დავით ქობალია: ნუ გაუმრავლებთ მიცვალებულს მაგინებელს!

დავით ქობალია: ნუ გაუმრავლებთ მიცვალებულს მაგინებელს!

ეს წერილი „ივერიონის“ რედაქციას ჩვენმა აქტიურმა მკითხველმა, ჟურნალისტმა დავით ქობალიამ გამოუგზავნა. იგი მე და ჟურნალისტ ვალერი კვარაცხელიას გვსაყვედურობს ჩვენი მოკრძალებული პოზიციის დაფიქსირების გამო ედუარდ შევარდნაძესთან დაკავშირებით და მიცვალებულის მაგინებლების გამრავლებაში გვადანაშაულებს...

 

გთავაზობთ დავით ქობალიას წერილს უცვლელად.

ბატონ ზაურ ნაჭყებიას, ბატონ ვალერიკვარაცხელიას!


ვერაფრით წარმოვიდგენდი თქვენ _ ზაურ ნაჭყებიას და ვალერი კვარაცხელიას, ასე თუ გძულდათ და გეზიზღებოდათ ედუარდ შევარდნაძე!
სხვების დამოძღვრაში ლამის უწმინდესს და უნეტარესს გაეჯიბროთ და, როცა თქვენთვის არის აუცილებელი მოძღვრის სიბრძნე, მაშინ გავიწყდებათ _ „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“-ო!


თქვენ რომ ედუარდ შევარდნაძის, ოდნავი პატივისცემა გქონოდათ და გნდომებოდათ _ მიცვალებულის დაკრძალვამდე, ხმა არ უნდა ამოგეღოთ და გაჩუმებულიყავით, რომ უკიდურესად განაწყენებული, მაგრამ ჩუმად მყოფი ხალხის გაღიზიანება არ გამოგეწვიათ და მოსამძიმრე თუ არა, მაგინებელი მაინც არ გემრავლებინათ.
ალბათ იკითხავთ, რომელ ხალხზეა საუბარიო?!


იმ ხალხზე მოგახსენებთ ჩემო ზაურ და ვალერი ბატონო,  ამ დღეებში ხმის ამოღებას რომ არ აპირებდნენ ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრთა პატივისცემის გამო, რომელთაც გლოვის ჟამი უდგათ და არა „დიდი ერისკაცის“ გარდაცვალების გამო, როგორც თქვენ ამას ასურათხატებთ თქვენს ე.წ. სამგლოვიარო წერილებში!
სანამ სხვებს დაუწუნებდეთ საქციელს და ქრისტიანობას, საკუთარზე დაფიქრდით და დააკვირდით, როგორი რეაქცია გამოიწვია თქვენმა „სამგლოვიარო შემოქმედებამ“?! რამდენი ჩამქრალი ვულკანი, რამდენი მივიწყებული ცოდვა და გულისწყრომა გადმოანთხევინეთ ათასობით ადამიანს, რომლებსაც თავის დროზე სამძიმრის მთქმელიც კი არ ჰყოლიათ და სახლ-კარ გადამწვარი და ოჯახამოწყვეტილები, უცხოობაში ცივ ქვაზე სახლდებოდნენ!..
თუ გიფიქრიათ ოდესმე ამაზე???


დღეიდან, ყველა ფრთიანი ანგელოზი რომ გავხდეთ, ედუარდ-უხსენებელის (მიცვალებულს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, 20 წელია, მე მას ასე მოვიხსენიებ) ჩადენილი ცოდვები, რამდენიმე საუკუნე ეყოფა ქართველობას!


ამიტომ, თქვენი გულისამაჩუყებელი სამგლოვიარო წერილებით  და იმ ტრაგიკული ადამიანების შეურაცხყოფით, ნუ გავუმრავლებთ მიცვალებულს მაგინებელს, დასაფლავებამდე მაინც!


რომ არა თქვენი და კიდევ სხვათა პროვოცირებამ, არც მე ვაპირებდი რაიმეს თქმას!


და ბოლოს _ თქვენი სურვილი, მიცვალებულშევარდნაძეს,ისტორიის კუთვნილებად ქცეულ, უკვდავი ქართველების გვერდით მიუჩინოთ ადგილი,განწირულია, რადგან, ისინი, ქვეყნის და ხალხის წინაშე დამსხურების გამო შეირაცხნენ უკვდავებად!


...არ დაგავიწყდეთ, თქვენთვის არავის მიუცია უფლება, შეურაცხყოთ _ დავით აღმაშენებელი, იოსებ სტალინი, გიორგი სააკაძე, მათ გვერდით ედუარდ-უხსენებელის მოხსენიებით, რომელმაც _ მარტო აფხაზეთში 30.000, საკუთარი მოსახლეობა ამოწყვიტა, 250.000 უსახლკაროდ აქცია, ტერიტორია მტერს ჩააბარა და  ის სამეგრელო, სადაც თქვენ გაიზარდეთ, მრავალგზის იავარქმნა, ჟიული შარტავა მხედრიონელებს მოაკვლევინა და აფხაზებს დააბრალა, რომ სამუდამოდ დავშორებულვიყავით ერთმანეთს, სოხუმის მოსახლეობას ქალაქის დაცემა დაუმალა და ვინც ტყვიას გადაურჩა „სიკვდილის უღელტეხილისკენ“ გარეკა,  გზად რომ დახოცილიყვნენ და, რაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყოლოდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს, რომ შემდეგ _ „უხსენებელის“ პროპაგანდისტულ მანქანას, ყველაფერი ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეებისთვის დაებრალებინა და ამ გზით საბოლოოდ ჩამოეშორებინა ისინი პოლიტიკური ასპარეზიდან!..
ეს მოკლედ. ვრცელ წერილს, ამ თემაზე, ედუარდ შევარდნძის დასაფლავების შემდეგ გაახლებთ!


(სტილი დაცულია)

 

დავით ქობალია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: