწუხაროდ მსგავსი მაგალითები თითქმის ყველა რაიონში გვხვდება. ამას ქვია, ,,ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური რადარებიდან გაქრობა და მოუსავლეთში გამგზავრება?!

ზეინაბ გეთიაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: