გიორგი ლილუაშვილი:-"ნარმანიას და მელიას შორის დებატებმა "ბაშიაჩუკის" ჭიდაობის მომენტი გამახსენა"
თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გუშინ გამართულ დებატებს მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი გამოეხმაურა:
-"ჯერ ერთი, ასეთი არადემოკრატიული და "ნაგლად" გაყაბებული არჩევნები "ნაციონალებსაც" კი არ ჩაუტარებიათ. "ნაციონალები" იმას მაინც ამბობდნენ- არ ვაყალბებთო, ხოლო "ოცნება" იმას გაჰკივის, "ნაციონალები" რომ აყალბებდნენ, ახლა ჩვენც უნდა გავაყალბოთო.
რაც შეეხება დებატებს. ნარმანიას და მელიას შორის დებატებმა ფილმი "ბაშიაჩუკის" ჭიდაობის მომენტი გამახსენა. ნარმანია ისე თავქუდმოგლეჯილი გავარდა ტატამიდან თვალიც ვერ შევავლეთ და მელიას მცდელობა, როგორმე განმეორებით მიეტყუებინა ნარმანია უშედეგოდ დამთავრდა. თუმცა რამოდენიმე საინტერესო მესიჯი ნამდვილად დატოვა ნარმანიამ თბილისელებისათვის, ჯერ ერთი, მისი ბუკლეტები უნდა ვიკითხოთ და შედარებები ვაკეთოთ "ოცნების" წინასაარჩევნო დანაპირებთან, მერე მეორე- მელიამ რომ გაიმარჯვოს, თურმე ცენტრალური ბიუჯეტი თბილისისათვის ჩაკეტილი იქნება და მშიერ მწყურვალს ამოგვხოცავენ თბილისელებს, თან სრულ სიბნელესა და განუკითხაობაში გვამყოფებენ. ნარმანიას, როგორც უმრავლესობის წარმომადგენელს მინდა მივმართო და მივუთითო- როდესაც ხელისუფლება აცხადებს იმას, რომ უმცირესობაში მყოფი ადამიანები გაცილებით მეტს აკეთებენ ავს თუ კარგს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დაიხუროს თავზე ქუდი და უპირობოდ უნდა წავიდეს.
რაც შეეხება საქმის კეთებას, საკუთარი ოფისების წინ ორმოები ვერ ამოუვსით და თბილისის აშენებას როგორ გვპირდებიან გასაკვირია. მაგალითისათვის აგერ დოლიძის "ოცნების" ოფისთან მიბრძანდით და ნახეთ ერთი სათლი ხრეში და ქვიშა ვერ დაუყრიათ მოასფალტებაზე რომ აღარაფერი ვთვათ, ზედა დოლიძე კი ისე გადათხარეს და მიატოვეს ომის შემდგომ სტალინგრადში არ იქნებოდა მასეთი ქუჩები. ეს მხოლოდ ერთ ქუჩაზე ხდება, რომ აღარაფერი ვთქვათ დანარჩენ თბილისზე.
მარტო იმის აპელირებას, რომ მელია "ნაციონალია" და ამიტომ ხმა არ უნდა მივცეთ, ეს აბსურდია, თავის დროზე ოცნების 99% ნაციონალები იყვნენ ან მათი გულშემატკივარი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც და თავად ნარმანიაც.
თბილისელებს კი თბილისურ ყარაჩოღულ სიბრძნეს შევახსენებ, "კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე".