აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის რეგიონის წარმომადგენელი თავდაცვის სამინისტროში
საქართველოში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის რეგიონის წარმომადგენელი, ჯონ მარკ პომერშეიმი იმყოფება.
დღეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი, აშშ-საქართველოს ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხებს შეეხო. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან საუბრისას ყურადღება საქართველოს დემოკრატიული განვითარების, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, ასევე, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს ჩართულობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილემ ამერიკელ სტუმრებთან საქართველოსთვის უელსის სამიტის მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.
მიხეილ დარჩიაშვილმა ჯონ მარკ პომერშეიმს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიქტორია ტეილორი, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ატაშე მეთიუ დიმიკი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.