ანაკლიაში "მომავლის ბანაკი" გაიხსნა

ანაკლიაში "მომავლის ბანაკი" გაიხსნა

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ანაკლიაში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა ,,მომავლის ბანაკი" ამოქმედდა. "მომავლის ბანაკმა" მოსწავლეების პირველი ნაკადი მიიღო.

  ბანაკის საზეიმო გახსნას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

   "მომავლის ბანაკის" ბენეფიციარებს 14-18 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ საქართველოს ყველა  რეგიონიდან. მონაწილეების შერჩევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა. უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს და მათ შორის, სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს. ზაფხულის განმავლობაში 6 ნაკადად სულ 1728 მოზარდი დაისვენებს. 

   პროექტში ჩართული მოზარდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენისა და საქართველოს ისტორიის შესახებ. გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ანტინარკოტიკულ თემაზე.

ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთა მიერ, ბენეფიციართა შორის, შეირჩევიან ევროპული ახალგაზრდული ოლიმპური ფესტივალის ,,თბილისი 2015" -ის მოხალისეები.

   მონაწილეთა მართვას, პროგრამულ აქტივობებში ჩართულობასა და დისციპლინის დაცვას ბანაკის ტერიტორიაზე ლიდერები უზრუნველყოფენ. მონაწილეთა თითოეულ, 24 კაციან ჯგუფზე, პასუხისმგებელია განსხვავებული სქესის ორი ლიდერი, რომლებიც ტრენინგის საფუძველზე შეირჩნენ.

პროექტის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: