რატომ მოხვდა ელისო ჩაფიძე შერისხულთა სიაში?!

რატომ მოხვდა ელისო ჩაფიძე შერისხულთა სიაში?!

 აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებს საპარლამენტო უმრავლეობის წევრი ელისო ჩაფიძე აფასებს:

 

_ ახლახან ხელი მოეწერა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. რას გვავალდებულებს და რა პერსპექტივებს გვთავაზობს ეს შეთანხმება?

 

_ ევროკავშირთან დაახლოება გულისხმობს საქართველოში ადამიანების ცხოვრების მკვეთრ გაუმჯობესებას, დემოკრატიული ღირებულებების, _ ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების დაცვას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, პროექტების გამჭვირვალედ განხორციელებას, ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე და რაც მთავარია, ხალხის მონაწილეობას ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტაში, რასაც ადგილობრივი საბჭოების შექმნა შეუწყობს ხელს.

 

იმ საოცარი პიარის მიუხედავად, რომ საქართველოში თითქოს დემოკრატია ყვაოდა, ადგილებზე სრულიად წარმოუდგენელ ვითარებას ვხვდებით, ვხვდებით ბავშვებს, რომლებსაც არა აქვთ არამხოლოდ ნორმალური განათლების მიღების, არამედ ნორმალურად კვების საშუალება. სოციალური დახმარების სისტემა ძალიან უსამართლოა და მიხარია, რომ „იუნისეფის“ მხარდაჭერით მისი რეფორმირება მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ საკმაოდ საეჭვო იყო ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ადგილობრივი სოციალური სამსახურის ხელმძღვანელები იღებდნენ, დახმარების მოხსნასა და დანიშვნასთან დაკავშირებით, ძალიან გაუმჭვირვალე და საეჭვო იყო მათი კრიტერიუმები.

 

ევროკავშირთან დაახლოება გვავალდებულებს, რომ ქართული პროდუქცია განთავისუფლდეს საბაჟო გადასახადებისგან, რაც საშუალო ფენის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რადგან საშუალო ფენის შექმნისა და ქვეყანაში ეკონომიკური საფუძვლების გაჩენის გარეშე, პოლიტიკური ზედნაშენი ვერანაირად  იქნება მყარი,  საზოგადოების განვითარების მდგრადობა კი მუდმივი საფრთხის ქვეშ დადგება. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ, მაგრამ იმედი მაქვს, _ სათანადოდ გავუმკლავდებით და რაც მთავარია, მოქალაქეთა ცხოვრების პირობებს გავაუმჯობესებთ.

 

_ ელისო, საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს ხელშეკრულება კიდევ მეტად შეაფერხებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პერსპექტივას და გაამწვავებს რუსეთის აგრესიას...

 

_ მგონია, რომ ასეთი ტიპის მოსაზრებებს საზოგადოებაში  სწორედ იმ ქვეყნის სპეცსამსახურები ავრცელებენ, რომლებმაც ჩვენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წაგვართვა. მინდა გკითხოთ, 1992-93 წლებში იყო საუბარი ევროკავშირთან ასოცირებაზე, როდესაც რუსეთმა სისხლში ჩაახშო ქართველი ბიჭების წინააღმდეგობა და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მიითვისა? ხომ არ იყო იმ დროს          ევროკავშირსა და ნატოზე საუბარი ?

როცა ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, _  ნამდვილად გვინდა, მაგრამ მანამ, სანამ რუსეთი არ შეასრულებს 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ აღებულ ვალდებულებებს, ნაადრევია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და მათთან მეგობრობაზე საუბარი.

 

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა 21-საუკუნეში. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ის არ გააღიზიანოს და მაქსიმალურად ეცადოს, რომ დიპლომატიური ნაბიჯები გადადგას, მაგრამ პოლიტიკური ძალების მხრიდან, აზრის გავრცელება, რომ თითქოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა ხელს უშლის რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარებას, მდარე სპეკულაციაა იმ მეხუთე კოლონის მიერ მოგონილი, რომლებსაც უნდათ, რომ ჩვენ კიდევ ძალიან დიდხანს დავრჩეთ რუსული გავლენის ქვეშ. ეს გავლენა დღესაც საკმაოდ მძლავრია საქართველოში და აღმატებით გაფართოება აღარ სჭირდება.

 

_ როგორ ფიქრობთ, უნდა დაჩქარდეს თუ არა საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის ორგანიზება და რა შედეგია ამ შეხვედრისგან მოსალოდნელი?

 

_ შეხვედრას წინ უნდა უძღვოდეს მოსამზადებელი სამუშაოები, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. საკმაოდ კვალიფიციური, მაღალი კლასის დიპლომატები მუშაობენ ურთიერთობების დარეგულირებაზე რუსეთსა და საქართველოს შორის, ამ მხრივ ზურაბ აბაშიძესა და თედო ჯაფარიძეს გამოვყოფდი, რომლებიც ყოველდღიურად ეკრანზე არ ჩანან, მაგრამ ძალიან მაღალი კლასის დიპლომატიური ურთიერთობების სპეციალისტები არიან. მათ უნდა მოამწიფონ ვითარება შეხვედრისთვის, რომ მოლაპარაკებას კონკრეტული შედეგები ჰქონდეს.

 

_ ახლახან გაუქმდა მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების უცხოელებზე გასხვისებაზე. არ თვლით, რომ ეს ფაქტი ქვეყნის მომავლისთვის საფრთხის შემცველია?

 

_ შეგახსენებთ, რომ ამ კანონის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო არა საქართველოს პარლამენტმა, ან მთავრობამ, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლის საქმიანობაშიც სახელისუფლებო მმართველი ძალა ვერ ჩაერევა!

 

სასამართლო დღეს ნამდვილად დამოუკიდებელია, მაგრამ რამდენად დამოუკიდებელია იმ გავლენისგან, რომელიც წინა ხელისუფლებიდან მოყვება, _ საზოგადოებამ შეაფასოს. მე ამ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლებაც კი ჩამორთმეული მაქვს, რადგან სწორედ იმის გამო, რომ ვითარება შევაფასე საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შერისხული ადამიანების სიაში მოვხვდი.

ვეთანხმები დემოკრატიულ ნორმებს, რომელიც საქართველოს მისცემდა საშუალებას გადაეხედა თავისი მიწის ფონდისთვის. ჩვენ, ალბათ, 50 წლიანი განვითარების გეგმა მაინც უნდა გვქონდეს შემუშავებული იმისა, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის მომავალი და შესაბამისად გადავწვიტოთ საკითხი, რადგან საუბარია იმ მიწაზე, რომლის შენარჩუნებისათვისაც 30 საუკუნის განმავლობაში ხმალამოღებული იბრძოდა ქართველი და რომლის თითოეული გოჯიც  ჩვენი წინაპრების სისხლითაა გაჯერებული.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, სამწუხაროდ, საბოლოოა, მაგრამ ჩვენ ეს არ გვიკრძალავს აღნიშნული ნორმის სხვა კუთხით ამოქმედებაზე მსჯელობას. შესაძლებელი იქნება,  ისეთი პირობები დავაწესოთ მიწების გაყიდვისა და პრივაპიზების საკითხში, რომ საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს საფრთხე არ შევუქმნათ. ძალიან ბევრ თანამედროვე ქვეყანას გარკვეული შეზღუდვები აქვთ ტერიტორიის სიმცირიდან თუ სხვბა მიზეზებიდან გამომდინარე. ჩვენ ბევრი ეკომიგრანტი გვყავს, ძალიან ბევრი ვალდებულებები გვაქვს აღებული, იგივე „თურქი მესხების“ დაბრუნებასთან დაკავშირებით და თუ არ გვექნება შესაბამისი ტერიტორია, სადაც ეს ადამიანები იცხოვრებენ, გამიჭირდება წარმოვიდგინო, როგორი ფორმით უნდა მოვაწყოთ ჩვენი სახელმწიფო. 

 

_ რამდენად შეესაბამება სიმართლეს საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ მორატორიუმის გაუქმება ერთ-ერთი დავალებაა ევროკავშირის მხრიდან, რაც ხელშეკრულების პირობებში უნდა შევასრულოთ?

 

_ ეს არის ისეთივე მითი, როგორც ის, რომ ევროკავშირთან ასოცირებული წევრობა ერთსქესიანთა ქორწინებას გვავალდებულებს. მსგავს ბნელ აზრებს ხშირ შემთვევაში რუსეთის სპეცსამსახურები და მათთან დაახლოებული სხვადასხვა ძალები ავრცელებენ.

 

ესაუბრა ნონა ქარქაშაძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: