ნანა დევდარიანი: ადამიანმა კაცი რომ მოკლას და არჩევნებში დარეგისტრირდეს, ხელი არ უნდა ვახლოთ?!
თბილისის ყოფილი მერს, გიგი უგულავას, დღეს ახალი ბრალი წაუყენეს მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებულ საქმეში. რამდენად სამართლიანია სამართალდამცავების ქმედება თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ და ხომ არ ხდება პოლიტიკური სიტუაციის ესკალაცია ხელისუფლების მხრიდან? _ გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი გვიპასუხებს:
_ ეს მორატორიუმი საერთოდ გაუგებარი რამ არის. როგორ შეიძლება, დამნაშავეზე მორატორიუმი გამოცხადდეს? ადამიანმა კაცი რომ მოკლას და არჩევნებში დარეგისტრირდეს, ხელი არ უნდა ვახლოთ, რადგან პოლიტიკური მოღვაწეა?
ისედაც ძალიან დიდი ხანია, ხალხი ითმენს, ელოდება, _ როდის დაისჯება დასასჯელი, როდის დაერქმევა დამნაშავეს დამნაშავე და როდის აღდგება სამართლიანობა! ამის არჩევნებზე მიბმა წარმოუდგენელია. ბოლო 2 წელიწადში სამი არჩევნები ჩავატარეთ, ე.ი. ხელი არავის ვახლოთ?
ახლა რომ ყველაფერს პოლიტიკურ დევნას ეძახიან, დაავიწყდათ ჯოხთაბერიძე აეროპორტში, ტრაპზე, ხელებამოგრეხილი რომ ჩამოიყვანეს ხელბორკილებით? ჯოხთაბერიძესთან შეიძლება ასე მოქცევა და უგულავასთან არა? ვითომ რა ასეთი განსაკუთრებული მოვლენაა ის პოლიტიკაში? ბონდო შალიკიანს ბავშვების ფეხსაცმელების კარადაში იარაღი რომ ჩაუდეს, ცოლთან ერთად ღამით ნახევრადშიშველი რომ გამოათრიეს სახლიდან და ეს ყველაფერი ტელევიზორში გვაყურებინეს, აღარ ახსოვთ? _ ქურდი კი არა, მკვლელიც რომ იყოს, ადამიანს ასე არ უნდა მოექცე. საერთოდ, ენა როგორ უბრუნდებათ?
ამ საკითხს პოლიტიკურ ფორმატში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოები განიხილავენ.
ესაუბრა ნონა ქარქაშაძე