სიკვდილის უღელტეხილი

სიკვდილის უღელტეხილი

ეს მეტად ტკივილიანი სტატია ჟურნალისტმა დავით ქობალიამ ექსკლუზიურად „ივერიონს“ გამოუგზავნა.

მიუხედავად კორექტულობას მოკლებული რამდენიმე ეპითეტისა, თემის აქტუალობიდან და პრესის თავისუფალი პრინციპებიდან გამომდინარე, ვბეჭდავთ უცვლელად. დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს.


სიკვდილის უღელტეხილი

(ეძღვნება, ქართულ-აფხაზურ ტრაგედიას შეწირულთა ნათელ ხსოვნას!)

 
„მართალი გითხრათ, 21 წლის შემდეგ, სურვილიც კი არ მაქვს გავიხსენო ის დღეები, რომლის მსგავსი მხოლოდ საშინელებათა ფილმებში თუ უნახავს ვინმეს. სამშვიდობოს გადმოსვლის მერე, თითქმის არავისთან მისაუბრია ამ თემაზე და არც ვაპირებდი, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენი რამ გავიგე, იმდენი რამ ვნახე ისეთი, რაც სასიკეთოს არაფერს უქადის ჩემს ხალხს და ჩემს სამშობლოს _ გადავწყვიტე სამარეში არ წავიღო ის, რაც საკუთარ თავს გადამხდა და საკუთარი თვალით ვიხილე.

ესეც რომ არა, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შემხედვარეს, გული კიდევ უფრო უარესს მიგრძნობს და ვიდრე ეს არ მომხდარა, იქნებ დააფიქროს ვინმე ჩემმა ნაამბობმა!

მართალია, დღემდე არავის მოუკლავს თავი ჩვენზე ფიქრით, მაგრამ აფხაზეთიდან გამორეკილებს, რაც უნდ აკომფორტი შეგვიქმნან, თუნდაც დედაქალაქში, იგი ჩვენთვის მაინც უცხოა და საკუთარი სახლ-კარის სიზმარში ხილვებს ვერ გაგვინელებს. ჩემი მეუღლეც ამაზე ფიქრს გადაყვა და უცხოობაში აღმოხდა სული.

სულ სხვაა ახალი თაობის ფსიქიკაზე თამაში და ზემოქმედება, რომელიც „ოდაბადე“ აფხაზეთის დატოვების შემდეგ, უცხოობაში იშვა და გაიზარდა. ძნელია მას მშობლების ნოსტალგიაზე ესაუბრო, როცა მათთვის ტრადიციული, ღირებული და ხელშეუხებელი მხოლოდ სადღეგრძელოებშია შემორჩენილი! სხვა მხრივ კი _ ჩვენი მთავრობის შემხედვარე _ ყველაფერი შეიძლება გაიყიდოს, გასხვისდეს, რასაც კი მატერიალური ღირებულება შეიძლება მიენიჭოს, თუნდაც ჩემი სამშობლო _ „ოდაბადე“ აფხაზეთი!...“

აღსარებასავით ჩამაბარა 70-ს მიტანებულმა ქალბატონმა, რომელმაც 21 წლის წინ ფეხით გამოიარა სოხუმიდან-ბეჩომდე „სიკვდილის უღელტეხილი“_ ედუარდ შევარდნაძემ, აფხაზეთის ომის საგანგებო ფინალად რომ მოუმზადა მტრისთვის მოღალატურად ჩაბარებულ, სოხუმში გამომწყვდეულ, ათი ათასობით მშვიდობიან მოსახლეობას.

“...გზაში ახალგაზრდა ქალს წამოვეწიეთ. ერთი შეხედვით ჯანმრთელად გამოიყურებოდა. კარგა ხანს ვიარეთ ერთად. შევამჩნიე, წამდაუწუმ უკან მოიხედავდა _ ბაბაა, ბაბაა, ბაბააა! გასძახებდა სიკვდილის ხეობის გავლილ ნაწილს და ისე აგრძელებდა გზას, არავის გასაუბრებია. ჯოჯოხეთის აღმართს აყოლილებს სხვისი დაკვირვების თავი სად გვქონდა, მაგრამ მისი _ საშუალო სიმაღლის, ოდნავ ჩაფსკვნილი ტანი, სანახევროდ შიშველი, დახეული წინდების და ოთახის ფაჩუჩების ამარა ფეხები დღესაც თვალწინ მიდგას!

შესაღამოვდა. გზად ცხენზე ამხედრებული მოხუცები გვხვდებოდნენ _ ერთადერთი ხმის გამცემები _ მაგრამ არა ყოველთვის იმედის მომცემნი. სწორედ ერთ-ერთი მათგანისგან შევიტყვეთ _ თურმე, დიდი ხნის წინ, ეს გზა, სპეციალურად ჩვენთვის გაუყვანიათ!..

... თითქმის 21 წელი მიილია მას შემდეგ და დღემდე არ მასვენებს კითხვა _ ვინ და როდის შეუკვეთა ჩვენს საწამებლად ეს სიკვდილის გზა?!.

მთაში მალე იცის ბინდმა ჩამოწოლა და მოხუცმა მხედრებმა გვირჩიეს _ ხეობის მოსახვევთან ფოთლოვანი შემოგხვდებათ, ეცადეთ იქ გაათენოთ ღამე, ხრიოკზე ვერ გაძლებთ, ამაღამ მოყინავს და ქარი დაუბერავსო!

ქანცგამოლეულებმა მივაღწიეთ ფოთლოვანს. ვისაც ჯერ კიდევ ხელ-ფეხის განძრევა შეეძლო, ფიჩხები მოაგროვეს და ცეცხლი დაანთეს. მე ვერ ვეხმარებოდი მათ. გზად სამჯერ დამიცურდა ქვებზე ფეხი და წავიქეცი, მატყობდნენ მიჭირდა და არც არავის უსაყვედურია ამის გამო.

...კიდევ ერთი სიკვდილის ღამე გავათენეთ მბჟუტავი ცეცხლის გარშემო. შიმშილის, დაღლილობის და სიცივისგან გათოშილები ჩუმად ვათვალიერებდით ერთმანეთს _ წუხელის ვინმე ხომ არ გამოგვაკლდაო!..

გვეგონა მშვიდობიანი ღამე გაგვითენდა, მაგრამ ასე არ ყოფილა თურმე... ერთი საათის სიარულის შემდეგ კარგად ინათა ხეობაში. ქალების ერთი ჯგუფი დაწინაურდა. მეც შორიახლოს მივყვებოდი. ამ დროს საშინელმა კივილმა შეაზანზარა, დილაუთენია, მკვდარი ხეობა. კივილი რამდენჯერმე განმეორდა. ხმა მეცნო და ტანში დამზარა.

არ შევმცდარვარ _ ჩემი სოხუმელი მეზობელი, ქალბატონი ჟენია ჭირისუფლობდა გუშინ დილას გაცნობილ, მთელი დღე ჩვენთან ერთად მიმავალ, ნახევრად ფეხშიშველ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც თურმე ბაბაა, ბაბააას! ძახილში აღმოხდა სული... გაყინულიყო, გზაში დაკარგული მამის ძებნაში.

...მოგვიანებით იხსენებდნენ ჩემი თანამგზავრები _ ცეცხლთან მთვლემარეებს, მთელი ღამე გვესმოდაო, სიკვდილის ხეობაში ჩავარდნილი, ქარის მოტანილი ექო:

ბაბააა, ბაბააა, ბაბააა!

უფალი მოგვიტევებს _ ვერ ვუჭირისუფლეთ ბოლომდე, დაკარგული მამის ძებნაში სულამომხდარ, გაყინულ ქალიშვილს და ზეწარწაფარებული დავტოვეთ, რადგან ახალი დილის მოლოდინში, ყოველი ჩვენგანი, საკუთარ თავს ხედავდა სულგანათლებულში!

ანაკლიაში, ზღვის ნაპირას დავიბადე. მთა, ჩემთვის საოცნებო ეგზოტიკა იყო ყოველთვის და ჯოჯოხეთად კი წარმომიდგა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, უამრავი სულამომხდარის და სულთმობრძავის სანახაობა გახდებოდა იგი, ჩემი პირველი სტუმრობისთანავე!..

ბეჩოს ხეობას მიუძღვნეს თავიანთი ახალგაზრდობა ჩემმა მშობლებმა, დღესაც რომ დიდი სიყვარულით იგონებენ ადგილობრივი სვანები.

...ის დილა, ყველაზე საზარელი აღმოჩნდა სიკვდილის ხეობაში. ის იყო, კიდევ ერთ მოსახვევს გავცდით, საცალფეხო ბილიკზე კაცს რომ გვერდს ვერ აუვლიდი  _ მოხუც ცოლ-ქმარს წავადექით თავზე. ქანცგალეულები ერთმანეთს ვერ წევდნენ. ერთი რომ წამოდგებოდა, მეორე ჩაიმუხლებდა...

იქვე შორიახლოს ორი ახალგაზრდა ჩამომჯდარიყო ქვაზე. ერთ მათგანს მიტკლისფერი ედო სახეზე, არც მეორე ჩანდა მთლად ჯანმრთელი. აქეთ მოხუცები ითხოვდნენ შველას... ამის შემხედვარე, ღონემიხდილმა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც, ეტყობოდა, ძმის თუ მეგობრის ტარება არ შეეძლო, მორიდებით ჩაილაპარაკა _ დიაბეტიანია, ვერ მოძრაობსო!..

...ამასობაში, ვიღაცამ შეშინებულმა წამოიძახა: შეხედეთ, შეხედეთო! და ყველა მოხუცებისკენ მიგვაბრუნა – ორივეს ჩაემუხლა, თავები ერთმანეთისთვის მიედოთ, კლდეს მიყრდნობოდნენ და ასე, ჩვენს თვალწინ მიაბარეს უფალს გატანჯული სული!..

ღმერთო ჩემო, ჩვენთვის ბოლო წუთამდე არავის უთქვამს სოხუმი დაეცა და თავს უშველეთო!..

რომ არა, ისევ ჩემი აფხაზი მეზობლის ქალი, რომელსაც მშვიდობიანობის დროსაც არ ვეხატეთ მაინცდამაინც გულზე, არ ვიცი რა მოხდებოდა... გაკვირვებული შემოვიდა ეზოში და თითქოს შემოგვჩივლა _ „რას ელოდებით, სოხუმი დაეცა, თქვენები გარბიან, ქალაქს ტოვებენ, მალე ბოევიკები შემოვლენ ჩვენს ქუჩაზე და თავს უშველეთ, მე ვერაფრით დაგეხმარებითო“.

...ჩვენი პატრონი რომ არავინ იყო სოხუმში, დიდი ხანია კარგად ვიცოდით. ჩვენი მთავრობის იმედად მე და ჩემი მეზობლები ვერაფერს გავიგებდით და ვინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ჩვენი საქმე!.. თუმცა, ჩვენს დღევანდელ ყოფნას, იქნებ საკუთარ სახლში სიკვდილი სჯობდა, მაგრამ ეს უფლის ნებაა და ამაში მე ვერ ჩავერევი!..

გავოგნდი, ეს ქალი იმ მცირეთაგან ერთ-ერთი იყო, რომელიც მუდამ მტრად მიმაჩნდა და ახლა, ჩემს გასაკვირად ჩემზე ზრუნავს!.. მაშინვე გავიფიქრე _ ეტყობა ბოლო მოემენტში მაინც გაიღვიძა-მეთქი მასში ადამიანმა, ბოლო მომენტში მაინც არ ვეთმობით გასაწირად და სასიკვდილოდ...”

...ამ დროს, საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სოხუმი კარგა ხნის დატოვებული აქვს, თბილისის ტელევიზია კი საზარელ ხმებს ავრცელებს:

„სოხუმის მოსახლეობას ზვიადისტებმა სამეგრელოსკენ გადასასვლელი გზა გადაუკეტეს და დალის ხეობას გაუდგნენო დევნილები!..“

სიტყვა „ლტოლვილი“ მაშინ არ იყო ფეხმოკიდებული. ის კი არა, გარკვევით არც არავინ იცოდა, რა ხდებოდა მათ თავს და მათ გარშემო!..

დიდი ხნის მერე გავიგეთ_ ნუ იკითხავთ და ყველაფერი იცოდა ერთმა კაცმა, რაც ჩვენს გარშემო და ჩვენს თავს ხდებოდა. და, ეს ერთი კაცი _ ედუარდ შევარდნაძე იყო, რომელმაც თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას ანაცვალა აფხაზეთიც და მის მიწაზე მცხოვრები ათი ათასობით ქართველი თუ არაქართველი.

...როდესაც, 95 წლის წინ, მსგავსი მდგომარეობა დაუდგა სამხრეთ ტიროლელებს, დუჩე მუსოლინის იტალიელ ფაშისტთა ურდოს შემოსევისას, მათ ჰიტლერ-მუსოლინის საიდუმლო გარიგება იცავდა _ „ჰიტლერის თანადგომის სანაცვლოდ, სამხრეთ ტიროლს იტალია წაიღებდა, მაგრამ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ფიზიკურად არ უნდა შეხებოდნენ!“

ათეულობით ბანკი მუშაობდა სამხრეთ ტიროლელების ეზო-კარის  გამოსასყიდად და ადგილობრივი მოსახლეობის გასასახლებლად. ვინც წინააღმდეგი წავიდოდა, მას საგანგებო ულტიმატუმს უყენებდნენ, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, მოქალაქეობის და სახელმწიფო ენის შეცვლას არ სცილდებოდა; მხოლოდ განსაკუთებით „გაჯიუტებულებს“ თუ მოუწიათ საპყრობილეებში ყოფნა, ან სამხრეთ იტალიაში _ სიცილიაში გადასახლება!..

სამხრეთ ტიროლის ძველი თარგით, მაგრამ განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედებდა შევარდნაძე, რადგან _ იტალია-ავსტრიული, მუსოლინი-ჰიტლერის მოდელის ფინალი ვერ მოერგო ქართულ სინამდვილეს და იგი იძულებული გახდა მთელი სისასტიკით ემოქმედა, რომ შედეგი განსაკუთრებით ტრაგიკული და მძიმე ყოფილიყო, რასაც თავისი მიზეზი და საფუძველი ჰქონდა...

ბოლომდე ვერ იმუშავა შუაგული ევროპის 95 წლის წინანდელმა მოდელმა, ევრაზიის გზაგასაყარზე, რამდენიმე მიზეზის გამო:

1. მუსოლინი და ჰიტლერი _ გასული საუკუნის დასაწყისში ახალი იდეით მოდიოდნენ მსოფლიოს წინაშე, რომელსაც ფაშიზმი ერქვა და დასაწყისში მისი სახე მიმზიდველი და საინტერესოც კი ჩანდა.

2. შევარდნაძე _ კაშკაშა ბოლშევიკი _ გერმანიის გამაერთიანებელი გმირის სახელს ამოფარებული დაუბრუნდა საქართველოს! იმ დროს, მოვლენათა სიმრავლის გამო თავბრუდახვეულთათვის, ძნელი იყო რეალობებში გარკვევა, თორემ დიდი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო _ ე.წ. „გერმანიის გამაერთიანებელი“ შევარდნაძისთვის (მაშინ აფხაზეთის პრობლემა არ არსებობდა!), კომუნისტების მიერ, ცხინვალში ხელოვნურად მოწყობილი არეულობის მოგვარება რთული საქმე არ უნდა ყოფილიყო, რომელიც თავის მემკვიდრეს _ „მიშა-შეურაცხადს“ დაუტოვა საქართველოს მორიგი დაქცევის საშუალებად!.. და, მან აღასრულა კიდეც „ღირსეული მამის დანაბარები!“

3. შევარდნაძე მოსკოვს გამოერიდა, სადაც მას, ე.წ. „ელცინის რევოლუციის“ შემდეგ არ დაედგომებოდა და საქართველოში იქნა მოვლინებული, საგანგებო დავალებით _ გაენადგურებინა ქართული ეროვნული მოძრაობა, რომელიც ნელ-ნელა კავკასიის განმათავისფლებელ მოძრაობაში გადადიოდა და უფრო მეტ მასშტაბებს იძენდა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა.

შევარდნაძეს მრავლად ჰყავდა საქართველოში ეროვნულ მოძრაობაზე განაწყენებული მხარდამჭერები, რომლებსაც ძირითადად კომუნისტი ფუნქციონერები და მათი სამჭედლო _ კომკავშირი წარმოადგენდა, სულ ცოტა რომ დააკლდათ სახელმწიფო მმართველობაში მოსასვლელად და ამ კრიტიკულ მომენტში, მათი დამსხვრეული ოცნების ახდენის ერთადერთი იმედი შევარდნაძე იყო!

რასაკვირველია, ამ ფონზე „შევარდნაძე-უხსენებელს“ თანამდგომნი არ მოკლებია, მაგრამ, მათ რიგებში, მთავარ მედროშეებად კრიმინალური სამყაროს და მათი ლიდერების გამოჩენა აღმოჩნდა მოულოდნელი, რაც მის სახეს და მიზნებს აშკარას ხდიდა. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისათვის, საყოველთაო პროტესტი გამოეხატა სამთავრობო კრიმინალისათვის, რომელიც ქვეყანას ანგრევდა. გვიან მივხვდით, კრიმინალისკენ მიდრეკილი საზოგადოება სიჩუმეს არჩევდა იმ იმედით _ იქნებ თვითონაც გამოეკრა ხელი იმისთვის, რასაც არ იმსახურებდა!

მოკლედ რომ ვთქვათ _ თვით ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი იყო კრიმინალი!

სამწუხაროდ, იგი დღემდე ასეთად რჩება, რადგან  _ არასოდეს აუმაღლებია ხმა იმ მეზობლის, ნაცნობის, მეგობრის, ნათესავის და ოჯახის წევრის მიმართ, ქვეყნის და ხალხის ძარცვით მოხვეჭილი ქონებით რომ დიდკაცობენ!

პირველი „წარმატების“ _ ეროვნული მთავრობის დამხობის შემდეგ, საქმე ისე არ წავიდა, როგორც ამას მოსკოვიდან გეგმავდნენ და შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ მისი კორექტირება თბილისში გაგრძელდა.

თბილისის აოხრების შემდეგ, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაძლევად ჩატარებული მრავალი ღონისძიება, სამეგრელოს მრავალგზისი დარბევა, კრახით დამთავრდა. და ბოლოს, აფხაზეთის ომი დარჩა ერთადერთ „იმედად“, ეს მომენტი არ უნდა გაეშვათ ხელიდან შევარდნაძე-უხსენებელს და მის ბანდებს, რაც მათ შეიძლეს კიდეც:

_ომი თვითმიზანი, ომი საკუთარი თავის და კრიმინალი გარემოცვის გადასარჩენად!..

წასაგებად დაწყებული ომი!

...სწორედ ეს აიძულებდა შევარდნაძეს გაუგონრად სასტიკი ყოფილიყო ომში დამარცხებული მოსახლეობის მიმართ, სწორედ ამის გამო ეწეოდა თბილისის ტელევიზია, რადიო, პრესა და ყველა საინფორმაციო საშუალება აგიტაციას, რომ _ „სოხუმის დაცემისთანავე, ზვიადისტებმა სამეგრელოში გადმოსასვლელი გზა გადაკეტეს და დევნილები იძულებული არიან დალის ხეობით გააღწიონ სამშვიდობოსო!“

ყველაფერი იქითკენ იყო მიმართული _ მოსახლეობის დიდი ნაწილი, 100 ათასზე მეტი ადამიანი ამ ჯოჯოხეთის გზისკენ გაეგზავნათ, რაც გაუგონარ კატასტროფას გამოიწვევდა!

ყველას კარგად გვახსოვს, ამ გზამ ოცი ათასი ადამიანი ძლივს გაატარა, ასი ათასის შემთხვევაში, ნახევარზე მეტი გზაში უნდა დახოცილიყო.  საბოლოოდ კი, ეროვნულ მოძრაობას და სამეგრელოს დაბრალდებოდა ეს ტრაგედია.

ამ გზით, საქართველოს თავზე ღვთის რისხვად მოვლენილი, გარეწარი შევარდნაძე, ზვიად გამსახურდიას და ქვეყნის ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის მებრძოლ ძალებს ჩამოიცილებდა!..

ყველაფერი ეს, იმავე მოსახლეობის ხელით უნდა მომხდარიყო, რომელიც სიცოცხლის ბოლო დღემდე, გვერდში ედგა ქართულ ეროვნულ მოძრაობას და მის  ლიდერს!..

დავით ქობალია

 

P.S.  ...21 წლის წინ „შევარდნაძე-უხსენებელმა“ დალის ხეობისკენ ფეხ და ტანშიშველი ხალხის გარეკვით მიზანს რომ ვერ მიაღწია, კიდევ უფრო საზარელი გეგმა ჩაიფიქრა _ სიკვდილის უღელტეხილზე მიმავალ (მათ შორის 80%-ზე მეტ, მეგრულ ენაზე მოსაუბრე), შიმშილისა და სიცივისგან სიკვდილისთვის განწირულ ხალხს, სვანურად მოლაპარაკე ყაჩაღები დაახვედრა.

გამაოგნებელი ამბავი ჩამოვიდა სამეგრელოში _ „სიკვდილის გზაზე მიმავალ მოსახლეობას სვანები ძარცვავენო!“

სულ ცოტა ხანს გაგრძელდა სატანის მიერ დათესილი პანიკა _ სამეგრელო და სვანეთი დროზე მიუხვდა „უხსენებელს“, რომ ყველაფერი სამეგრელო-სვანეთის ერთმანეთთან წასაკიდებლად მზადდებოდა და ხალხმა უხუცესებს უხმო!..

შედეგმაც არ დააყოვნა _ „შევარდნაძე-უხსენებლის“ სვანეთ-სამეგრელოს წაკიდების გეგმა ისევე ჩაიშალა, როგორც ასი ათასი მშვიდობიანი, უმწეო, ფეხშიშველი მოსახლეობის გარეკვა დალის ხეობისკენ, სადაც მათ, გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ!

კიდევ ერთი P.S.-ი ...სამწუხაროდ, 21 წლის შემდეგაც _ „ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ დღეებში“, არავის უხსენებია მთავარი დამნაშავე „შევარდნაძე-უხსენებელი“!

უფრო მეტიც _ იგი არაერთხელ, ბატონი ჟიულის ჭირისუფალთა რანგში ახსენეს, რაც, არა მარტო იუბილარის, 1991-1993 წლების მსხვერპლთა შეურაცხყოფაა და მას უფალი არ გვაპატიებს!

...ამ დღეებში,თავზარდამცემი ინტერვიუ გამოქვეყნდა „ასავალ-დასავალში“ სათაურით:

„ჟიული შარტავამ რაციით დაურეკა ლოთის და უთხრა _ ლოთი, შევარდნაძემ გაგვყიდა, მე აქ მომკლავენ, უკვე მხედრიონელები ამოდიან, შენს ბიჭებს უშველე!“

...სად არის სამართალი _ ჟიული შარტავასთან ერთად მოკლული მამია ალასანიას შვილი კი ედუარდ-უხსენებელს „მხედრული დიდებით“ უწყობს გასვენებას!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: