გულიკო ზუმბაძე:-"ჩვენ ვიზარალეთ, მაგრამ ამ მოქალაქეებს ნამდვილად შეუმსუბუქდებათ მდგომარეობა"
საკრებულოს დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც საკრებულო მუშაობას დაიწყებს, თბილისელთათვის ელექტროენერგიაზე მიბმული დასუფთავების გადასახადის დავალიანების ჩამოჭრა იქნება.
-"ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა გააუქმა, მაგრამ მოქალაქეებს ეს ვალი დარჩათ და დღემდე მოყვებათ. ვაპირებთ, რომ საკრებულომ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ ხალხს ეს გადასახადი გაუნულდეს. ამ ფულს ბიუჯეტი ვერ მიიღებს, ჩვენ ვიზარალეთ, მაგრამ ამ მოქალაქეებს ნამდვილად შეუმსუბუქდებათ მდგომარეობა. დღეს საკრებულოში ძალიან ჯანსაღი ვითარებაა, შიდაპარტიული, შიდაკოალიციური განხილვები ძალიან სერიოზული თემაა, რაც არასდროს მომხდარა აქ და ველოდები, რომ მოსაზრებების ურთიერთგაზიერების საფუძველზე, ოპონენტების მოსაზრებების განხილვისა და ჩამოყალიბების საფუძველზე მოხდება გადაწყვეტილებების მიღება. ძალიან საინტერესო ურთიერთობა შემოგვთავაზა დავით ნარმანიამ, რომელმაც თქვა, რომ საკრებულოში თავისი წარმომადგენელი ეყოლება. ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია, რისი დეფიციტიც დღემდე იყო და არ იქნება ის ვაკუუმი, რომელიც არსებობდა მერიასა და საკრებულოს შორის"-განაცხადა ზუმბაძემ
მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ რეგლამენტს სავარაუდოდ, 18 ივლისს დაამტკიცებენ, 19 ივლისს კი კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევენ. შეიქმნება 11 კომისია და დეპუტატები თავად განსაზღვრავენ, რომელ მათგანში სურთ მუშაობა. შეიქმნება ახალი, შიდა აუდიტის სამსახური, რომლის თავმჯდომარის კანდიდატურას საკრებულოს თავმჯდომარე აყენებს და ის საკრებულოს წინაშე იქნება ვალდებული.