გია კაჭარავა:-"მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს და უფლებამოსილებას ამეტებს"

გია კაჭარავა:-"მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს და უფლებამოსილებას ამეტებს"

   კინორეჟისორი გია კაჭარავა 2013 წლის აპრილში მცხეთის გამგეობის კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ის დღესაც ამ თანამდებობაზე მუშაობს. დღეს მან მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის შესახებ საჯაროდ განაცხადა, რომ მაღალჩინოსანი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და ისეთ საკითხებში ერევა, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის. მისივე თქმით ხუნდაძე თავის ქმედებებს მცხეთაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოტივით ამართლებს. 

   გია კაჭარავამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორსა და სახალხო დაცველს უკვე მიმართა და იმედოვნებს, რომ ადრესატები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

   -"სამსახურის დაწყების პირველივე დღიდან ჩემთვის შესამჩნევი გახდა ის არაჯანსაღი ატმოსფერო, რაც სუფევს მუნიციპალიტეტში, რომელიც წარმოიქმნა და დღემდე ფრთებს შლის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის გადაჭარბებული აქტიურობის გამო, რაც სხვა შემთხვევაში, სულაც არ იქნებოდა დასაძრახი, რომ არა ამ პირის მიერ უფლებამოსილების აშკარა გადაჭარბება და თვითმმართველობის ორგანოში უცერემონიო ჩარევა. დღედადღე სულ უფრო აშკარად იკვეთება ის გარემოება, რაზეც ლაპარაკობენ მცხეთელები, იწერება გაზეთებში, გადაიცემა ტელევიზიებით, მაგრამ ფაქტების არქონის გამო ყოველთვის ხერხდება მსგავსი პროტესტის იგნორირება ან ჩახშობა. ამით სარგებლობს დეპუტატი და სულ უფრო ღიად ავლენს ავტოკრატიულ თვისებებს, თბილად რომ ვთქვა, პირადი მითითებებით წარმართავს გამგეობის საქმიანობას და დაუფარავად ერევა კადრების საკითხში და თუ პირდაპირ ვიტყვით, გამგებლიდან დაწყებული რიგითი დამლაგებლით დამთავრებული, ნებისმიერი კადრი მისი მითითებით ან მასთან აუცილებელი შეთანხმებით ინიშნება. მე საზოგადოებას გავაცნობ კონკრეტულ ფაქტს, რომელიც ხუნდაძის მიერ უფლებამოსულების გადაჭარბების დასტურია. კერძოდ, საუბარია ამა წლის 28 მარტს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ხუნდაძის ბრძანებით დაილუქა მცხეთის გამგებლის პირველი მოადგილის გიორგი გოგიძის კაბინეტი, ჩხრეკის ჩატარების მიზნით. როგორც გაირკვა, დიმიტრი ხუნდაძე ეძებდა რაღაც აპარატურას, რომლის საშუალებითაც მასზე და აპარატის სხვა თანამშრომლებზე ხორციელდებოდა თვალთვალი და მოსმენა. ის, რომ ეს ჯეიმსბონდური ტრილერი სასაცილო და სამარცხვინო ილუზიაა, განსაკუთრებით დეპუტატისთვის, საკამათო ნამდვილად არ არის, მაგრამ ცუდია ის, რომ ამ ქმედებით მართლდება მცხეთელთა და არა მხოლოდ მათი მოსაზრება, რომ რაიონი ჩააბარეს მაჟორიტარ დეპუტატს დიმიტრი ხუნდაძეს სრული მმართველობის უფლებით – ის არის დეპუტატიც, გამგებელიც, მოსამართლეც, პროკურორიც, პოლიციელიც და აღმასრუილებელიც. მოგეხსენებათ, დალუქვის უფლება არ აქვს არავის, გარდა ძალოვანი სტრუქტურებისა, მოსამართლის აუცილებელი ნებართვით", -განაცხადა გია კაჭარავამ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: