ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა მე-5 სპორტულ თამაშებზე საქართველოდან 11 სპორტსმენი პოლიციელი გაემგზავრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა მე-5 სპორტულ თამაშებში იღებენ მონაწილეობას. ღონისძიების გახსნის ოფიციალური ცერემონია ბელგიის ქალაქ ბრიუსელში 12 ივლისს გაიმართა.
შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით, ქართველი სპორტსმენი პოლიციელები მონაწილეობას იღებენ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის ჩემპიონატში. ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა სპორტული თამაშები მეხუთედ იმართება და მასში მსოფლიოს 32 ქვეყნის პოლიციელები და მეხანძრეები მონაწილეობენ. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 სპორტსმენი პოლიციელი სპორტის 3 სახეობაში – ძიუდოში, ცურვასა და სირბილში მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველმა პოლიციელებმა 12 მედალი მოიპოვეს, მათგან 9 ოქროსი.
ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟოელ მილკეტმა პოლიციელთა და მეხანძრეთა მე-5 სპორტული თამაშები გახსნილად გამოაცხადა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სპორტსმენ პოლიციელებს წარმატება უსურვა. ბელგიელმა პოლიციელებმა გახსნის ცერემონიის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილი მონაწილეებისა და სტუმრებისთვის დამნაშავის დაკავების ინსცენირება მოაწყვეს.
ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა მე-5 სპორტული თამაშები 20 ივლისს დასრულდება.