ალექსანდრე ჭიკაიძე:-"ჩვენ ქვეყანას აუცილებლად გამოაგდება გერმანიის ცოდნა და პრაქტიკა"
შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგასთან შეთანხმებას ხელი მოაწერა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრა გამართა გერმანელ კოლეგასთან - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ თომას დე მაიზირესთან. შეხვედრაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას "საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ".
აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, როგორიცაა: სიცოცხლის, სხეულისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ტერორიზმი, ნარკოტიკული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, ადამიანებით ვაჭრობა და უკანონო მიგრაცია, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კორუფცია, კიბერდანაშაული, ფულის გაყალბება, ფინანსური დანაშაულები და სხვა. ხსენებული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული კუთხით, კერძოდ: დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში მეკავშირე ოფიცრების წარგზავნა, სპეციალისტების წარგზავნა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და გამოცდილების გაზიარების მიზნით, კრიმინოლოგიური და საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის შედეგების გაზიარება.
შეხვედრის შემდეგ, შეთანხმების ხელმოწერა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მაიზირემ შეაფასა: "გერმანიის ფერედაციული მთავრობა, რომელსაც მე წარმოვადგენ და საქართველოს მთავრობა, რომელსაც წარმოადგენს ჩემი კოლეგა, ხელს აწერს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თავისუფლება და უსაფრთხოება ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თავისუფლების გარეშე არ არსებობს უსაფრთხოება და უსაფრთხოების გარეშე არ არსებობს თავისუფლება. დღესდღეობით უსაფრთხოების ორგანიზება არცერთ ქვეყანას მარტო არ შეუძლია და ამისათვის საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა. მე ვგულისხმობ უსაფრთხოებაში არამარტო კრიმინალთან ბრძოლას, არამედ ეს ეხება უსაფრთხოებას ძალიან ფართო გაგებით, გნებავთ ფრენის უსაფრთხოებას, გნებავთ საზღვრების უსაფრთხოებას, გნებავთ დოკუმენტების უსაფრთხოებას, გნებავთ დახმარებას პოლიციელთა თანამშრომლობაში. ჩვენი დღევანდელი შეთანხმების მიზანია საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობა ამ სფეროში კიდევ უფრო მაღალხარისხობრივ საფეხურზე ავიყვანოთ. დღევანდელ შეთანხმებას ხელი მოაწერეს მინისტრებმა. ეს მხოლოდ ხელმოწერაა, მაგრამ ხვალიდანვე უკვე დავიწყებთ ამ შეთანხმების განხორციელებაზე მუშაობას".
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას და საქართველოს შსს-სთვის გერმანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა: "მადლობას გადავუხდი ჩემს კოლეგას, გერმანიის მთავრობას. ეს არის ძალიან მიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს, ევროპასთან დაახლოებისთვის. გერმანია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რაც შეიძლება მრავალი ვისწავლოთ პრაქტიკაში, გამოცდილებაში. გერმანია ხდება სტრატეგიული თანამშრომელი ჩვენი ქვეყნის არა მარტო კრიმინალთან ბრძოლაში, უსაფრთხოებაში და სხვადასხვა იმ მნიშვნელოვან ასპექტებში, სადაც ჩვენ ქვეყანას აუცილებლად გამოაგდება გერმანიის ცოდნა და პრაქტიკა. მინდა მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო და ვუსურვო წარმატებები".