ვინ აჩქარდა-პრეზიდენტი თუ შსს?
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა და მომხდარი მკვლელობად შეაფასა.
-"დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს, მე მინდა, ბატონი ეროსის ოჯახს, მის ახლობლებს მივუსამძიმრო ეს ტრაგიკული ფაქტი. აუცილებლად, უსწრაფესად უნდა მოხდეს გამოძიება, ბუნებრივია, ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს და პირველ რიგში, მე ვიზიარებ ბატონი ეროსის ოჯახის მწუხარებას"-განაცხადა პრეზიდენტმა.
კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე შს სამინისტრომ საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღძრა, რამაც საზოგადოებაში უნდობლობა გამოიწვია, რადგან კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ბევრს არ სჯერა.
პრეზიდენტის და შს სამინისტროს განცხადებებს გამოხმაურებებიც მოჰყვა.
თვითმკვლელობის ვერსია ნაკლებად დამაჯერებელი აღმოჩნდა ვალერი გელბახიანისთვისაც.
-"მოგეხსენებათ, ამ ბოლო დროს რამდენიმე სასამართლო პროცესში იყო ჩართული და ჰქოდნა საკმაოდ დიდი სადაო თანხა ერთ-ერთ ორგანიზაციასთან. შესაძლოა, ყოფილიყო დავა, მაგრამ მკვლელობის მიზეზი ეს არ შეიძლებოდა გამხდარიყო. მას ფინანსური პრობლემები არ გააჩნდა, ეს საარჩევნო შტაბმაც იცოდა და მოსახლეობამაც, გაწერილი ჰქონდა ხარჯები, სხვის იმედზე არასდროს ყოფილა, საკუთარი სახსრებით მონაწილეობდა არჩევნებში, რაც უიშვიათეს შემთხვევას წარმოადგენს. ამიტომ, ამ მოტივსაც და საფუძველსაც გამოვრიცხავ. გამოძიებამ ვფიქრობ, ყველა ვერსია უნდა შეამოწმოს მაინც. ვფიქრობ, ოფიციალური ვერსია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ძალიან ნაჩქარევი იყო და თავიდანვე ჩნდება საეჭვო კითხვები, რომ რაში სჭირდება ხელისუფლებას თავიდანვე საქმის მიჩქმალვა"-განაცხადა გელბახიანმა.
პრეზიდენტის განცხადებას კი ადვოკატი გიორგი ონიანი სოციალური ქსელით გამოეხმაურა: -"პრეზიდენტი დაიცავით ამ განცხადების მერე ,,რამე უბედურებას არ გადაეყაროს"-წერს ონიანი.
კიწმარიშვილის თვითმკვლელობა წარმოუდგენლად მიაჩნია თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელს კახა ბენდუქიძეს, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
- "ეროსი კიწმარიშვილი გავიცანი 2004 წლის თებერვალში, მოსკოვში. ოფიციალური ქართული დელეგაციის წევრი იყო. ამის შემდეგ რამდენჯერმე ვიკამათეთ, რამდენჯერმე ვიჩხუბეთ მაგრად, რამდენჯერმე ვითანამშრომლეთ. არ იყო იოლი და მარტივი ადამიანი. იოლი და მარტივი ადამიანები წარმატებას ვერ აღწევენ. ღმერთი შეუნდობს, რაც შესანდობია. თავის მოკვლას არა, ვინაიდან თავი არ მოუკლავს. როგორ უნდა წარმოიდგინო ეროსის თავი რომ მოეკლა?!"
კიწმარიშვილის გარდაცვალებას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება და ისიც გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას.
-"ვინც ეროსის იცნობს ან იცნობდა ვერასოდეს დაიჯერებს თვითმკვლელობის ვერსიას. ძალიან საეჭვოა!...მახოვს ერთ ერთი მთავარი პრობლემა ზურაბ ჟვანიას საქმეზე პრესკონფერენციაზე ნაჩქარევად გაკეთებული განცხადება (მისი გაზით მოწამვლის შესახებ ) იყო, ამჯერად მაინტერესებს. მომხდარიდან 5 წუთში როგორ გაირკვა რომ თავი მოიკლა? ამ მუხლით რატომ აღიძრა საქმე?"-წერს ჟორჟოლიანი.
რა იყო ეს-მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ამას ალბათ გამოძიება დაადგენს, თუ რა თქმა უნდა როგორც სხვა საქმეები კიწმარიშვილის გარდაცვალებაც ახალი საქმით არ გადაიფარა და საზოგადოებაში უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს ახალი კითხვებიც არ მიემატა, თუმცა, სულ რომ თავდაყირა დავაყენოთ ბოლო წლების მოვლენები, ვერსად მივაგნებთ ბოლომდე მიყვანილ საქმეს, ვერ ვნახავთ თემას, რომელიც სხვა თემით არ იქნა გადაფარული- ჯიხადის ვიდეოკადრებიდან დაწყებული ზურაბ ჟვანიას მკვლელობით გაგრძელებული და ვანო მერაბიშვილის გაყვანა-არ გაყვანით დასრულებული.