"მოქალაქე" განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელიც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩხეტიანი გაასაჯაროა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ
"13 ივლისს, ერთ-ერთ ტელეარხზე მიწვეულმა ცნობილმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა საუბრისას განაცხადა: ,,ივანიშვილმა ცუდად იცის, რა არის დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება". სამწუხაროდ, გადაცემის წამყვანს არ გაუჩნდა პროფესიონალისათვის შესაფერისი ან თუნდაც ლოგიკური სურვილი, სტუმრისათვის ეთხოვა, განემარტა თავისი დასკვნა და დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა იგი დემოკრატიის ,,ცუდად ცოდნაში". თავისთავად მისასალმებელია, რომ დღეს, უკვე თავისუფალ მედიაგარემოში იწყება საუბრები დემოკრატიის რაობაზე, რადგან სწორედ ამგვარი თემების პოპულარიზაცია და საზოგადოებრივი განხილვა მიაჩნია ორგანიზაცია ,,მოქალაქეს" დემოკრატიის გამყარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად.ამასთან, არ შეიძლება კიდევ ერთხელ ყურადღება არ გავამახვილოთ ზოგიერთ ფაქტორზე, რომელიც ხელს უშლის დემოკრატიის დამკვიდრებას, - ეს არის ზედაპირულობა და არაპროფესიონალიზმი, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მსჯელობისას. სამწუხაროდ, ამ ეთერში ჩვენ ორივეს მოწმენი გავხდით: გაკეთდა ზედაპირული განცხადება და მას არ მოჰყვა ის რეაგირება, რომელსაც ითხოვს დაინტერესებული აუდიტორიის წინაშე პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი.ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება და ყოველმხრივ მხარს უჭერს დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თემაზე მედიაში ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყებას და მოუწოდებს ამ დისკუსიაში ჩართულ ჟურნალისტებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს, გაითვალისწინონ ახლო წარსულის მწარე გამოცდილება, როდესაც ხელისუფლების, მედიისა და საექსპერტო წრეების მხრიდან ტირაჟირებულმა ზედაპირულმა, ხშირ შემთხვევაში კი მიზანმიმართულად დამახინჯებულმა განცხადებებმა თუ კომენტარებმა საზოგადოებას შეუქმნა შესაბამისად დამახინჯებული წარმოდგენა, მათ შორის, დემოკრატიის არსსა და მის რაობაზე. გამოვთქვამთ რწმენას, რომ პოლიტიკური სპექტრი, მედია და არასამთავრობო სექტორი მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენს და განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებების საზოგადოებამდე სწორად, სიღრმისეულად და კვალიფიციურად მიტანის საკითხს. ამ მხრივ, განსაკუთრებული და განუზომლად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მედიას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტების პროფესიონალიზმს, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში რეალური დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბებაში, მისი ქმედუნარიანობის მუდმივ მონიტორინგსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში. ეს აუცილებლად გააძლიერებს ჩვენს საზოგადოებას.ჩვენ განგებ ავარიდეთ თავი კონკრეტული პერსონების დასახელებას, რათა არ მივცეთ საშუალება დაინტერესებულ ძალებს დამახინჯებული ინტერპრეტაცია მისცენ აღნიშნულ თემას"