ვალერი კვარაცხელია:-"შევარდნაძის განსჯის უფლება ისტორიას დავუტოვოთ!"
საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევადრნაძის გარდაცვალებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. მის მოღვაწეობაზე კიდევ არა-ერთი შეფასება გაკეთდება.
გულისტკივილიანი გამოსათხოვარი მიუძღვნა ექს-პრეზიდენტს ვალერი კვარაცხელიამ, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან. "ივერიონი" სრულად გთავაზობთ მის სტატუსს:
"გულისტკივილიანი გამოსათხოვარი
ედუარდ შევარდნაძე - მოღვაწე, რომელიც ოცდათერთმეტი წელიწადის განმავლობაში პოლიტიკურ-საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივ ზენიტში იმყოფებოდა. ბედმა მასთან მცირე ხნით, მაგრამ მჭიდრო ურთიერთობა მარგუნა...
შევარდნაძის მოღვაწეობის შეფასება ამ ეტაპზე შეუძლებელია, მითუმეტეს - საქართველოში, ვინაიდან ჩვენთან ჩანასახის დონეზეც კი არ არსებობს პოლიტიკური ურთიერთობების კულტურა. საზოგადოების უდიდესი ნაწილი შიშველი ემოციებისა და ვნებების ტყვეობაშია...
ქართველებს ოთხი საუკუნე დასჭირდათ იმისთვის, რომ უდიდესი მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლად შეერაცხათ;
ხუთი საუკუნე არ გვეყო იმისთვის, რომ გიორგი სააკაძეში გმირი დავინახოთ;
ალბათ ამდენივე დაგვჭირდება იმისთვის, რომ სტალინში უდიდესი ისტორიული ქართველი აღმოვაჩინოთ...
ამიტომ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში, სადაც ზოგი ზვიადისტია, ზოგი სააკაშვილისტია და ზოგიც, თვითონ - შევარდნაძისტი, წყლის ნაყვის ფასი აქვს შევარდნაძის მოღვაწეობის როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ შეფასებას...
ერთი რამ, რაც ნამდვილად შეიძლება ითქვას, ისაა, რომ შევარდნაძემ 1992 წელს მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ შეუძლებელი შეძლო: მან გაანეიტრალა თოფიანი კაცის სინდრომი და სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების შემდეგ სამოქალაქო ზავი ჩამოაგდო. რომ არა შევარდნაძის ფენომენი და მისი უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტი იმ პერიოდისათვის, საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება უმძიმეს ფორმას და შინაარსს მიიღებდა...
შევარდნაძეს არ ვეთანხმებოდი მისი პროდასავლურობის გამო;
შევარდნაძეს არ ვეთანხმებოდი მოქალაქეთა კავშირის ჩამოყალიბების გამო, რომელიც კორუფციულ სისტემად იქცა;
შევარდნაძეს არ ვეთანხმებოდი იმ გუნდისათვის ხელისშეწყობის გამო, რომელმაც ე.წ. ვარდების რევოლუციის სიბინძურე მოაწყო.
ზოგ სხვა საკითხშიც არ ვეთანხმებოდი შევარდნაძეს და ამის შესახებ ყოველთვის საჯაროდ ვეუბნებოდი, მაგრამ სულაც არ მიმაჩნია საკუთარი პიროვნება უკანასკნელი ინსტანციის მსაჯულად. ედუარდ შევარდნაძე იმ მასშტაბის საერთაშორისო მოღვაწეა, ვისი საბოლოო განსჯის უფლება მხოლოდ ისტორიას აქვს...
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონ ედუარდის ოჯახს, ქალბატონ მანანას და ბატონ პაატას, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს მეოცე საუკუნის გამორჩეული ქართველი მოღვაწის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო.
ღმერთმა სასუფეველში დაამკვიდროს მისი სული!"