ჯონდი ბაღათურია: უგულავა დააპატიმრა იმ ხალხმა, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა!
აქვს თუ არა პოლიტიკური საფუძველი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრებას მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ფონზე და დაიწყო თუ არა სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში, „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია გვიპასუხებს:
_ უგულავას ბევრი მძიმე დანაშაული აქვს, ჩადენილი, მათ შორის _ სახელმწიფო ქონების მითვისება, ხაზინის ფულადი რესურსების გაფლანგვა, კერძო პირების ქონების მიტაცება. ის ხელმძღვანელობდა თბილისში მოქმედ კრიმინალურ ბანდას, რომელებიც თავდასხმებს და ანგარისსწორებას აწარმოებდნენ პოლიტიკურ ოპონენტებზე და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე. ეს ყველაფერი ცნობილი იყო სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ყველა იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ უგულავა კარგა ხნის წინ უნდა დაეკავებინათ, მაგრამ ხელისუფლება ამას არ აკეთებდა, ვიდრე წარუმატებელმა არჩევნებმა არ დაარწმუნა იმაში, რომ ქართულმა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ ზურგი აქცია!
შემიძლია ვთქვა, რომ გიგი უგულავას დაჭერა დღეს საარჩევნო კამპანიის ნაწილია - ის რეალურად ხალხმა დაიჭირა და არა ხელისუფლებამ. უგულავა დააპატიმრა იმ ხალხმა, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა და ხმა არ მისცა „ქართულ ოცნებას“...
ასეთი გააქტიურება პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რამდენიმე თვის წინაც ვნახეთ, ჟვანიას საქმესთან დაკავშირეებით. იქამდეც კი მივიდნენ, რომ პრეზიდენტი დაიბარეს, მაგრამ მას შემდეგ სიტყვა აღარავის დაუძრავს!
_ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლემ უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დედაქალაქის ყოფილ მერს არჩევნების შემდეგ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლებენ?
_ არ არის გამორიცხული, რომ უგულავა არჩევნების შემდეგ გაათავისუფლონ. ასეთი სკეპტიციზმი მაქვს იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ზემოთ მოგახსენეთ. გარდა ამისა, უკვე ორი წელია, ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, ისეთი დოკუმენტური მასალა მაქვს გადაგზავნილი პროკურატურაში, რაც 9 პრეზიდენტის დასაჭერად იქნებოდა საკმარისი. მაშინ ეს მასალები პირად კონტროლზე აიყვანა არჩილ კბილაშვილმა, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რამდენჯერმე დამიკავშირდნენ და დრო მთხოვეს მასლების გასაცნობად, მაგრამ შემდეგ საერთოდ გაქრნენ!..
_ თქვენთვის საიდან გახდა ხელმისაწვდომი ეს მასალები?
_ ჩვენმა ექსპერტებმა იმუშავეს და გაირკვა, როგორ იყენებდა ყოფილი პრეზიდენტი თავის სტატუსს, იმისათვის, რომ სახელმწიფო ქონება გადაეცა კერძო პირების, უმეტეს შემთხვევაში თავისი ბიოლოგიური ან პოლიტიკური ოჯახის წევრების საკუთრებაში. გარდა ამისა, ამ მასალებში დადასტურებულია ყოფილი პრეზიდენტის უკანონო შემოსავლები და უკანონო ქონება. სააკაშვილის მიერ შეძენილი ქონება ბევრად აღემატებოდოდა მის შემოსავლებს, მაგრამ პოლიტიკური მიზანშწონილობიდან გამომდინარე, ამ საქმესთან დაკავშირებით, საქმე დღემდე არ აღძრულა.
მიუხედავად იმისა, რომ უგულავას დაჭერა ხალხმა აიძულა ხელისუფლებას, თუ ხელისუფლება გამოსწორების გზაზე შედგება და კრიმინალური ბანდის წევრების დაპატიმრებებს განაგრძობს, „ქართული დასის“ სახელით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ პროკურატურას, შსს-ს და სამართალდამცავ ორგანოებს სამართლიანობნის აღდგენის გზაზე, ხელისუფლება კი ჩვენგან უპირობო მხარდაჭერას მიიღებს.
ესაუბრა ნონა ქარქაშაძე