არჩილ გამზარდია:-"ნარმანიას და მელიას არ ჰქონიათ სტრატეგია, რომ ერთმანეთის ან ნეიტრალურ ამომრჩეველზე ემუშავათ"
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს ეხმიანება და ამბობს:
-"ეს იყო დებატები დებატებისთვის, რიტუალი, რომელიც თავის მხრივ კარგია, რადგან ჩვენც, საზოგადოებაც უფრო მეტად გავიზრდებით, რათა მომავალში ვიცოდეთ, რა საკითხებზე გვჭირდება მეტად ფოკუსირება. როგორც აქტიორები, არც ნარმანია და არც მელია მაინცდამაინც საინტერესოდ არ გამოიყურებოდნენ. ერთი, შეიძლება ვთქვათ, რომ მელია შედარებით კონკრეტულ მესიჯებზე ცდილობდა ორიენტირებას, მაგრამ ის იყო ბევრად არააკადემიური. ზოგადად ასეთ შემთხვევებში შეიძლება იყოს ჩასაფრების პოლიტიკა, რადგან დებატებში საზოგადოების განწყობებზე თამაშობ, მაგრამ მეორე მხრივ, ამგვარი ჩასაფრებები კულტურებშია ჩაკეტილი და ჩვენთან ასეთი იქედნური დამოკიდებულებები, ცინიზმი მაინც და მაინც დადებითად არ ფასდება. მეორე, ნარმანია იყო უფრო აბსტრაქტული, ზოგად მესიჯებზე, რომანტიულ თემაზე ორიენტირებული, მაგრამ ის ბევრად უფრო აკადემიური მოჩანდა, თუმცა ზედმეტად იყო ჩაყენებული თავდაცვის პოზიციაში. ყველაზე მთავარი შეცდომა, რაც ორივე მათგანმა დაუშვა, არის ის, რომ მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველზე მუშაობდნენ. დებატების მთავარი პრონციპი არის ის, რომ ერთი მხრივ, განამტკიცო შენი ამომრჩეველი და მეორე მხრივ, დაიყოლიო სხვისი ამომრჩეველი. "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები კმაყოფილები დარჩებოდნენ მელიას გამოსვლით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები - ნარმანიას გამოსვლით. სტრატეგია, რომ ერთმანეთის ან ნეიტრალურ ამომრჩეველზე ემუშავათ, არ ჰქონიათ.
ჩვენ პოლიტიკურ აქცენტებზე გვაქვს ყურადღება გადატანილი. აქ იყო არა თბილისის მერობის კანდიდატების შეხვედრა, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების, ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებას რა პოზიციებიც ჰქონდა წინდაწინ ჩამოყალიბებული, იმავეზე დარჩება, მან უბრალოდ მიიღო შესაბამისი მასალა, რომ თავის თავთან ან გარშემომყოფებთან ამტკიცოს თავისი კანდიდატის უპირატესობა. სხვა მხრივ, ვეჭვობ, რაიმე ცვლილება ამ დებატებს მოჰყვეს".