გიორგი ორთანეზაშვილი: ოქრუაშვილი და სააკაშვილი ერთად მოქმედებდნენ!
დღეს „პირველ“ პრეს-კლუბში გორის წისქვილკომბინატის ერთ-ერთმა მფლობელმა გიორგი ორთანეზაშვილმა და მისი ადვოკატებმა ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართეს. მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას 2004 წელს წისქვილკომბინატის პარტნიორების წინააღმდეგ ექსგენერალური პროკურორისა და შემდგომში შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან კერძო საკუთრების ძალადობრივი ექსპროპრიაციის სკანდალურ ფაქტები.
ორთანეზაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს უკანონო ექსპროპრიაციაში და ქონების ძალადობრივ გადაფორმებაში ხელს უწყობდნენ იმდროინდელი გუბერნატორი, მიხეილ ქარელი და გორის სასამართლოს თავჯდომარე ბონდო ვათიაშვილი.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მუქარა და ზეწოლა ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და არნახული შევიწროების პირობებში წისქვილკომბინატის მფლობელებს საბოლოოდ წაართვეს ბიზნესი. „ყველაფერი ეს ხდებოდა უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილის პირდაპირი დავალებით. ჩვენი ინფორმაციით, ამ ქონების ჩვენთვის წართმევით პირადად იყო დაინტერესებული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ საჯაროდ მივმართავთ პროკურატურას, დროულად დაასრულოს გამოძიება და დანაშაულზე და დამნაშავე პირებზე მოახდინოს სათანადო რეაგირება“ - აცხადებს ორთანეზავშილი.