"ტელეიმედის" ინფორმაციით, კადრების ავთენტურობა დადგენილი არ არის
"ქრონიკამ" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილი მასალა გაასაჯაროა. აღსანიშნავია, რომ მასალა სასამართლოს დადგენილებით რამდენიმე საათის წინ გასაიდუმლოვდა.
ვიდეო-მასალაში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ქვისლ გიორგი ღონიაშვილისა და ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის საუბარია ასახული, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისთვის" განკუთვნილი დიდი ოდენობით ე.წ შავი ფულის შემოტანას უკავშირდება.
"ტელეიმედის" ინფორმაციით, კადრების ავთენტურობა დადგენილი არაა. შეგახსენებთ, რომ გიორგი კაპანაძემ "ნაციონალური მოძრაობისთვის" თანხების უკანონოდ გადარიცხვის სქემაზე ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"როდესაც ღონიაშვილს ვკითხე, რა ხერხით უნდა განხორციელებულიყო თანხის გათეთრება, მან მითხრა, რომ გიგი უგულავა დაუკავშირდებოდა დავით კეზერაშვილს უცხოეთში, რის შედეგადაც ერთ-ერთი ევროპული კომპანიის მეშვეობით ევროპული ბანკიდან გადმორიცხავდნენ ჩემი ევროპული კომპანიის ანგარიშზე თანხას ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე, რის შემდგომაც მე მათთვის უნდა უზრუნველმეყო ამ თანხის საქართველოში მოხვედრა და მათთვის "ქეშად" გადაცემა, კერძოდ, ღონიაშვილისთვის, რომელიც, თავის მხრივ, ამ თანხებს გადასცემდა პარტიაში პირადად გიგი უგულავას", - განაცხადა კაპანაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" და დასძინა, რომ "ღონიაშვილმა მას ძალიან მკაფიოდ განუმარტა, რომ ეს თანხმა საარჩევნოდ სჭირდებოდათ".