უჩა ნანუაშვილი მედია-საშუალებებს მიმართავს
სახალხო დამცველი სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს, რომელიც ტელეკომპანია GDS-ის მიერ მომზადებული გადაცემა "ბინა 18"-ის ფარგლებში გავიდა, გამოეხმაურა და ყველა მედიასაშუალებას მოუწოდა, გაითვალისწინონ საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი და უთანასწორო მოპყრობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და ხელი შეუწყონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებაში ნულოვანი ტოლერანტობის ჩამოყალიბებას ქალთა შეურაცხმყოფელი კუთხით წარმოჩინების, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და შეწყვიტონ სექსიზმის ტირაჟირება.
უჩა ნანუაშვილმა განცხადება გაავრცელა.
"ქალის შეფასება მისი გარეგნული, ბიოლოგიური მახასიათებლებით, მისი ობიექტივიზაცია და "ნივთად წარმოჩენა" წარმოადგენს სექსიზმს, რომელსაც დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია ქალთა უფლებრივი მდგომარეობისათვის საქართველოში.
როდესაც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არსებული მიდგომების ცვლილებას და არა მათ განმტკიცებას, რაშიც განუზომელია მედია საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი.
ტელევიზია ინფორმაციის მთავარი და პირველადი წყაროა მოსახლეობის თითქმის ყველა ფენისთვის. შესაბამისად, მედია საშუალებების უზარმაზარი გავლენისა და როლის გათვალისწინებით საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის გავრცელების პროცესში, მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია არ იწვევდეს საზოგადოებაში სტერეოტიპების გაძლიერებას და არ შეიცავდეს ძალადობის წამახალისებელი და ქალის ობიექტივიზაციისაკენ მოწოდებებს. პირიქით, უკვე აშკარაა მედიის დიდი როლი ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში, და მნიშვნელოვანია მათი მხრიდან გამოყენებული იქნას ყველა საშუალება ამ პასუხისმგებლობის რეალური განხორციელებისათვის.
აუცილებელია, რომ მედია საშუალებებმა ხელი შეუწყონ ქალის როლის წარმოჩინებას მისი შემოქმედებითი პოტენციალის გათვალისწინებით. გამოხატონ პატივისცემა იმ საქმიანობისა და განუზომელი წვლილისათვის, რომელიც ქალებს შეაქვთ სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების საკითხში"- აცხადებს უჩა ნანუაშვილი.