"ეროსის უნდოდა შექმნილიყო ფონდი და ამ თანხით რუსთავში სოციალური საკითხები მოგვეგვარებინა"
ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის არ სჯერათ რუსთავის მერობის ყოფილ კანდიდატებს ივანე (ნუკრი) შათირიშვილს და ალექსანდრე ბერიძეს. მათი თქმით კაცი, რომელსაც სამომავლო გეგმები ჰქონდა დაწყობილი და კიდევ უამრავი ახალი პროექტის განხორციელებას აპირებდა, თავს არ მოიკლავდა.
-"მას სულ ეჩქარებოდა, სულ უნდოდა, დროისთვის გაესწრო. ბოლო შეხვედრაზე თქვა ასეთი რამ: შევიკრიბოთ და გავაკეთოთ საკონსულტაციო ჯგუფი და საწარმოებს (რომლებსაც მე ახლა არ დავასახელებ) 5-5 მილიონი გადმოვარიცხინოთო. უნდოდა, შექმნილიყო ფონდი და ამ თანხით ქალაქში სოციალური საკითხები მოგვეგვარებინა. ასეთი თანამშრომლობა არის, როდესაც ბიზნესი თანამშრომლობს სხვადასხვა სტრუქტურასთან და სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობს. ეს იყო იდეის დონეზე, დეტალები არ განგვიხილავს. მე შევშინდი კიდეც ამ იდეით, ფონდის გახსნის აუცილებლობა ამ ეტაპზე ვერ დავინახე", - განაცხადა შათირიშვილმა.
ალექსანდრე ბერიძის თქმით კი მეორე ტურის შემდეგ იყო გარკვეული პაუზა, თუმცა კონსულტაციების გაგრძელებას გეგმავდნენ
-"გვქონდა გარკვეული პაუზა, თუმცა ვფიქრობდით, რომ კონსულტაციები გაგვეგრძელებინა და იგივე რეჟიმში გაგვეკეთებინა ის, რისი საშუალებაც გვქონდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქალაქი გამოგვეცოცხლებინა".
კანდიდატების განცხადებით აუცილებელია საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და გამოძიებამ დროულად დადოს შედეგები.